Multisignature

ტერმინი multisig აღნიშნავს „მრავალ ხელმოწერას“ და წარმოადგენს ციფრული ხელმოწერის კონკრეტულ ტიპს, რომელიც შეიძლება შეიქმნას რამდენიმე უნიკალური ხელმოწერის კომბინირებით. multisig ტექნოლოგია იძლევა ციფრულ დოკუმენტებზე ან კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზე კოლექტიური ხელმოწერის დამატების საშუალებას. 

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „multisig“ კრიპტოვალუტების სამყაროსთანაა ასოცირებული, ეს პრინციპი Bitcoin-ის შექმნამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ამ ტექნოლოგიის Bitcoin-ის მისამართებში ინტეგრაცია 2012 წელს განხორციელდა, თუმცა პირველი multisig საფულე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიქმნა. 


როგორ მუშაობს?

მოკლედ რომ ვთქვათ, multisignature მისამართზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად 2 ან მეტი ხელმოწერის დამატების შემთხვევაში. 

წარმოიდგინეთ უსაფრთხოების დეპოზიტის ყუთი, რომელსაც აქვს ორი საკეტი და ორი გასაღები. ერთი გასაღები აქვს ელისს, მეორე კი - ბობს. დეპოზიტის ყუთის გახსნისთვის საჭიროა ორივე გასაღების ერთდროულად გამოყენება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი პირი ვერ შეძლებს ყუთის გახსნას მეორის ნებართვის გარეშე.

multisig საფულეები გვთავაზობს უსაფრთხოების დამატებით ფენას, რადგან ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ პრობლემები, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია ერთგასაღებიანი საფულეების გამოყენებასთან (როდესაც ანგარიშთან წვდომისთვის გამოიყენება ერთი პირადი გასაღები). ერთგასაღებიანი სისტემების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ საფულეების დაცვა უზრუნველყოფილია კრიტიკული სუსტი წერტილის მქონე სისტემით, ეს კი საქმეს უადვილებს კიბერდამნაშავეებს, რომლებიც მუდმივად აუმჯობესებენ ფიშინგის მეთოდებს და ცდილობენ მომხმარებელთა კრიპტოვალუტის მითვისებას.

რადგან multisig მისამართებიდან თანხების გადარიცხვისთვის საჭიროა ერთზე მეტი ხელმოწერა, ამ სისტემის გამოყენება შეუძლიათ ბიზნესებს და კორპორაციებს, რომელთაც სურთ თანხების საზიარო საფულეში შენახვა. ეს შეამცირებს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია თანხების ერთი პირის მიერ კონტროლთან ან ერთი პირადი გასაღების ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ გამოყენებასთან.