რა არის კრიპტო საზოგადოებები და როგორ გავხდეთ რომელიმე მათგანის წევრი?
მთავარი
სტატიები
რა არის კრიპტო საზოგადოებები და როგორ გავხდეთ რომელიმე მათგანის წევრი?

რა არის კრიპტო საზოგადოებები და როგორ გავხდეთ რომელიმე მათგანის წევრი?

გამოქვეყნებული Mar 10, 2023განახლებული Dec 11, 2023
7m


TL;DR

კრიპტოს და ბლოკჩეინის სამყაროში მოგზაურობის დაწყება შეიძლება სახიფათოდ მოგეჩვენოთ. ახალბედებისთვის ხშირად ძნელია ბლოკჩეინის მუდმივად განვითარებად ბუნებაში გარკვევა და მასთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაციის ათვისება. თანამოაზრეების საზოგადოებაში გაწევრიანება, კრიპტო სამყაროში მოგზაურობის დაწყების შესანიშნავი საშუალებაა.

შესავალი

Web3 წარმოადგენს ტერმინს, რომელიც აღნიშნავს „მსოფლიო აბლაბუდის“ მომდევნო თაობას. თავისი წინამორბედისგან, Web2-ისგან იმით განსხვავდება, რომ ის ეფუძნება დეცენტრალიზაციის, ნდობის საჭიროების გარეშე თანამშრომლობის, ცენზურისგან დაცვის და მფლობელობის ფუნდამენტურ პრინციპებს. Web3 აპლიკაციები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამყარონ კომუნიკაცია ერთმანეთთან ან გაცვალონ მონაცემები შუამავლების საჭიროების გარეშე.

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვცხოვრობთ Web3 სამყაროში, თუმცა არსებობს ადამიანთა საზოგადოებები, რომლებიც მუშაობენ, რომ ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს. დეველოპერები, ინვესტორები, ინფლუენსერები და სხვა კრიპტო ენთუზიასტები უკვე მუშაობენ სხვადასხვა Web3 პროექტებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) შექმნაზე.

რა არის კრიპტო საზოგადოება?

კრიპტო საზოგადოებები შედგება კრიპტოთი გატაცებული ადამიანებისგან. საზოგადოების წევრებს შეიძლება აერთიანებდეს NFT-ების, DeFi-ს, Layer 2 ტექნოლოგიების და სხვა კრიპტოსთან დაკავშირებული თემების სიყვარული.

კრიპტო საზოგადოებები ცოდნის გაზიარების შესანიშნავი საშუალებაა. Bitcoin-ს, BNB Chain-ს, Ethereum-ს და სხვა ბლოკჩეინებს საკუთარი საზოგადოებები ჰყავთ. შედარებით ტექნიკური კონცეფციები, როგორიცაა მაინინგი ან Proof of Work (PoW), სწორედ ამ კრიპტო საზოგადოებების წყალობით გახდა პოპულარული, რომლებმაც მოახერხეს ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროების შექმნა. ცოდნის და განათლების პოპულარიზაციის კოლექტიური ძალისხმევის წყალობით, მათ დაამტკიცეს, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ ბლოკჩეინის ინდუსტრიის მამოძრავებელ ძალას.

იმის წყალობით, რომ კრიპტოსთვის საზღვრები არ არსებობს, ეს საზოგადოებები ხშირად ონლაინ სივრცეში არსებობს და მათ წევრებს შორის კომუნიკაცია ფორუმების, ჩატრუმების და სოციალური ქსელების საშუალებით მყარდება. მაგალითად, Twitter-ის კრიპტო საზოგადოება აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებს, კომპანიებს და ინფლუენსერებს. თითოეული მათგანი ამ პლატფორმაზე საკუთარი მიზეზით არის გაწევრიანებული.

კრიპტო საზოგადოებაში გაწევრიანების უპირატესობები

მუდმივად საქმის კურსში ყოფნა

კრიპტო საზოგადოებაში გაწევრიანება შესანიშნავი გზაა ახალი ტენდენციების, ტექნოლოგიების, კონცეფციების, პროდუქტების და ინსტრუმენტების შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად. ეს საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები და დროულად შეუერთდეთ სხვადასხვა ღონისძიებებს.

მენტორის მოძებნა

ინფორმაციის მოძიების პროცესში, რამდენჯერ გადაწყდომიხართ რთულ ტექნიკურ დოკუმენტაციას ან Web3-თან დაკავშირებულ პუბლიკაციებს? დეველოპერების, კრიპტო მეწარმეების და სხვა ტიპის ექსპერტების საზოგადოების წევრობა გაგიადვილებთ მსგავსი კომპლექსური თემების გაგებას და შესწავლას.

უპირატესობის მოპოვება

აქტიური საზოგადოების წევრობის შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ უახლესი ინფორმაციაზე ადრეულ ეტაპზე წვდომის შესაძლებლობა, სანამ ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მომავალი ტრენდების შესახებ და ისწავლოთ მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანებისგან. გარდა ამისა, საზოგადოების კოლექტიური ცოდნა დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში, სხვა პროფესიონალებთან კომუნიკაციის დამყარებაში და ინდუსტრიის სიახლეებზე ინფორმაციის მიღებაში.

კლიენტთან მომსახურება

ზოგიერთ საზოგადოებას ოფიციალური ადმინისტრატორები და მენეჯერები ჰყავს. იმის ნაცვლად, რომ მარტო იმოქმედონ, ინვესტორებს შეუძლიათ მიიღონ მითითებები და დახმარება პირდაპირ საზოგადოების წევრებისგან და ადმინისტრატორებისგან.

ბიზნესის წამოწყება

საზოგადოების წევრებს შორის არაფორმალური საუბრები შეიძლება ინოვაციების წამოწყების საფუძველი გახდეს. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ მოსაზრებები ბიზნესთან დაკავშირებით, განიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები და გაცვალოთ ინფორმაცია არაფორმალური ჩატების საშუალებით. საზოგადოების წევრებს შორის შეიძლება ასევე აღმოჩნდნენ თქვენი მომავალი გუნდის წევრები ან ბიზნეს პარტნიორები.

თანამონაწილეობის შეგრძნება

რომელი გუნდის წევრი ხართ, Layer 1-ის თუ Layer 2-ის? რომელია თქვენი საყვარელი NFT-ების ავტორი? თუ ერთადერთი კრიპტო ენთუზიასტი ხართ თქვენს სამეგობრო წრეში, საზოგადოება გაძლევთ თანამოაზრეების პოვნის შესაძლებლობას.

როგორ გავხდეთ კრიპტო საზოგადოების წევრი

გაეცანით პროექტებს და ფორუმებს

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტების და ბლოკჩეინების უმეტესობას საკუთარი საზოგადოებები აქვთ. საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, ეწვიეთ მათ ვებსაიტებს და სოციალურ ქსელებს – მაგალითად Telegram-ს, Twitter-ს, Discord-ს ან Facebook-ს. ასევე, თუ გსურთ კრიპტო სამყაროს გაეცნოთ, მაგრამ არ გაქვთ არჩეული კონკრეტული საზოგადოება, თქვენი მოგზაურობა შეგიძლიათ Reddit-ით დაიწყოთ. Reddit-ი წარმოადგენს ონლაინ ფორუმს, სადაც კრიპტო ენთუზიასტებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ სიახლეები, გაეცნონ მომხმარებლის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ სტატიებს და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში. Reddit-ის კრიპტო საზოგადოებებია /r/bitcoin, /r/btc, /r/binance, /r/cryptocurrency და სხვა.

გამოხატეთ თქვენი აზრი

ონლაინ დისკუსიებში ჩართვა და კრიპტოსთან დაკავშირებულ პოსტებზე თქვენი კომენტარების დატოვება, შესაძლოა თანამოაზრეების პოვნის ყველაზე მარტივი გზა აღმოჩნდეს. გაუზიარეთ სხვებს თქვენი მოსაზრება და ინტერესები; ჩაერთეთ დისკუსიებში და აქტივობებში.

ჩაეწერეთ კლასებში

მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო Web3 კურსი. როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ საკლასო ოთახი შესანიშნავი ადგილია Web3-ის შესახებ თემატური დისკუსიების გამართვისთვის და ახალი კავშირების დამყარებისთვის. 

დაესწარით შეხვედრებს

ბლოკჩეინთან ან კრიპტოსთან დაკავშირებულ შეხვედრებზე დასწრება, ონლაინ დისკუსიების ფორუმებში მონაწილეობა ან სოციალური ქსელის ჯგუფებში გაწევრიანება, ამ სფეროს პროფესიონალების გაცნობის შესანიშნავი გზაა. ბლოკჩეინთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების მიზანია საქმიანი კავშირების დამყარების, ბიზნეს პარტნიორების მოძიების და კითხვა-პასუხის ფორმატის შეხვედრების ხელშეწყობა. ამ ღონისძიებებში მონაწილეობა დაგეხმარებათ პოპულარობის მოპოვებაში და საზოგადოების ახალი წევრების გაცნობაში.

თქვენი წვლილი შეიტანეთ პროექტში ან ღონისძიებაში

მოძებნეთ საზოგადოება, რომელიც ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს კრიპტოს განვითარებაში. ბლოკჩეინის ეკოსისტემა თანამშრომლობაზეა დაფუძნებული – საზღვრების არარსებობა, ღია კოდი, დეცენტრალიზაცია და ნდობის საჭიროების გარეშე ურთიერთობა წარმოადგენს კონცეფციებს, რომლებიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის წახალისებას. 

კრიპტო სივრცეში განხორციელებული მრავალი პროექტი იყენებს ღია კოდის მიდგომას, რომლის დროსაც ტექნოლოგიის შექმნისთვის გამოყენებული საწყისი პროგრამული კოდი საჯაროდ ხელმისაწვდომია და შესაძლებელია მისი მოდიფიცირება გარკვეულ დონეზე. ეს საზოგადოების წევრებს საკუთარი გადაწყვეტილებების და ინოვაციების უფრო სწრაფად წარდგენის საშუალებას აძლევს.

მსგავსი საზოგადოებების ერთ-ერთი მაგალითია GitHub-ი, ონლაინ პლატფორმა, რომელიც დეველოპერებსა და მომხმარებლებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს. ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს გააზიარონ პროგრამული კოდი და ერთად იმუშაონ ღია კოდის პროექტებზე. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ განიხილონ იდეები, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და სხვებს შესთავაზონ დახმარება. GitHub-ის მსგავსი პლატფორმები ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებებს, მაგალითად ჰაკათონებს და შეხვედრებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა.

ასევე, იშვიათობას არ წარმოადგენს ისეთი პროექტები, რომლებში მონაწილეობაც წახალისებულია პრიზების მეშვეობით, რაც ადამიანებს პროექტში წვლილის შეტანის სტიმულს აძლევს.

რა რისკები არსებობს კრიპტო საზოგადოებებთან დაკავშირებით?

ისევე როგორც სხვა ონლაინ საზოგადოებების შემთხვევაში, კრიპტო საზოგადოებებიც დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. კრიპტო საზოგადოებებთან ასოცირებული ერთ-ერთი მთავარი რისკი უკავშირდება თაღლითობას. როგორც აღვნიშნეთ, ხშირად საზოგადოებაში გაწევრიანება ნებისმიერ პირს შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ თაღლითებს და ბოტებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ მსგავს ჯგუფებს.

მაგალითად, თქვენ შეიძლება მიიღოთ პირადი შეტყობინება პირისგან, რომელიც აცხადებს, რომ ჯგუფის ადმინისტრატორია. განსაკუთრებული სიფრთხილით გადაამოწმეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს პიროვნება თაღლითი არაა, რომელიც ფულის გამოძალვას ცდილობს. თაღლითებმა შეიძლება სცადონ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ან პირადი გასაღებების ხელში ჩაგდება ჰაკერული ბმულების გამოგზავნით ან სხვა ტიპის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობის მეშვეობით.

ასევე არსებობს რისკი, რომ საზოგადოებამ თქვენი მოლოდინები ვერ გაამართლოს. მაგალითად, საზოგადოება შეიძლება მხოლოდ ტოკენის ფასის აწევის მცდელობისთვის იყოს შექმნილი. ამან შეიძლება შექმნას სიხარბისა და სპეკულაციების გარემო, მნიშვნელოვნად განსხვავდება საზოგადოებაში გაწევრიანების თავდაპირველი მიზეზისგან.

გარდა ამისა, კრიპტო საზოგადოება შეიძლება დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებად იქნას გამოყენებული, რამაც შეიძლება გაართულოს ფაქტების და სიცრუის გამიჯვნა. ამის გამო, ინვესტიციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, საზოგადოების დისკუსიების გაცნობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.

დასკვნა

კრიპტო საზოგადოებაში გაწევრიანების უამრავი გზა არსებობს, რომელიც უნდა აირჩიოთ თქვენი ინტერესის სფეროს და გამოცდილების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, პირადი ფინანსური მიზნები გაგაჩნიათ, ბიზნესის წამოწყებას აპირებთ თუ უცნობი თემის შესწავლა გსურთ, საზოგადოებას ყოველთვის შეუძლია დახმარება გაგიწიოთ. გააზიარეთ თქვენი მოსაზრებები, შექმენით თანამოაზრეების ქსელი და განვითარდით ერთმანეთის შეცდომებზე სწავლის მეშვეობით. აქ თქვენ მომავალი ბიზნეს გუნდის პოვნაც კი შეგიძლიათ! დაწყებული იდეების მიმოცვლით და დამთავრებული ერთმანეთის მორალური მხარდაჭერით - ადამიანების დახმარება აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი და რისკის შესახებ გაფრთხილება: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ არის ფინანსური რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.