ტიკერი არის მოკლე კოდი, რომლითაც აღინიშნება აქცია, ობლიგაცია, კრიპტოვალუტა ან სხვა სავაჭრო აქტივი. ტიკერი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც უნიკალური მეტსახელი ან იდენტიფიკატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქტივის მარტივად მოძიება სავაჭრო პლატფორმებზე. მაგალითად, „AAPL“ გახლავთ Apple Inc.-ის ტიკერი, „TSLA“ Tesla-ს ტიკერი, „BTC“ bitcoin-ის ტიკერი და ა.შ. ტიკერები ფართოდ გამოიყენება ფინანსურ სამყაროში, აქტივების ამოცნობის, ყიდვისა და გაყიდვის პროცესების გამარტივების მიზნით.
ხშირ შემთხვევაში, ტიკერი რამდენიმე სიმბოლოსგან შედგება და მიუხედავად ტრივიალურობისა, საკმაოდ მნიშვნელოვან კონცეფციას წარმოადგენს. მისი მეშვეობით ინვესტორებს ეძლევათ სხვადასხვა აქტივის სწრაფად და მარტივად მოძიების, მათი მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელების და კომპანიების ან აქტივების გრძელი სახელწოდების ჩაწერისთვის საჭირო დროის დაზოგვის შესაძლებლობა.
ტიკერის სიმბოლოები დაახლოებით მე-19 საუკუნიდან არსებობს, საწყის ეტაპზე ისინი წარმოადგენდა სისტემის ნაწილს, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა აქციების ფასების დაბეჭდვა ტიკერის ლენტზე. სანამ ციფრული ეკრანები საერთაშორისო პოპულარობას მოიპოვებდა, აქციების ფასებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიმოცვლა ქაღალდის უწყვეტი ლენტის მეშვეობით ხდებოდა.
ტიკერის სიმბოლო დაგეხმარებათ სასურველი აქტივის მარტივად მოძიებაში აქციების ან სხვა აქტივების შეძენისას ან გაყიდვისას. აშშ-ში სხვადასხვა საფონდო ბირჟაზე გამოიყენება სხვადასხვა ფორმატის ტიკერის სიმბოლო:
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE), როგორც წესი, იყენებს შედარებით მოკლე სიმბოლოებს, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ ერთი ასოსგან შედგება, მაგალითად „F“ Ford-ისთვის.
NASDAQ ხშირ შემთხვევაში იყენებს შედარებით გრძელ ტიკერებს, რომლებიც შედგება დაახლოებით ოთხი სიმბოლოსგან, მაგალითად „MSFT“ Microsoft-ისთვის.
როგორც წესი, ტიკერის სიმბოლოები დაკავშირებულია კომპანიის სახელწოდებასთან, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ზოგიერთ ტიკერის სიმბოლოს საფუძვლად კონკრეტული ისტორია უდევს — მაგალითად, Southwest Airlines-ის ტიკერის სიმბოლო, LUV, დაკავშირებულია მის დალასის ლავ ფილდის აეროპორტის წარსულთან.
ტიკერის სიმბოლოების ფორმატი განსხვავდება ქვეყნების მიხედვითაც. მაგალითად, იაპონიაში ტიკერის სიმბოლოები ხშირ შემთხვევაში ასოების ნაცვლად ციფრებისგან შედგება, ხოლოდ ჰონგ-კონგში ისინი შეიცავს როგორც ციფრებს, ისე ასოებს. ეს მრავალფეროვნება ასახავს მსოფლიოს ფინანსური ბირჟების განვითარების სხვადასხვაგვარ კურსს, სადაც ტიკერების სიმბოლოების ფორმატის შერჩევა მოხდა ბაზრის უნიკალური კულტურის და პრეფერენციების შესაბამისად.
ტრადიციულ ფინანსურ სივრცეში, ტიკერები ძირითადად დაკავშირებულია აქციებთან და ობლიგაციებთან, თუმცა ისინი კრიპტოვალუტების სივრცეშიც ფართოდ გამოიყენება. გლობალურ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტოვალუტებისთვის გამოიყენება სტანდარტიზებული ტიკერები.
როგორც წესი, კრიპტო ტიკერი შედგება სამიდან ექვსამდე სიმბოლოსგან და ზოგიერთ შემთხვევაში, ციფრებისგანაც. კრიპტო ტიკერების მაგალითებია BTC - bitcoin-ისთვის, ETH - ether-ისთვის, USDT - Tether-ისთვის და SOL - Solana-სთვის.
იმ ეპოქაში, სადაც სასურველი ინფორმაციის მოპოვება უმარტივესადაა შესაძლებელი, შეიძლება მოგვეჩვენოთ, რომ ტიკერის სიმბოლოები გვაბრუნებს შორეულ წარსულში, სადაც ინვესტორები ეძებდნენ აქციების ფასებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გზებს. თუმცა, ისინი დღემდე დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რისი მთავარი მიზეზიც ისაა, რომ მათი მეშვეობით ხდება მსოფლიოს მასშტაბით არსებული კომპანიების, ინვესტორებისა და ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირება.
ფინანსური სიახლეების ვებსაიტებზე მოცემული ტიკერების სიის დათვალიერებისას შესაძლებელია აქციების ფასებთან დაკავშირებული სიახლეების live რეჟიმში მიღება, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს ადევნონ თვალი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს. გარდა ამისა, ფინანსურ პლატფორმებზე სტანდარტიზებული ტიკერის არსებობა ხელს უწყობს საერთაშორისო ენის შექმნას აქციებისთვის, ობლიგაციებისთვისა და ციფრული აქტივებისთვის. როგორც ტრადიციულ ბაზრებზე, ასევე განვითარების ეტაპზე მყოფ სივრცეებში, როგორიცაა კრიპტოვალუტების სივრცე, ტიკერის სიმბოლოების მეშვეობით ხდება ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და მონაცემებზე უფრო მარტივი წვდომის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
სასარგებლო რჩევა. ყოველთვის სჯობს თქვენით მოიძიოთ ინფორმაცია მონეტის შესახებ, ვიდრე დაუჯეროთ იმას რასაც სხვ...
აკრონიმი, რომელიც იშიფრება, როგორც „I owe you“ (მე შენი ვალი მაქვს) და არის არაფორმალური დოკუმენტი, რომლითა...
ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციების ერთ-ერთი ტიპი, რომელიც წარმოადგენს მსესხებლისთვის, როგორც წესი, ...