საიდჩეინები
არსებითად, საიდჩეინები მთავარ
ბლოკჩეინზე დამატებული მეორეული ბლოკჩეინებია. ეს ბლოკჩეინები ფუნქციონირებს დამოუკიდებლად და მთავარ ბლოკჩეინთან დაკავშირებულია მექანიზმით, რომელიც ცნობილია „ორმხრივი“ მიბმის სახელწოდებით. საიდჩეინების კონტექსტში, ორმხრივი მიბმით შესაძლებელი ხდება აქტივების მიმოცვლა საიდჩეინსა და მთავარ ბლოკჩეინს შორის. თუმცა, ზემოხსენებული ციფრული აქტივების გადატანის ოპერაცია, რეალურად, არასდროს ხორციელდება. ნაცვლად ამისა, სასურველი შედეგი მიიღწევა ერთდროულად აქტივების მთავარ ბლოკჩეინზე დაბლოკვით და საიდჩეინზე იმავე რაოდენობის აქტივების განბლოკვით. საპირისპირო მოქმედება სრულდება აქტივების საიდჩეინიდან ძირითად ბლოკჩეინზე გადმოტანისას.
ბლოკჩეინების საიდჩეინებს ორი დანიშნულება აქვს. პირველ რიგში, მათი მეშვეობით იქმნება ცენტრალური ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესების შესაძლებლობა, რადგან ხდება ტრანზაქციების საიდჩეინზე გადატანა და შესაბამისად, ძირითადი ბლოკჩეინის დატვირთვის შემცირება. მეორეს მხრივ, მათი მეშვეობით იქმნება ექსპერიმენტული სივრცე, სადაც შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიებისა და ფუნქციების დატესტვა ძირითადი ბლოკჩეინის ერთიანობასა და სტაბილურობაზე ზეგავლენის გარეშე.
საიდჩეინის ცნობილი მაგალითია Bitcoin-ის
SegWit. SegWit იშიფრება, როგორც „Segregated Witness“. ის შეიქმნა Bitcoin-ის მასშტაბირებადობის დონის გასაუმჯობესებლად და ბლოკებისთვის საჭირო სივრცის გამოსათავისუფლებლად. ეს შედეგი მიიღწევა ხელმოწერების მონაცემების ერთიანად გადატანით ტრანზაქციებიდან SegWit-ის საიდჩეინზე.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საიდჩეინებთან დაკავშირებულია გარკვეული რისკები. ხშირ შემთხვევაში, საიდჩეინების ვალიდატორების ქსელი შედარებით მცირე ზომისაა, რაც მას შედარებით ცენტრალიზებულ ერთეულად აქცევს და შესაბამისად, ძირითად ბლოკჩეინთან შედარებით ბევრად მარტივია მასზე თავდასხმის განხორციელება. გარდა ამისა, საიდჩეინებზე ხშირად ხორციელდება
sybil თავდასხმები, სადაც ერთ ბოროტმოქმედ მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე
ნოდის ერთდროულად მართვა და შედეგად, ქსელის ძირითად ნაწილზე კონტროლის მოპოვება. კიდევ ერთი რისკი მდგომარეობს იმაში, რომ საიდჩეინები მეტისმეტად არის დამოკიდებული ორმხრივი მიბმის მექანიზმზე და შესაბამისად, ჩნდება ერთი სუსტი წერტილით ქსელის მწყობრიდან გამოყვანის შესაძლებლობა. ამგვარად, ჰაკერებს მთელი სისტემის დაზიანება მხოლოდ ამ კონკრეტულ წერტილზე თავდასხმით შეუძლიათ.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიდჩეინები უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ბლოკჩეინის სისტემაში. მათი მეშვეობით ხდება მოქნილობის, მასშტაბირებადობის და ინოვაციების შემოტანისა და დანერგვის პოტენციალის ზრდა. რა თქმა უნდა, ეს ფენომენიც გარკვეული რისკების მატარებელია, თუმცა ფრთხილი მოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელია ბლოკჩეინის არსებული ქსელების ეფექტურობის მკვეთრად გაუმჯობესება.