TL;DR
Swipe-ის გადახდების ეკოსისტემაში, მის ადგილობრივ SXP-ს ტოკენს რამდენიმე ფუნქცია გააჩნია. ამ ტოკენის მფლობელებს უამრავი უპირატესობით სარგებლობა შეუძლიათ, რომელთა შორისაა ტრანზაქციის საკომისიოების გადახდა, სტეიკინგი და ფასდაკლებები Swipe პლატფორმაზე.
შესავალი
Swipe, რომელიც დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მზარდი ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენს, საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტების და სერვისების ფართო არჩევანს. Swipe-ის Visa სადებეტო ბარათი და მრავალი აქტივის მხარდაჭერის მქონე DeFi აპლიკაცია კრიპტოვალუტების, ფიატ-ვალუტების და სტეიბლკოინების მომენტალური გადაცვლის შესაძლებლობას გაძლევთ.
2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, ამ აპლიკაციას გააჩნია ოთხი სტეიბლკოინის (USDT, USDC, BUSD და DAI) და ორი ფიატ-ვალუტის (USD და EUR) მხარდაჭერა. Swipe-ის Visa სადებეტო ბარათის სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია ევროპაში, აშშ-ში კი ეს სადებეტო ბარათი უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
Swipe-ის ყველა პროდუქტში გამოიყენება მისი ადგილობრივი SXP ტოკენი, რომელიც დეცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტას წარმოადგენს. Swipe-ის ეკოსისტემაში, ეს ადგილობრივი ციფრული ვალუტა უამრავი დანიშნულებით გამოიყენება. მათი ნაწილი ტოკენების მფლობელებს ჯილდოს სახით გადაეცემა, ამავდროულად, დროთა განმავლობაში მისი მარაგის შემცირების მიზნით გამოიყენება მონეტების წვა.
რა არის Swipe ტოკენი (SXP)?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი DeFi მონეტა თავისი არსით სპეკულაციურ მონეტად ითვლება, SXP-ის ძირითადი დანიშნულება მისი utility ტოკენის სახით გამოყენებაა. ის მთელი Swipe ეკოსისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ტოკენების მფლობელები სარგებელს იღებენ როგორც SXP-ის გამოყენების, ასევე შენახვის შემთხვევაში.
Swipe ეკოსისტემის ერთ-ერთ ძირითად ასპექტს წარმოადგენს მისი Visa სადებეტო ბარათი. ის არ არის არც პირველი და არც ერთადერთი კრიპტოვალუტის სადებეტო ბარათი. თუმცა, სხვა მსგავსი პროექტებისგან განსხვავებით, ამ სადებეტო სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებელს არ სჭირდება SXP-ის სტეიკინგი.
არსებობს Swipe სადებეტო ბარათის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სერვისის გამოყენებისთვის SXP-ის ფლობა სავალდებულო არ არის, SXP ტოკენების მფლობელებს უფრო მაღალი დონის ბარათების მიღება შეუძლიათ. მაღალი დონის ბარათები მომხმარებელს სხვადასხვა უპირატესობას სთავაზობს, მაგალითად Netflix-ის ან Spotify-ის გამოწერა, ნულოვანი საკომისიოები საერთაშორისო გადარიცხვებზე და ფასდაკლებები Starbucks-ის, Uber-ის, Apple Music-ის და Airbnb-ის სერვისებზე.
უპირატესობების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მობილურ აპლიკაციაში სტეიკინგისთვის გამოყენებულ SXP მონეტების რაოდენობაზე. თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ სხვადასხვა დონის სადებეტო ბარათების შესახებ, გადადით ამ გვერდზე.
როგორ შევინახოთ Swipe ტოკენი (SXP)
კრიპტო ბაზარზე ამჟამად არსებული DeFi პროექტების უმეტესობის მსგავსად, Swipe-ს არ გააჩნია საკუთარი ბლოკჩეინი. ნაცვლად ამისა, გუნდმა გადაწყვიტა SXP ტოკენები გაეშვა Ethereum და BNB Chain ბლოკჩეინებზე.
Swipe ტოკენი (SXP) ხელმისაწვდომია როგორც ERC-20 სტანდარტის (Ethereum-ზე), ასევე BEP-2 სტანდარტის ( BNB Chain-ზე) ტოკენების სახით. ამის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ SXP ტოკენები შეინახოთ ნებისმიერ კრიპტო საფულეში, რომელსაც გააჩნია ERC-20 ან BEP-2 ტოკენების მხარდაჭერა (მაგ., Trust Wallet, MetaMask).
SXP-ის მარაგი და გამოშვება
Swipe-ის გუნდმა გადაწყვიტა დაეწესებინა SXP-ის მაქსიმალური მარაგის ლიმიტი, რომელიც შეადგენს 300 მილიონ ტოკენს. თუმცა, მონეტების წვის მექანიზმის წყალობით, მისი მთლიანი მარაგი ეტაპობრივად შემცირდება, სანამ არ დარჩება 100 მილიონი ტოკენი.
მთლიანი მარაგის ნაწილი გადანაწილდება SXP-ის მომხმარებლებს შორის. გარდა ამისა, მისი მარაგი რეგულარულად იცვლება, რაც გამოწვეულია ქვემოთ მოცემული მოქმედებებით:
თვეში 600 000 SXP გამოიყენება კომპანიის ოპერაციების ხარჯების დაფარვისთვის.
წელიწადში 10 000 000 SXP გადაეცემა Swipe-ის გუნდს და დამფუძნებლებს.
თვეში 1 200 000 SXP ჯილდოების სახით ნაწილდება ეკოსისტემის მომხმარებლებზე, რაც მოიცავს სტეიკინგის და სხვა აქტივობების ჯილდოებს.
ამ ციფრებზე დაყრდნობით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ SXP ცირკულირებადი მარაგი გაიზრდება, სანამ მიღწეული არ იქნება მაქსიმალური მარაგის ლიმიტი. ეს ასე არ არის, რადგან დეველოპერების გადაწყვეტილებით, SXP შექმნილია, როგორც დეფლაციური აქტივი. ქსელის აქტივობების ზრდის პარალელურად, მოხდება მონეტების განადგურება „წვის“ მექანიზმის გამოყენებით.
უფრო კონკრეტულად Swipe ქსელზე განხორციელებული ტრანზაქციების საკომისიოების 80% განადგურდება სმარტ კონტრაქტების მიერ. საკომისიოების დარჩენილი 20% გახდება ამ ეკოსისტემის ნაწილი. როგორც გუნდი აცხადებს, ეს რაოდენობა საბოლოოდ განაწილებული იქნება ქსელის ვალიდატორებს შორის, რომლებიც SXP-ებს მიიღებენ ქსელის მნიშვნელოვანი სერვისების მხარდაჭერის სანაცვლოდ.
როგორც აღვნიშნეთ, ტოკენების „წვის“ პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მთლიანი მარაგი არ შემცირდება 100 000 000 SXP-მდე. ამის შემდეგ, მარაგის შემცირება შეწყდება. ქსელში დაგროვილი საკომისიოები სრულად გადანაწილდება ქსელის ვალიდატორებს შორის.
➟ გსურთ კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყება? იყიდეთ Bitcoin (BTC) Binance-ზე
რისთვის გამოიყენება SXP?
პირველ რიგში, ის გამოიყენება, როგორც გადახდების საშუალება. SXP აქტივის საშუალებით გადახდა შესაძლებელია მთელს მსოფლიოში 60 მილიონზე მეტ ლოკაციაზე. გადახდისთვის მათი გამოყენება შეგიძლიათ მოვაჭრეებთან, რომლებიც იღებენ კრიპტოვალუტას ან Swipe-ის Visa ბარათს. რაც შეეხება ტრანზაქციებს, SXP-ის გადარიცხვა შეგიძლიათ როგორც Ethereum-ზე, ასევე BNB Chain-ზე, რის გამოც ის peer-to-peer ტრანზაქციების განხორციელების მძლავრ საშუალებად ითვლება.
მეორე უპირატესობა, რასაც ამ ტოკენების მფლობელები იღებენ, არის ფასდაკლებები საკომისიოებზე. SXP-ის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენები გამოიყენონ Swipe ქსელში ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად, რაც მოიცავს Swipe-ის საფულის და Swipe-ის Visa ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებს.
მისი კიდევ ერთი დანიშნულება დაკავშირებულია Swipe-ის Visa სადებეტო ბარათის გამოყენებასთან. SXP-ის ფლობის ან შეძენის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ოთხი დონის ბარათები, რომლებიც მათ სხვადასხვა უპირატესობებს სთავაზობს. რაც მეტი რაოდენობის ტოკენებს ფლობთ, მით უფრო მაღალი დონის ბარათის მიღება შეგიძლიათ.
SXP-ების ჰოლდინგი ბარათის მფლობელებს დამატებით პრივილეგიებს ანიჭებს, რაც მოიცავს ფასდაკლებებს მაღაზიებში და პოპულარული სტრიმინგ სერვისების უფასო გამოწერებს. მომხმარებლები, რომლებიც სტეიკინგზე განათავსებენ 30 000 SXP-ს ექვსი თვის განმავლობაში, ნებისმიერ შენაძენზე მიიღებენ 8% ქეშბექს და სხვა ბონუსებს.
მომხმარებლებს, რომლებიც არ მონაწილეობენ სტეიკინგში, ასევე შეუძლიათ SXP ჯილდოების მიღება ქსელის უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის სანაცვლოდ. ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ის რომ SXP-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქსელის მართვაში, წარმოადგინონ შემოთავაზებები და ხმა მისცენ Swipe ქსელის პროტოკოლის ცვლილებებს.
შეჯამება
Swipe ეკოსისტემა შედგება უამრავი სხვადასხვა პროდუქტის და სერვისისგან, თითოეული მათგანი ამა თუ იმ სახით იყენებს SXP ტოკენს. მისი Visa სადებეტო ბარათის მეშვეობით, Swipe ცდილობს კრიპტოვალუტა უფრო სასარგებლო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
თუ ამ ყველაფერთან ერთად ამ ტოკენის დეფლაციურ მოდელსაც გავითვალისწინებთ, დავრწმუნდებით, რომ არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ღირს გავეცნოთ ამ პროექტის whitepaper-ს და თვალი ვადევნოთ მისი განვითარების პროცესს.