მთავარი
ლექსიკონი
ალტერნატიული დანახარჯი

ალტერნატიული დანახარჯი

რა არის ალტერნატიული დანახარჯი?

ალტერნატიული დანახარჯი წარმოადგენს ეკონომიკის ფუნდამენტურ კონცეფციას და აღნიშნავს მოგების ოდენობას, რომლის მიღების შანსსაც ხელიდან გაუშვებთ გადაწყვეტილების მიღების შედეგად. ალტერნატიული დანახარჯის კონცეფცია გამოიყენება სხვადასხვა დონეებზე, დაწყებული ინდივიდებით, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი დროის გამოყენებასთან დაკავშირებით და დამთავრებული სტრატეგიული ბიზნეს-გადაწყვეტილებებით.

როგორ გამოიყენება ალტერნატიული დანახარჯი?

ალტერნატიული დანახარჯის გამოთვლის და გამოყენების პროცესი მოიცავს რამდენიმე ძირითად საფეხურს:

1. ალტერნატიული ვარიანტების განსაზღვრა. გადაწყვეტილების ხარისხი დამოკიდებულია მისი ალტერნატივების ღირებულებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია განსაზღვროთ და შეაფასოთ არსებული ვარიანტები. შეგიძლიათ ასევე გაითვალისწინოთ ნაკლებად მატერიალური ალტერნატიული ვარიანტები, მაგალითად პერსონალურ ჯანმრთელობაში ინვესტირება.
2. პოტენციური სარგებლის განსაზღვრა. მომდევნო საფეხურია თითოეული ალტერნატიული ვარიანტის პოტენციური სარგებლის განსაზღვრა. უნდა აღვნიშნოთ, რომ შეფასება არ გულისხმობს მხოლოდ პირდაპირი სარგებლის ან ხარჯების გათვალისწინებას. ეს ასევე მოიცავს არამატერიალური ფაქტორების შეფასებას, როგორიცაა დრო, კმაყოფილების დონე ან სოციალური ზეგავლენა. 
3. უპირატესობების შედარება. ყველა ხელმისაწვდომი ვარიანტიდან აირჩიეთ საუკეთესო ალტერნატივა და შეადარეთ მისი სარგებელი თქვენ მიერ შერჩეული ვარიანტის სარგებელს. 
4. შედეგის შეფასება. შეაფასეთ, აღემატება თუ არა საუკეთესო ალტერნატივით მიღებული სარგებელი თქვენ მიერ არჩეული ვარიანტით მიღებულ სარგებელს. თუ აღემატება, სასურველია არჩევანი გააკეთოთ საუკეთესო ალტერნატივაზე. სხვა შემთხვევაში უმჯობესია არ შეცვალოთ თავდაპირველი არჩევანი.

ალტერნატიული დანახარჯი ვაჭრობის დროს

ვაჭრობის სფეროში, ალტერნატიული დანახარჯი შესაძლოა წარმოადგენდეს პოტენციურ მოგებას, რომლის მიღების შანსსაც ტრეიდერი ხელიდან უშვებს, როდესაც უპირატესობას ვაჭრობის კონკრეტულ ვარიანტს ანიჭებს. ამგვარად, ტრეიდერებს შეუძლიათ გამოთვალონ ალტერნატიული ხარჯები ვაჭრობის სხვადასხვა ვარიანტებისთვის და აირჩიონ ყველაზე ეფექტური სავაჭრო სტრატეგია.
თუმცა ალტერნატიული ხარჯის გამოთვლა არ შემოიფარგლება ორი პოტენციური სავაჭრო სტრატეგიის პირდაპირი შედარებით. ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს ბაზარზე ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარის თქმას. მაგალითად, არასტაბილური საბაზრო პირობების პერიოდში, ტრეიდერმა შეიძლება გადაწყვიტოს რისკის შემცირება ნაღდი ფულის შენახვის გზით. ალტერნატიული დანახარჯი წარმოადგენს ვაჭრობიდან მიღებულ პოტენციურ მოგებას, რომლის მიღებაზეც ტრეიდერი უარს ამბობს ლიკვიდურობის შენარჩუნების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

უფრო მეტიც, ალტერნატიული დანახარჯი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური კომპონენტით და ასევე მოიცავს ვაჭრობებზე მონიტორინგისთვის დახარჯულ დროს და რესურსებს. მაგალითად, ნაკლებად ეფექტურ ვაჭრობაში ინვესტირებული დრო არ წარმოადგენს პოტენციურად მომგებიანი სავაჭრო შესაძლებლობის გამოვლენისთვის დახარჯულ დროს.

ალტერნატიული დანახარჯი ყოველდღიურ ცხოვრებაში

ალტერნატიული დანახარჯი გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ვიღებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად როდესაც ვირჩევთ ფული დავხარჯოთ მოგზაურობისთვის, ნაცვლად საპენსიო დანაზოგის გაკეთებისა, ან როდესაც არჩევანს ვაკეთებთ ერთ-ერთი საგნის შესწავლაზე. ჩვენ გაუცნობიერებლად ვიყენებთ ალტერნატიული დანახარჯის კონცეფციას, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს. პრაქტიკაში, გადაწყვეტილებების რეალური ღირებულების შეფასების და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის განსაზღვრის მეშვეობით, ალტერნატიული დანახარჯის კონცეფციას შეუძლია დაგვეხმაროს უკეთესი არჩევანის გაკეთებაში.

დასკვნა

ალტერნატიული დანახარჯი წარმოადგენს ეკონომიკის ფუნდამენტალურ კონცეფციას, რომელიც პირებს და კომპანიებს ეხმარება კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი გადაწყვეტილებები და განსაზღვრონ, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება გაუშვან ხელიდან კონკრეტული მიზნის განხორციელების დროს.