EIP-3074

რა არის EIP-3074?

EIP-3074 გახლავთ Ethereum ქსელის გაუმჯობესების შემოთავაზება, რომლის მიზანია ტრანზაქციების უფრო შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განხორციელება. ის მოიცავს ორი ახალი ტიპის ოპერაციას - AUTH და AUTHCALL, რომლებიც გვთავაზობს იმ პირების ერთმანეთისგან გარჩევის მეთოდს, რომელიც აგზავნის ტრანზაქციას და რომელიც ახორციელებს მის ავტორიზაციას.

2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, EIP-3074 ჯერ კიდევ არ არის გაშვებული, თუმცა მოსალოდნელია მისი გაშვება 2024 წლის ბოლოს დაგეგმილ Pectra განახლებასთან ერთად.

როგორ მუშაობს EIP-3074?

EIP-3074 მუშაობს ორი მთავარი ოპერაციის წარდგენით, რომლითაც იცვლება ტრანზაქციების დამუშავების მეთოდი Ethereum-ის ქსელზე: AUTH და AUTHCALL.

AUTH

AUTH-ის მეშვეობით ხდება ტრანზაქციის ავტორიზებული გამგზავნი პირის დადგენა. როგორც წესი, როდესაც ტრანზაქციას აგზავნით, თქვენ თავად ხართ გამგზავნი პირიც და ის პირიც, ვინც ახორციელებს ამ ტრანზაქციის ავტორიზაციას. AUTH-ის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მიანიჭოთ სხვა პირს თქვენი სახელით ტრანზაქციის გაგზავნის ნებართვა. 

მაგალითისთვის წარმოიდგინეთ, რომ გყავთ მეგობარი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ და გაუშვათ საშოპინგოდ თქვენს მაგივრად. თქვენ მათ აძლევთ ხელმოწერილ ჩანაწერს, რომელიც ანიჭებს მას თქვენი სახელით სხვადასხვა ნივთის შეძენის უფლებას. სწორედ ასე ხდება AUTH-ის შემთხვევაშიც, თქვენ სხვა მისამართს მიანიჭებთ თქვენი სახელით ტრანზაქციების განხორციელების უფლებას.

AUTHCALL

AUTHCALL სმარტ კონტრაქტს ანიჭებს სხვა მისამართის ნაცვლად მოქმედების შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ სმარტ კონტრაქტი, რომელიც მოქმედებს, როგორც თქვენი პირადი ასისტენტი და თქვენ მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს ან ახორციელებს შესყიდვებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, AUTHCALL-ის მეშვეობით სმარტ კონტრაქტი მოიპოვებს სხვებთან თქვენი სახელით ინტერაქციის და დავალებების თქვენი სახელით შესრულების უფლებას. ამ გზით არაერთი კომპლექსური ტრანზაქციის გამარტივებაა შესაძლებელი.

EIP-3074-ის უპირატესობები

  1. გაუმჯობესებული უსაფრთხოება: ტრანზაქციის ავტორიზაციის პროცესის გაგზავნის პროცესისგან განცალკევებით, EIP-3074 აუმჯობესებს უსაფრთხოების დონეს და ამცირებს არაავტორიზებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ რისკებს.
  2. მეტი მოქნილობა: EIP-3074 განახლების მეშვეობით შესაძლებელი ხდება ტრანზაქციების სხვადასხვა მხარის მიერ მართვა, რაც ძალიან მოსახერხებელია ისეთ შემთხვევებში, სადაც საჭიროა მართვასთან და კონტროლთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების განაწილება.
  3. მომხმარებელთა გაუმჯობესებული გამოცდილება: საბოლოო მომხმარებლებს EIP-3074 უმარტივებს Ethereum-თან ინტერაქციას. ის ამცირებს რამდენიმე ხელმოწერის და რამდენიმეჯერ დადასტურების საჭიროებას, რაც შესაძლებელს ხდის დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) უფრო სწრაფად და მარტივად გამოყენებას.
  4. რთული ტრანზაქციების მხარდაჭერა: EIP-3074 ქმნის სმარტ კონტრაქტებს შორის უფრო კომპლექსური ტიპის ტრანზაქციების და პროცესების განხორციელების შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს უფრო მაღალი დონის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლების შექმნას.

სად არის შესაძლებელი EIP-3074-ის გამოყენება?

1. ტრანზაქციები გაზის საკომისიოს გარეშე: წარმოიდგინეთ, რომ შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება ETH-ზე ან გაზის საკომისიოებზე ფიქრის გარეშე. EIP-3074-ის მეშვეობით ეს წარმოსახვა რეალობად იქცევა, რაც Ethereum-ს უფრო ხელმისაწვდომს ხდის ახალბედებისთვის.

2. ავტომატური გადახდები: განმეორებადი გადახდების შესაძლებლობით ქრება თითოეული გადახდის ცალ-ცალკე დადასტურების საჭიროება. EIP-3074-ის მეშვეობით შესაძლებელია ამ პროცესების ავტომატიზაცია, რაც დროის და ძალისხმევის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

3. DeFi ინოვაციები: უსაფრთხოების და მოქნილობის დონე, რომელსაც ეს განახლება გვთავაზობს, ხელს შეუწყობს მნშვნელოვანი ინოვაციების დანერგვას DeFi სივრცეში, რაც უფრო მაღალი დონის ფინანსური პროდუქტების შექმნის საშუალებას მოგვცემს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას...

მიუხედავად იმისა, რომ EP-3074-ის იდეა შესანიშნავად ჟღერს, აუცილებელია მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებაც. უდიდესი ნდობაა საჭირო იმისთვის, რომ ვინმეს თქვენს მაგივრად მოქმედების უფლება მიანიჭოთ. Ethereum-ის საზოგადოება დიდი დაკვირვებით განიხილავს არსებული რისკების შემცირების გზებს და ისეთ იდეებს, როგორიცაა დროის ლიმიტის დაწესება და ავტორიზებული მხარის შესაძლებლობებისა და უფლებების საჭიროებისამებრ შეზღუდვა.

EIP-3074-თან დაკავშირებული შეთავაზებები

EIP-3074-თან დაკავშირებული პროცესები იზოლირებულად არ მიმდინარეობს. ის Ethereum-ის ეფექტურობის დონის გაუმჯობესების და მისი მომხმარებლებზე უფრო მეტად მორგების მიზნით განხორციელებული უფრო ფართომასშტაბიანი პროცესების ნაწილს წარმოადგენს და მიმდინარეობს სხვა შემოთავაზებებთან დაკავშირებულ პროცესებთან ერთად, როგორიცაა EIP-2930 (რომელიც ეხება წვდომის სიებს) და EIP-1559 (რომლითაც იცვლება საკომისიოების მუშაობის პრინციპი). EIP-3074-ის კონცეფციის და სხვა განახლებების არსის გაგება საშუალებას გვაძლევს უფრო ნათლად განვსაზღვროთ Ethereum-ის განვითარების სამომავლო მიმართულება.

დასკვნა

EIP-3074 შეიქმნა იმისთვის, რომ მოხდეს Ethereum-ის ტრანზაქციების უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება და მათი უფრო მეტად მორგება მომხმარებლებზე, რისთვისაც ის წარმოგვიდგენს AUTH და AUTHCALL ოპერაციებს. ამ ცვლილებებით შესაძლებელია ჩვენ მიერ Ethereum-თან ინტერაქციის პროცესების მნიშვნელოვნად შეცვლა, რაც შექმნის უფრო კომპლექსური და მძლავრი აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას DeFi სივრცეში.