მაინინგი

მაინინგი წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც ხდება კრიპტოვალუტის ტრანზაქციების თავმოყრა, ვერიფიკაცია და მათი შეყვანა ციფრულ ლეჯერში, რომელსაც ეწოდება ბლოკჩეინი. მაინერების მიერ შესრულებული სამუშაო მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, ასევე მისი საშუალებით ხდება ახალი მონეტების გაშვება სისტემაში.
ტრადიციულ საბანკო სისტემაში, ფიატ-ვალუტის ბეჭდვა და გამოშვება ხდება ფინანსური ინსტიტუტების და სამთავრობო უწყებების მიერ - თუმცა კრიპტოვალუტების უმეტესობის შემთხვევაში, ახალი მონეტების გაშვებას ცენტრალიზებული ორგანო არ აკონტროლებს. ამის ნაცვლად, ახალი კრიპტოვალუტის ერთეულების გენერირება ხდება მაინინგის პროცესის მეშვეობით, რომელიც ხორციელდება საბაზისო პროტოკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესებით. ეს პროტოკოლი განსაზღვრავს ძირითად წესებს, ხოლო ეგრეთწოდებული კონსენსუსის ალგორითმები ადგენს, თუ როგორ უნდა იქნას შესრულებული ეს წესები (მაგალითად ტრანზაქციების ვალიდაციის დროს).
მაგალითისთვის განვიხილოთ Bitcoin: მაინინგის პროცესის მონაწილეებს ეწოდებათ მაინინგის ნოდები (ან უბრალოდ მაინერები), რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ბლოკჩეინის ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მაინერების საქმიანობა მოიცავს მეხსიერების პულში დაუდასტურებელი ტრანზაქციების მოძიებას, მათ გაერთიანებას კანდიდატ ბლოკში, და შემდგომ მათი ვალიდაციის მცდელობას.
კანდიდატი ბლოკის შექმნის დროს, მაინერს მასში შეაქვს ტრანზაქცია, ხოლო საკუთარ თავს ბლოკის ჯილდოს უგზავნის. ეს ტრანზაქცია ცნობილია coinbase ტრანზაქციის სახელწოდებით და ხშირად პირველი სწორედ ის იწერება ბლოკში.
დაუდასტურებელი ტრანზაქციების სიის შედგენის შემდეგ ხდება თითოეული ტრანზაქციის ჰეშირება და მიღებული მონაცემების წყვილებად ორგანიზება. ამის შემდეგ ხდება ამ წყვილების ჰეშირება, რის შემდეგაც ახალი მონაცემები მიიღება, რომელთა დაწყვილება და ჰეშირება კიდევ ერთხელ ხდება. ეს პროცესი მეორდება ერთი ჰეშის მიღებამდე, რომელსაც root-ჰეშს, ან მერკლის ხის root-ს უწოდებენ.
ამის შემდეგ ეს root-ჰეში ერთიანდება წინა დადასტურებული ბლოკის ჰეშთან, რომელსაც ემატება ფსევდო-შემთხვევითობის პრინციპით არჩეული რიცხვი, ეგრეთწოდებული nonce (ასევე რამდენიმე სხვა პარამეტრი). შემდეგ ხდება ყველა ამ ელემენტის ჰეშირება და მიიღება ამ კანდიდატი ბლოკის ჰეში.

მიუხედავად ამისა, მაინერის მუშაობა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, თუ კანდიდატი ბლოკის დამუშავების შედეგად მიღებული მიღებული მონაცემი (ბლოკის ჰეში) განსაზღვრულ (სამიზნე) მნიშვნელობაზე დაბალია. ეს პროცესი მოიცავს შეცდომების მოძიების მცდელობებს და ვალიდური შედეგის მისაღებად საჭიროა მრავალი ჰეშირების ფუნქციის შესრულება სხვადასხვა nonce-ების გამოყენებით. პირველი მაინერი, რომელიც მოძებნის ვალიდურ ჰეშს და განახორციელებს მისი კანდიდატ ბლოკის ვალიდაციას, მიიღებს ბლოკის ჯილდოს. მთელ პროცესი საშუალოდ ათი წუთი გრძელდება.

ბლოკის ვალიდაციის შემდეგ, ის ემატება ბლოკჩეინზე და მაინერები იწყებენ მომდევნო ბლოკზე მუშაობას. მაინერების მიერ ვალიდური ჰეშის გენერირება წარმოადგენს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მტკიცებულებას, სწორედ ამიტომ, Bitcoin-ის კონსენსუსის მექანიზმს ეწოდება Proof of Work (სამუშაოს შესრულების მტკიცებულება). თითოეულ დადასტურებულ ბლოკს გააჩნია უნიკალური ბლოკის ჰეში, რომელიც იდენტიფიკატორის როლს ასრულებს.
ბლოკის ჯილდო განისაზღვრება Bitcoin-ის პროტოკოლის მიერ და მცირდება ყოველი 210,000 ბლოკის შექმნის შემდეგ (დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ). თავდაპირველად, ბლოკის ჯილდო შეადგენდა 50 BTC-ს, დღეისათვის კი ის 6.25 BTC-ია.