რა არის Bitcoin-ის ბანკომატები?
მთავარი
სტატიები
რა არის Bitcoin-ის ბანკომატები?

რა არის Bitcoin-ის ბანკომატები?

განახლებული Sep 26, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • Bitcoin-ის ბანკომატები (Bitcoin ATM ან BTM) მომხმარებლებს ნაღდი ფულის ან სადებეტო ბარათის გამოყენებით bitcoin-ების (ზოგიერთ შემთხვევაში სხვა კრიპტოვალუტების) შეძენის და გაყიდვის საშუალებას აძლევს.

  • თუ არ გაქვთ კრიპტოვალუტების სივრცეში მუშაობის გამოცდილება, Bitcoin-ის ბანკომატის გამოყენებამდე კრიპტო საფულის შექმნა დაგჭირდებათ.

  • Bitcoin-ის ბანკომატები მარტივად გამოსაყენებელი აპარატებია, თუმცა მათთვის დამახასიათებელია მაღალი საკომისიოები, რაც ხშირ შემთხვევაში ბევრად აღემატება მათი ონლაინ ალტერნატივების მიერ დაწესებულ საკომისიოებს. თანხის ოდენობა ზოგჯერ ტრანზაქციის თანხის სრული ოდენობის 20%-საც კი აღწევს.

რა არის Bitcoin-ის ბანკომატი?

გაინტერესებთ როგორ უნდა შეიძინოთ bitcoin ძველი, ტრადიციული მეთოდით, ნაღდი ფულის მეშვეობით? სწორედ ამისთვისაა შექმნილი Bitcoin-ის ბანკომატები!

Bitcoin-ის ბანკომატები bitcoin-ების (BTC) შესაძენად ან გასაყიდად შექმნილი ფიზიკური აპარატებია. ისინი ძირითადად საჯარო სივრცეებში გვხვდება და მსურველებს ნაღდი ფულის ან სადებეტო ბარათის გამოყენებით BTC-ის (ზოგიერთ შემთხვევაში სხვა კრიპტოვალუტების) შეძენის და გაყიდვის საშუალებას აძლევს. ეს აპარატები ტრადიციული საბანკო ბანკომატების მსგავსად ფუნქციონირებს, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მათი მეშვეობით, ნაცვლად სტანდარტული ბანკისა, უკავშირდები კრიპტოვალუტების გასაოცარ სამყაროს.

როგორ მუშაობს Bitcoin-ის ბანკომატები?

Bitcoin-ის ბანკომატების გამოყენება საკმაოდ მარტივია. Bitcoin-ის შესაძენად საჭიროა აპარატში თანხის შეტანა და თქვენი საფულის QR კოდის დასკანერება, რის შემდეგაც ბანკომატი ავტომატურად გადარიცხავს BTC-ს თქვენი საფულის მისამართზე. ამ პროცესს უფრო დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ, თუმცა აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ამ სერვისით სარგებლობისთვის პირველ რიგში საჭიროა კრიპტო საფულის შექმნა.

ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, Bitcoin-ის ბანკომატები გვთავაზობთ როგორც კრიპტოვალუტების ყიდვის, ისე გაყიდვის შესაძლებლობას. თუმცა არსებობს Bitcoin ბანკომატები, სადაც შესაძლებელია მხოლოდ შეძენის ან გაყიდვის ოპერაციების განხორციელება.

თუ ბანკომატის მეშვეობით შესაძლებელია bitcoin-ის გაყიდვა, ამისთვის საჭირო იქნება მონეტების გაგზავნა თქვენი საფულიდან აპარატის მიერ მოწოდებულ მისამართზე. ტრანზაქციის ბლოკჩეინზე დადასტურების შემდეგ (რასაც შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს) შეძლებთ ბანკომატიდან თანხის აღებას. თუმცა აუცილებელია იმის გადამოწმება, შესაძლებელია თუ არა თქვენ მიერ არჩეული ბანკომატის მეშვეობით გაყიდვის ოპერაციის განხორციელება.

bitcoin-ის ბანკომატი btm

რა შეიძლება იქცეს პრობლემად? საკომისიოები!

მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის ბანკომატები საკმაოდ მოსახერხებელია, მათი გამოყენება ასევე დაკავშირებულია გარკვეულ უარყოფით ფაქტორებთან. კრიპტოვალუტების ბანკომატების უმეტესობის გამოყენებისას საჭიროა საკმაოდ მაღალი საკომისიოების გადახდა. ამ საკომისიოების ოდენობა შესაძლოა შეადგენდეს ტრანზაქციის თანხის სრული ოდენობის 7 - 20%-ს, რაც ბევრად აღემატება ონლაინ ბირჟის გამოყენების შემთხვევაში გადასახდელი საკომისიოს ოდენობას. 

მაგალითად, ონლაინ კრიპტო ბირჟები ძირითადად აწესებენ 1% და 4% საკომისიოებს საბანკო დეპოზიტებისთვის და საკრედიტო ბარათით განხორციელებული შესყიდვებისთვის. Binance-ზე დეპოზიტის საკომისიოები მერყეობს 0%-დან 2%-მდე, რაც დამოკიდებულია არჩეულ ვალუტაზე, ადგილმდებარეობასა და გადახდის მეთოდზე. თუ თქვენს რეგიონში ხელმისაწვდომია Binance P2P, თქვენთვის ასევე ხელმისაწვდომია კრიპტოვალუტების ონლაინ ყიდვის და გაყიდვის შესაძლებლობაც საკმაოდ დაბალი საკომისიოს სანაცვლოდ.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin ბანკომატები გვთავაზობს უფრო მეტ კომფორტს, მათი გამოყენება ბევრად უფრო დიდ ხარჯებთანაა ასოცირებული. გარდა ამისა, ზოგიერთ აპარატს გააჩნია ტრანზაქციების თანხის მინიმალური და მაქსიმალური ლიმიტი. მაგალითად, შესაძლოა დაწესებული იყოს 10$-იანი მინიმალური ზღვარი bitcoin-ის შეძენისას, ან რამდენიმე ათასი დოლარის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი თითო ტრანზაქციის ფარგლებში შესყიდვის განხორციელებისას. შესაბამისად, ნებისმიერი აპარატის გამოყენებამდე, აუცილებელია ამ შეზღუდვების გადამოწმებაც!

გარდა ამისა, აუცილებელია გამოიჩინოთ სიფრთხილე და აირჩიოთ სათანადო რეიტინგის მქონე ბანკომატი, სადაც ხელმისაწვდომია მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია, ფასების მონაცემები და საკომისიოების ცხრილი. ეს მონაცემები დაგეხმარებათ ყალბი ბანკომატების ამოცნობაში.

სად შეიძლება Bitcoin-ის ბანკომატების პოვნა?

Bitcoin-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდება მისი ბანკომატების რაოდენობაც. ამჟამად მსოფლიოში ათიათასობით კრიპტო ბანკომატი არსებობს, მათი უმეტესობა გვხვდება აშშ-ში, თუმცა ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი სხვა ქვეყნებში გავრცელებაც. 

ისინი ხშირად გვხვდება ისეთ სივრცეებში, როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურები, სავაჭრო ცენტრები და აეროპორტები. გარდა ამისა, მათ მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ონლაინ სერვისები, როგორიცაა Coin ATM Radar, რომელიც თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული ბანკომატის მოძებნაში დაგეხმარებათ.

სად შეიძლება Bitcoin-ის ბანკომატების პოვნა

Bitcoin-ის ბანკომატების დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

  • გამოყენების სიმარტივე: იდეალური საშუალებაა დამწყებთათვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ კრიპტოვალუტების სივრცეში და არ სურთ ონლაინ ბირჟების გამოყენება.

  • ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობა: Bitcoin-ის შეძენა შესაძლებელია მარტივად, ნაღდი ფულის მეშვეობით, საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე.

  • სისწრაფე: საბანკო გადარიცხვებისგან განსხვავებით, ამ აპარატების გამოყენების შემთხვევაში არ არის საჭირო რამდენიმე დღის განმავლობაში ლოდინი.

უარყოფითი მხარეები

  • მაღალი საკომისიოები: ამ აპარატების გამოყენება ხშირ შემთხვევაში მათ ონლაინ ალტერნატივებთან შედარებით ბევრად დიდ ხარჯებთანაა ასოცირებული.

  • შეზღუდული ხელმისაწვდომობა: მიუხედავად მათი პოპულარობის ზრდისა, შესაძლოა თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში არსებული ბანკომატის გამოსაყენებლად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა დაგჭირდეთ.

  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები: აუცილებელია სიფრთხილე. ნებისმიერი სხვა ფულის აპარატის მსგავსად, Bitcoin-ის ბანკომატიც შესაძლოა აღმოჩნდეს თაღლითური თავდასხმის ან ქურდობის სამიზნე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ყალბი ბანკომატების არსებობაც.

როგორ ხდება Bitcoin-ის ბანკომატის გამოყენება?

bitcoin-ის ბანკომატი btm

გსურთ სცადოთ ამ აპარატის გამოყენება? გთავაზობთ ინსტრუქციებს, რომელიც Bitcoin-ის ბანკომატის გამოყენებას საკმაოდ გაგიმარტივებთ:

  1. შექმენით კრიპტო საფულე: Bitcoin-ის მისაღებად საფულის მისამართი დაგჭირდებათ. დარწმუნდით, რომ შესაძლებელია თქვენი კრიპტო საფულის მეშვეობით QR კოდის გენერირება (მაგ., Binance-ის აპლიკაცია ან Trust საფულე).

  2. მოძებნეთ თქვენთან ახლოს მდებარე Bitcoin-ის ბანკომატი: გამოიყენეთ ონლაინ საძიებო სისტემა, მაგალითად Coin ATM Radar და იპოვეთ უახლოესი აპარატი. გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოერიდეთ ყალბ ბანკომატებს. აირჩიეთ კარგი რეიტინგის მქონე ბანკომატი, სადაც ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია (მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია, ფასების და საკომისიოების მონაცემები და ა.შ.).

  3. გაიარეთ ვინაობის ვერიფიკაცია: ზოგიერთი აპარატის გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი ტელეფონის ნომრის მითითება ან ვინაობის დამადასტურებელი ფოტოს წარდგენა. ზოგიერთ შემთხვევაში, ვერიფიკაციის საჭიროება დამოკიდებულია თქვენ მიერ შეძენილი ან გაყიდული Bitcoin-ების რაოდენობაზე.

  4. დაასკანერეთ თქვენი საფულის QR კოდი: როდესაც მზად იქნებით შესაძენად, დაასკანერეთ თქვენი საფულის QR კოდი, რათა აპარატმა შეძლოს იმ მისამართის დადგენა, სადაც იგზავნება თქვენ მიერ შეძენილი bitcoin-ები.

  5. განახორციელეთ გადახდა: მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს და შეიტანეთ ნაღდი ფული ან სადებეტო ბარათის შესაბამის განყოფილებაში მოთავსებით გადაიხადეთ სასურველი თანხა.

  6. დაადასტურეთ ტრანზაქცია: ბლოკჩეინზე ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ, თქვენ მიერ შეძენილი bitcoin აისახება თქვენს საფულეში. ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, რაც დამოკიდებულია ქსელის დატვირთაზე.

რეკომენდებულია თუ არა Bitcoin-ის ბანკომატის გამოყენება?

ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. Bitcoin-ის ბანკომატები კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს bitcoin-ის ნაღდი ფულით შეძენის საშუალებას. თუმცა აუცილებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული რისკების, მაღალი საკომისიოების და ხარჯების გათვალისწინება. 

ხშირად, მიუხედავად Bitcoin-ის ბანკომატების მიერ შემოთავაზებული კომფორტისა, მომხმარებლები თავს იკავებენ მათი გამოყენებისგან სწორედ ზემოხსენებული მაღალი საკომისიოების და პოტენციური რისკების გამო. რეალურად, უფრო გონივრულია კრიპტოვალუტების შეძენა ისეთ პოპულარულ ბირჟებზე, როგორიცაა Binance, სადაც ხელმისაწვდომია გადახდის მრავალი სხვადასხვა მეთოდი და ვალუტა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.