მთავარი
ლექსიკონი
მარაგის მაჩვენებელი

მარაგის მაჩვენებელი

რა არის მარაგის მაჩვენებელი?

ეკონომიკის კონტექსტში, მარაგის მაჩვენებელი წარმოადგენს ეკონომიკური რესურსების რაოდენობას, რომელიც გაზომილია დროის კონკრეტულ მომენტში. მარაგის მაჩვენებლების ყველაზე გავრცელებული მაგალითებია მარაგების დონეები, ფულის მასა, მთლიანი კაპიტალი და ეროვნული ვალი.

მარაგის მაჩვენებლების მაგალითები

ფულის მასა

ფულის მასა არის მარაგის მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს დროის კონკრეტულ მომენტში ეკონომიკურ სივრცეში მიმოქცევაში არსებულ ფულის საერთო რაოდენობას. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ლიკვიდურობის პირობების ანალიზისთვის და მონეტარული პოლიტიკის ფორმულირებისთვის.

მთლიანი კაპიტალი

მთლიანი კაპიტალი წარმოადგენს ეკონომიკურ სივრცეში, დროის კონკრეტულ მომენტში კომპანიების მფლობელობაში არსებული ფიზიკური აქტივების მთლიან ღირებულებას, როგორიცაა შენობები, დანადგარები და აღჭურვილობა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ეკონომიკის საწარმოო სიმძლავრის ან პოტენციური წარმადობის შეფასებისთვის.

ეროვნული ვალი

ეროვნული ვალი წარმოადგენს კრედიტორების მიმართ მთავრობის დავალიანების საერთო ოდენობას დროის კონკრეტულ მომენტში. ის გვეხმარება ქვეყნის ფისკალური სიჯანსაღის შეფასებაში და სესხებასთან და ხარჯვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

მარაგების დონეები

მარაგების დონეები აღნიშნავს დროის კონკრეტულ მომენტში კომპანიების მფლობელობაში არსებული საქონლის რაოდენობას. ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოვანესია მომარაგების ჯაჭვის დინამიკის შეფასებისთვის და საწარმოო პროცესების დაგეგმვისთვის.

მარაგის მაჩვენებლები კრიპტოვალუტების კონტექსტში

კრიპტოვალუტების კონტექსტში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარაგის მაჩვენებელს წარმოადგენს ცირკულირებადი მარაგი. ის გახლავთ დროის მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომი და მიმოქცევაში არსებული კრიპტო მონეტების ან ტოკენების მთლიანი რაოდენობა. მისი საშუალებით შესაძლებელია მივიღოთ ინფორმაცია კრიპტოვალუტის იშვიათობის შესახებ, რაც შესაძლოა გავლენას ახდენდეს მის ფასზე და ბაზრის დინამიკაზე.
კრიპტოვალუტების სივრცეში გამოყენებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლში ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL). TVL აღნიშნავს აქტივების მთლიან რაოდენობას, რომლებიც ამჟამად დაბლოკილია DeFi-პროტოკოლებში ან გამოიყენება სტეიკინგში. ის ინვესტორებს ეხმარება DeFi აპლიკაციების ზომის, განვითარების პოტენციალის და პოპულარობის შეფასებაში.

დასკვნა

მარაგის მაჩვენებლები წარმოადგენს ეკონომიკური რესურსების რაოდენობებს, რომელიც გაზომილია დროის კონკრეტულ მომენტში. მარაგის მაჩვენებლების ყველაზე გავრცელებული მაგალითებია ფულის მასა, მთლიანი კაპიტალი, ეროვნული ვალი და მარაგების დონეები. კრიპტოვალუტების კონტექსტში, ცირკულირებადი მარაგი და TVL წარმოადგენს მარაგის მაჩვენებლებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა კრიპტოვალუტის ბაზრის დინამიკის და სამომავლო ზრდის პერსპექტივის შეფასებისთვის.