რა არის ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვა?
მთავარი
სტატიები
რა არის ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვა?

რა არის ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვა?

გამოქვეყნებული May 23, 2023განახლებული Dec 11, 2023
9m

TL;DR

  • ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ქსელში გაგზავნილი ტრანზაქციების რაოდენობა აჭარბებს დამუშავების შესაძლებლობას.

  • ქსელის გადატვირთვის მიზეზი შეიძლება იყოს ტრანზაქციების გაზრდილი რაოდენობა, ბლოკების მცირე ზომა და ბლოკების შექმნის დაბალი სიჩქარე.

  • ქსელის გადატვირთვის შესაძლო შედეგებია ტრანზაქციის გაზრდილი საკომისიო, ტრანზაქციის დადასტურების შემცირებული სიჩქარე და მომხმარებლის გამოცდილების გაუარესება. 

  • 2023 წლის გაზაფხულზე Bitcoin-ის ქსელი გადაიტვირთა, როდესაც BRC-20 ტოკენებთან დაკავშირებულმა ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ მომლოდინე ტრანზაქციებისა და საკომისიოების მკვეთრი მატება გამოიწვია. 

რა არის ქსელის გადატვირთვა?

ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვა ხდება როცა ქსელში გაგზავნილი ტრანზაქციების რაოდენობა აჭარბებს ქსელის მიერ ამ მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას. მისი გამომწვევი მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის გარე ფაქტორები, როგორიცაა ბაზრის მერყეობა და ქსელის მახასიათებლები, მაგალითად  ბლოკის ზომა და ბლოკის შექმნის სიჩქარე. 

დეტალური განხილვის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია ბლოკჩეინზე ბლოკების დამატების პროცესს გავეცნოთ. 

როგორ მუშაობს ბლოკჩეინის ტექნოლოგია? 

ბლოკჩეინი ბლოკების ჯაჭვისგან შედგება, თითოეული ბლოკი კი მომხმარებლების მიერ შექმნილი ტრანზაქციების მონაცემებს შეიცავს. ბლოკჩეინზე დამატებული თითოეული ბლოკი სამუდამო და უცვლელია. 

ეს ბლოკები იგზავნება ნოდების დეცენტრალიზებულ ქსელში, თითოეული ნოდი ამ ბლოკჩეინის ასლს ინახავს. კრიპტოგრაფიასა და თამაშთა თეორიაზე დაფუძნებული ბლოკჩეინი Bitcoin-ის, Ethereum-ის და სხვა კრიპტოვალუტების ხერხემალს წარმოადგენს.

ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვის უკეთ გასაგებად უნდა გავიგოთ ის ცნებები, რომლებიც ქსელის მიერ ტრანზაქციების დამუშავებაში მთავარ როლს თამაშობენ: mempool-ები, კანდიდატი ბლოკები, საბოლოობა და ყველაზე გრძელი ჯაჭვის პრინციპი.

რა არის „mempool“? 

Mempool არის მომდევნო ბლოკში დამატების მომლოდინე დაუდასტურებელი ტრანზაქციების ნაკრები. 

მაგალითად, როდესაც ტრანზაქცია Bitcoin ქსელში იგზავნება, ის ბლოკჩეინს მაშინვე არ ემატება. ამის ნაცვლად, ის ჯერ mempool-ში შედის (ინგლისური ფრაზის „memory pool-ის“ შემოკლება), რომელიც ყველა მომლოდინე ტრანზაქციის მოსაცდელ სივრცეს წარმოადგენს. დადასტურების შემდეგ ხდება ტრანზაქციის mempool-იდან ამოღება. 

რა არის „კანდიდატი ბლოკები“? 

კანდიდატი ბლოკები, ასევე ცნობილი როგორც „შეთავაზებული ბლოკები“ მაინერების ან ვალიდატორების მიერ ბლოკჩეინზე დასამატებლად წარდგენილი ბლოკებია. ეს ბლოკები შეიცავს დაუდასტურებელ ტრანზაქციებს, რომლებიც გავრცელებულია ქსელში, თუმცა ბლოკჩეინზე ჯერ არ არის დამატებული.

იმისთვის, რომ კანდიდატი ბლოკი დადასტურებულ ბლოკად იქცეს, საჭიროა მისი მაინინგი ან ვალიდაცია ბლოკჩეინის კონსენსუსის მექანიზმის შესაბამისად. მაგალითად, Bitcoin-ის Proof of Work (PoW) კონსენსუსის მექანიზმი მაინერებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეეჯიბრონ რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში. პირველი მაინერი, ვინც ამ ამოცანას ამოხსნის, თავის კანდიდატ ბლოკს ბლოკჩეინზე დაამატებს და შესაბამის ჯილდოს მიიღებს.

Ethereum-ის Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმში, კანდიდატი ბლოკების წარმდგენი ვალიდატორები შემთხვევითობის პრინციპით ირჩევა. სხვა ვალიდატორები ბლოკის ვალიდურობას ადასტურებენ. საკმარისი დადასტურების მიღების შემდეგ, კანდიდატი ბლოკი დადასტურებულ ბლოკად იქცევა.

რა არის „საბოლოობა“ ბლოკჩეინში? 

საბოლოობა ნიშნავს, რომ ტრანზაქციის ან ოპერაციის შეცვლა ან გაუქმება შეუძლებელია. ტრანზაქციის მიერ საბოლოობის მიღწევის შემდეგ, ის სამუდამოდ იწერება ბლოკჩეინში და მისი შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია.

Bitcoin ბლოკჩეინის შემთხვევაში, ხდება ტრანზაქციების ქსელში გავრცელება და mempool-ში დამატება. მაინერები ამ პულიდან არჩევენ და ადასტურებენ ტრანზაქციებს და შეაქვთ ისინი ახალ ბლოკებში ბლოკჩეინზე დასამატებლად. ამ ბლოკში შესული ტრანზაქციები დადასტურებულად ითვლება, თუმცა თეორიულად მაინც შესაძლებელია, რომ სხვა მაინერმა მისი კონკურენტი ბლოკის მაინინგი შეძლოს. 

ტრანზაქციის საბოლოობა დადასტურებული ბლოკების რაოდენობასთან ერთად იზრდება. ჩვეულებრივ, Bitcoin-ის ტრანზაქციები „საბოლოოდ“ ითვლება მას შემდეგ, რაც ამ ტრანზაქციების შემცველი ბლოკის შემდეგ კიდევ ექვსი ბლოკი დაემატება. Ethereum-ზე ბლოკის შექმნის დრო უფრო მოკლეა, ამიტომ „საბოლოობის“ მისაღწევად რეკომენდებულია უფრო მეტი რაოდენობის დადასტურების გამოყენება.

რა არის „ყველაზე გრძელი ჯაჭვის“ პრინციპი? 

როგორც ზემოთ არის ნაჩვენები, რამდენიმე მაინერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ახალი ვალიდური ბლოკის შექმნა. ამის გამო ბლოკჩეინზე დროებითი fork-ები იქმნება.

„ყველაზე გრძელი ჯაჭვის“ პრინციპი აღნიშნავს წესს, რომლის მიხედვითაც ბლოკჩეინის ვალიდური ვერსია არის ის, რომელზეც უფრო მეტი გამომთვლელი სიმძლავრე დაიხარჯა, ასეთი კი ჩვეულებრივ ისაა, რომელსაც ბლოკების ყველაზე გრძელი ჯაჭვი აქვს. ამის შედეგად უფრო მოკლე ჯაჭვების „ვალიდური“ ბლოკები – რომლებსაც ხშირად ობოლ ან უარყოფილ ბლოკებს უწოდებენ – უქმდება, მათი ტრანზაქციები კი mempool-ში ბრუნება.

როდესაც Ethereum-ის კონსენსუსის მექანიზმი იყო Proof of Work (PoW), ის ყველაზე გრძელი ჯაჭვის პრინციპს იყენებდა. 2022 წელს, Ethereum-ის Proof of Stake (PoS) მექანიზმზე გადასვლის შემდეგ, ქსელი იყენებს განახლებულ fork-choice ალგორითმებს, რომელიც ზომავს ჩეინის „წონას“, რისთვისაც ხდება ვალიდატორების ხმების ჯამის შეწონა ვალიდატორების staked-ether ბალანსით.

რა იწვევს ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვას? 

ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც გაგზავნილი ტრანზაქციების რაოდენობა აჭარბებს ქსელის მიერ ამ ტრანზაქციების დამუშავების შესაძლებლობას.

ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვა რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: 

გაზრდილი მოთხოვნა

ბლოკჩეინზე წარდგენილი ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება, რის გამოც mempool-ში არსებული დაუდასტურებელი ტრანზაქციების რაოდენობამ შესაძლოა გადააჭარბოს რიცხვს, რომლის დატევაც ერთ ბლოკს შეუძლია. ეს განსაკუთრებით ეხება ბლოკჩეინებს, რომელთაც გააჩნიათ ბლოკის ზომასთან და ბლოკის შექმნის დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები. 

ტრანზაქციების გაზრდილი რაოდენობის მიზეზი შეიძლება იყოს ფასის მოულოდნელი მერყეობა, რაც ტრანზაქციების აქტივობების ცვლილებს იწვევს, ან მასობრივი მიღების ციკლები. 

ბლოკის მცირე ზომა

თითოეულ ბლოკჩეინს აქვს ბლოკის ზომა, რაც ბლოკის მაქსიმალურ ზომას აღნიშნავს. ბლოკის ზომა განსაზღვრავს, თუ რამდენი ტრანზაქციის დატევა შეუძლია ბლოკს. 

მაგალითად, თავიდან Bitcoin-ის ბლოკის ზომის ლიმიტი იყო 1 მეგაბაიტი. 2017 წელს, ტრანზაქციების გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად, Bitcoin-მა დანერგა განახლება, სახელწოდებით Segregated Witness, ანუ SegWit. ის ბლოკის თეორიულ ზომას დაახლოებით 4 მეგაბაიტამდე ზრდის. 

თუ ტრანზაქციების რაოდენობა ამ ლიმიტს გაცდება, ქსელი გადაიტვირთება.

ბლოკის შექმნის დაბალი სიჩქარე 

ბლოკის შექმნის დრო აღნიშნავს დროის მონაკვეთს, რომელშიც ბლოკი ბლოკჩეინს ემატება. Bitcoin-ს ბლოკები თითქმის ყოველ 10 წუთში ემატება. თუ ტრანზაქციები გაცილებით სწრაფად შეიქმნება, გაჩნდება მომლოდინე ტრანზაქციების ნუსხა.

რა შედეგები მოჰყვება ქსელის გადატვირთვას? 

ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვას შესაძლოა მოჰყვეს არაერთი უარყოფითი შედეგი, რაც ქსელის ფუნქციონირებას შეაფერხებს. 

ტრანზაქციის გაზრდილი საკომისიო 

მაინერებლები დაინტერესებული არიან პრიორიტეტი უფრო მაღალი საკომისიოს გადამხდელ ტრანზაქციას მიანიჭონ. ამიტომ, როდესაც ბლოკჩეინის ქსელი გადაიტვირთება, მომხმარებლებს უფრო მაღალი ტრანზაქციის საკომისიოს გადახდა მოუწევთ, რათა მაინერებმა მათი ტრანზაქციები პირველ რიგში დაამუშაონ. ამით ბლოკჩეინის გამოყენება ჩვეულებრივზე მეტად გაძვირდება, რაც ყველაზე დიდ გავლენას მცირე ზომის ტრანზაქციებზე მოახდენს.

ტრანზაქციის დადასტურების დროის გაზრდა 

ქსელის გადატვირთვა შესაძლოა გახდეს ტრანზაქციის დადასტურებისა და საბოლოობის მიღწევისთვის საჭირო დროის გაზრდის მიზეზი. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ტრანზაქციის დადასტურებას შეიძლება რამდენიმე საათი, დღე ან კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ეს მომხმარებლებს შორის იმედგაცრუებას გამოიწვევს. 

მომხმარებლის გამოცდილების გაუარესება 

მაღალი საკომისიო და დადასტურების ნელი ტემპი გამოიწვევს მომხმარებელთა გამოცდილების გაუარესებას, რამაც შესაძლოა შეამციროს ბლოკჩეინის დანერგვა და პოპულარობა.

ბაზრის მერყეობა 

გადატვირთვამ შესაძლოა შექმნას გაურკვევლობა და გააძლიეროს ბაზრის მერყეობა. თუ ბევრ მომხმარებელს კრიპტოვალუტის გაყიდვა უნდა, მაგრამ ქსელი ძალიან გადატვირთულია და ამ ტრანზაქციების დამუშავებას ვერ მოახერხებს, შესაძლოა მომხმარებლები შეშინდნენ და დაუყოვნებლივ დაიწყონ შენახული აქტივების გაყიდვა.

სხვა შედეგებს შორის არის უსაფრთხოების რისკები და ქსელის ცენტრალიზაციის რისკი. უფრო კონკრეტულად, დადასტურებისთვის მეტი დროის საჭიროება ზრდის „ორმაგი გადახდის“ თავდასხმის რისკს, უფრო მაღალი საკომისიო კი მაინინგის ძალია ცენტრალიზაციის გამომწვევი ხდება.  

ქსელის გადატვირთვის მაგალითები 

მნიშვნელოვანი დონის გადატვირთვის შემთხვევებს ადგილი ქონდა როგორც Bitcoin, ასევე Ethereum ქსელზე.  

Bitcoin ქსელის გადატვირთვა

Bitcoin-ის ფასი მნიშვნელოვნად 2017 წლის ბოლოსა და 2018 წლის დასაწყისში იზრდებოდა, რასაც ამ დრომდე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის გადატვირთვა მოჰყვა. Bitcoin-ის პოპულარობის ზრდამ გამოიწვია მოთხოვნისა და ტრანზაქციების მასობრივი მატება, რასაც მოჰყვა ტრანზაქციების ხანგრძლივი დაყოვნება და ტრანზაქციის საკომისიოების მკვეთრი ზრდა. ტრანზაქციის საკომისიოს საშუალო მაჩვენებელმა $50-საც კი გადააჭარბა.

2023 წლის გაზაფხულზე Bitcoin-ის ქსელი გადაიტვირთა, როდესაც BRC-20 ტოკენებთან დაკავშირებულმა ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ მომლოდინე ტრანზაქციებისა და საკომისიოების მკვეთრი მატება გამოიწვია. ერთ კონკრეტულ მომენტში 400 000 დაუდასტურებელი ტრანზაქცია დაგროვდა, რამაც mempool-ში bottleneck შექმნა. რამდენიმე კვირის ვადაში ტრანზაქციის საკომისიო 300%-ზე მეტით გაიზარდა. 

Ethereum ქსელის გადატვირთვა

Ethereum ქსელის სერიოზული გადატვირთვა დაფიქსირდა 2017 წელს, რაც გამოწვეული იყო „CryptoKitties“ პროექტის პოპულარობის ბუმით, რამაც ქსელი მნიშვნელოვნად შეანელა. ქსელის გადატვირთვა მოჰყვა DeFi ბუმსაც, რამაც გაზის ღირებულება გაზარდა.

გადატვირთვა შესაძლოა ყველა ბლოკჩეინის ქსელს დაემუქროს. სხვა ბლოკჩეინებისგან განსხვავებით, Bitcoin და Ethereum ქსელების გადატვირთვამ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო და უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინა, რაც განპირობებულია ამ ქსელების პოპულარობითა და მნიშვნელობით.  

ქსელის გადატვირთვის შემცირების გზები

ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვის საკითხი რთული პრობლემაა. არსებობს რამდენიმე მიდგომა და თითოეულ მათგანს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. 

ბლოკის ზომის გაზრდა

ზომის გაზრდა თითოეულ ბლოკს მეტი ტრანზაქციის დამუშავების საშუალებას მისცემს, რითაც ქსელის გამტარუნარიანობა გაიზრდება. მეორე მხრივ, უფრო დიდი ბლოკების ქსელში გავრცელებას მეტი დრო სჭირდება, რაც დროებითი fork-ების წარმოქმნის რისკს ზრდის. ისინი უფრო დიდ ადგილსაც იკავებს, რაც შესაძლოა გაზარდოს ცენტრალიზაციის რისკი.

ბლოკის შექმნის დროის შემცირება 

ბლოკის შექმნის დროის შემცირება ქსელს ტრანზაქციების უფრო სწრაფად დამუშავების საშუალებას მისცემს. თუმცა შემცირებულმა დრომ შესაძლოა გაზარდოს ობოლი ბლოკების რაოდენობა და უსაფრთხოებაც დააზიანოს.

მეორე დონის ტექნოლოგიები 

ეს არის off-chain ტექნოლოგიები, რომლებიც ტრანზაქციებს მთავარი ბლოკჩეინისგან დამოუკიდებლად ამუშავებს და on-chain გადააქვს მხოლოდ საბოლოო მონაცემები. ამ ტექნოლოგიის მაგალითებია Bitcoin-ის Lightning Network და Ethereum-ის Plasma. მათ შეუძლიათ მასშტაბირების გაზრდა, თუმცა მათი დანერგვა რთულია და უსაფრთხოების დამატებით პრობლემებს უკავშირდება.

შარდინგი 

შარდინგი ეწოდება ტექნიკას, როდესაც ბლოკჩეინი შედარებით მცირე ზომის ნაწილებად იყოფა, რომელთაგან თითოეულს ტრანზაქციებისა და სმარტ კონტრაქტების დამუშავება შეუძლია. ეს ქსელის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. თუმცა მეორე დონის ტექნოლოგიების მსგავსად, შარდინგიც სირთულეებთანაა დაკავშირებული და უსაფრთხოების დამატებით რისკებს ქმნის.

ქსელის გადატვირთვის პრობლემის აღმოფხვრის ვარიანტებს შორის არის საკომისიოების რეგულირება და მასშტაბირების ტექნოლოგიები, მათ შორის ოპტიმისტური და ნულოვანი ინფორმაციის როლაფები. Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმი ჩვეულებრივ უფრო სწრაფია, ვიდრე Proof of Work (PoW).  

შეჯამება 

სავარაუდოა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს, ამიტომ ქსელის გადატვირთვის პრობლემა უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ქსელის მიერ დიდი ოდენობით ტრანზაქციების ეფექტიანად დამუშავების უნარი უმნიშვნელოვანესია ფართო გავრცელებისა და პოპულარიზაციის მხრივ. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა ბლოკჩეინის იმ სისტემებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ, რეალურ დროში განხორციელებად ტრანზაქციებზე ორიენტირდება.

ბლოკჩეინის ქსელის გადატვირთვა სერიოზულ პრობლემებთან ასოცირდება, მაგრამ საზოგადოება აქტიურად მუშაობს მათ მოგვარებასა და შემცირებაზე. სწორედ ამიტომ, ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის გაზრდაზე ორიენტირებული კვლევა ინდუსტრიის პრიორიტეტს წარმოადგენს. 

დამატებითი საკითხავი 

რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?

რა არის ბლოკჩეინ ტრანზაქციის საკომისიო?

როგორ ხდება Bitcoin-ის მაინინგი

რა არის საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა Bitcoin ქსელში?

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.