რა არის სრულად ჰომომორფული დაშიფვრა (FHE)?

რა არის სრულად ჰომომორფული დაშიფვრა (FHE)?

განახლებული Jul 21, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • სრულად ჰომომორფული დაშიფვრა (FHE) საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ გამომთვლელი პროცესები დაშიფრულ მონაცემებზე მათი გაშიფვრის საჭიროების გარეშე, რაც უზრუნველყოფს სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობას დამუშავების პროცესშიც კი.

  • FHE იყენებს კოორდინატთა ბადეზე დაფუძნებულ მათემატიკას, რომელიც მედეგად მიიჩნევა მომავალი კვანტური კომპიუტერების მხრიდან შესაძლო თავდასხმების მიმართ.

  • მისი გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის კონფიდენციალური ანალიზი, კონფიდენციალური ქლაუდ-გამოთვლები და ბლოკჩეინ-აპლიკაციებში სმარტ კონტრაქტების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

  • FHE, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დიდი ოდენობით გამომთვლელ რესურსებს მოითხოვს, თუმცა, აპარატურული გაუმჯობესებებისა და ოპტიმიზებული ერთეულების ინტეგრირების პროცესები მას უფრო პრაქტიკულს ხდის რეალური სამყაროს სისტემებში გამოსაყენებლად.

Binance Courses Academy-ს ბანერი

შესავალი

ციფრული სერვისების მეშვეობით დამუშავებული სენსიტიური მონაცემების მოცულობა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა და შენარჩუნება, რაც სულ უფრო რთულად შესასრულებელი ამოცანა ხდება. დაშიფვრის მეთოდების უმეტესობა მონაცემთა დაცვას მხოლოდ მათი შენახვისა და გადატანის პროცესების ფარგლებში უზრუნველყოფს და არა უშუალოდ დამუშავებისას. გამომთვლელი პროცესების განხორციელებისთვის, სერვერს, როგორც წესი, პირველ რიგში მონაცემების გაშიფვრა უწევს, რაც ამ სისტემების „სუსტ წერტილს“ წარმოადგენს.

სწორედ ზემოხსენებული პრობლემის აღმოსაფხვრელად შემუშავდა სრულად ჰომომორფული დაშიფვრის (FHE) მოდელი. ის უზრუნველყოფს გამომთვლელი პროცესების დაშიფრულ მონაცემებთან მიმართებაში განხორციელების შესაძლებლობას, რის შედეგადაც ასევე დაშიფრული მონაცემები მიიღება. შესაბამისად, საბაზისო ინფორმაციის კონფიდენციალურობა ხელუხლებელი რჩება. End-to-end encryption (E2EE) მოდელისგან განსხვავებით, სადაც მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა მათი გადატანისას ხდება, FHE მოდელის შემთხვევაში აღნიშნული ზომები მიიღება უშუალოდ მონაცემების დამუშავების პროცესშიც. ეს განსხვავება FHE-ს თანამედროვე კრიპტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად აქცევს.

რა არის სრულად ჰომომორფული დაშიფვრა?

სრულად ჰომომორფული დაშიფვრა წარმოადგენს დაშიფვრის ისეთ ტიპს, რომელიც შიფროტექსტზე ნებისმიერი სახის გამომთვლელი ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ტერმინი „ჰომომორფული“ აღნიშნავს მათემატიკურ სტრუქტურას, სადაც დაშიფრულ მნიშვნელობებზე შესრულებული ოპერაციები იძლევა ისეთ შედეგებს, რომლებიც გაშიფვრის შემდეგ ზუსტად ემთხვევა საწყის, გაუშიფრავ მონაცემებზე იმავე ოპერაციების ჩატარებით მიღებულ შედეგს.

ტრადიციული დაშიფვრის სქემები, როგორიცაა სიმეტრიული და ასიმეტრიული დაშიფვრა, უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შენახვისა და გადატანის პროცესებში, თუმცა ნებისმიერი თვალსაზრისით დამუშავებამდე საჭირო ხდება მათი გაშიფვრა. FHE აღმოფხვრის აღნიშნულ აუცილებლობას. თქვენ შეგიძლიათ დაშიფროთ თქვენი მონაცემები, გაგზავნოთ ქლაუდ-სერვერზე, სერვერმა განახორციელოს რთული ოპერაციები მათთან მიმართებაში და შედეგების სახით მიიღოთ ასევე დაშიფრული მონაცემები. საბოლოო მონაცემების წაკითხვა მხოლოდ თქვენ – გაშიფვრის გასაღების მფლობელს შეგეძლებათ.

ეს კონცეფცია პირველად კრეიგ ჯენტრიმ (Craig Gentry) წარუდგინა საზოგადოებას 2009 წელს. ადრეული იმპლემენტაციები მეტისმეტად ნელი იყო პრაქტიკული გამოყენების უმეტესი შემთხვევისთვის, თუმცა ალგორითმებისა და აპარატურული უზრუნველყოფის სტაბილურმა გაუმჯობესებამ 2020-იანი წლების დასაწყისიდან FHE სულ უფრო რეალისტური და პრაქტიკული გახადა.

როგორ მუშაობს FHE?

FHE სისტემები იყენებს კრიპტოგრაფიულ კოორდინატთა ბადეზე დაფუძნებულ მათემატიკურ ფორმულებს, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო გასაღებების კრიპტოგრაფიულ მოდელთან. მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემები კოდირებულია ისეთ მათემატიკურ სტრუქტურაში (კოორდინატთა ბადეზე), რომელზეც გამომთვლელი პროცესების განხორციელება მარტივია, ხოლო შესაბამისი გასაღების გარეშე მისი პირვანდელი სახის აღდგენა – უკიდურესად რთული.

FHE სქემის მეშვეობით მონაცემების დაშიფვრისას მიიღება შიფროტექსტი, რომლის შეკრება ან გამრავლება შესაძლებელია სხვა შიფროტექსტებზე. ეს ოპერაციები პირდაპირ შეესაბამება საწყისი ღია ტექსტის მნიშვნელობების შეკრებისა და გამრავლების პროცესებს. შეკრებისა და გამრავლების ოპერაციების კომბინაციით კი შესაძლებელია ნებისმიერი გამომთვლელი პროცესის წარმოდგენა – მარტივი საშუალო არითმეტიკულიდან დაწყებული, მანქანური სწავლების რთული ანალიზით დამთავრებული.

FHE სქემები თითოეული ოპერაციის შესრულებისას შიფროტექსტში მცირე ოდენობით „ხმაურს“ წარმოქმნის. პროცესი, რომელსაც „Bootstrapping“ ეწოდება, ანახლებს ამ ხმაურს, რათა გამოთვლები უშეცდომოდ და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. სწორედ Bootstrapping მოითხოვს ყველაზე დიდი ოდენობით გამომთვლელ რესურსებს, რის გამოც ოპტიმიზაციის პროცესში ძირითადი ყურადღება მასზე მახვილდება.

FHE-ის ძირითადი მახასიათებლები

კვანტური თავდასხმების მიმართ მედეგობა

FHE იყენებს კოორდინატთა ბადეზე დაფუძნებულ მათემატიკურ ამოცანებს, რომლებიც რთულად ამოსახსნელად ითვლება კვანტური კომპიუტერებისთვისაც კი. ეს მას პოსტკვანტური კრიპტოგრაფიის პოტენციურ კანდიდატად აქცევს, რაც გულისხმობს ალგორითმების იმ კატეგორიას, რომელიც შექმნილია უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მასშტაბური კვანტური კომპიუტერების ხელმისაწვდომობის შემთხვევაშიც კი. სტანდარტიზაციის ორგანოს წარმომადგენლები FHE-ს რამდენიმე სქემას უკვე განიხილავენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის გრძელვადიანი მოდელის სახით გამოყენების თვალსაზრისით.

საჯაროდ გადამოწმების შესაძლებლობა

FHE-ს ზოგიერთი კონსტრუქცია საჯარო გადამოწმების შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია დაადასტუროს დაშიფრულ მონაცემებთან მიმართებაში განხორციელებული გამომთვლელი პროცესების სისწორე თავად ამ მონაცემებზე წვდომის გარეშე. აღნიშნული მახასიათებელი ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების მსგავსია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეცენტრალიზებული სისტემების ფარგლებში გამოყენებისას, სადაც მონაწილეებს შორის ნდობა გარანტირებული არ არის.

კომბინირებადობა

FHE-ს გამოთვლების ჯაჭვურად დაკავშირება და გაერთიანება სხვადასხვა სისტემასა თუ მონაწილეს შორისაცაა შესაძლებელი. სწორედ ეს თვისება ხდის მას შესაფერისს ისეთი სიტუაციებისთვის, როდესაც რამდენიმე ორგანიზაციას სურს მონაცემების ერთობლივი ანალიზის განხორციელება ერთმანეთისთვის საწყისი მონაცემთა ნაკრებების გაზიარების გარეშე.

სრულად ჰომომორფული დაშიფვრის უპირატესობები

  • მონაცემები დაშიფრული რჩება დამუშავების პროცესში, რაც მინიმუმამდე ამცირებს გაჟონვის, შიდა საფრთხეებისა თუ სერვერთან დაკავშირებული რისკების ალბათობას.

  • სერვისის პროვაიდერებსა თუ ქლაუდ-პლატფორმებს შეუძლიათ დაამუშაონ თქვენი მონაცემები მათზე უშუალო წვდომის გარეშე, რაც სრულიად გამორიცხავს მესამე მხარეებისადმი ნდობის აუცილებლობას.

  • მონაცემთა დაცვის რეგულაციებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა დაამუშაონ სენსიტიური ინფორმაცია შესაბამისობის სტანდარტების სრული დაცვით, ვინაიდან მონაცემები რჩება დაშიფრული პროცესების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

  • FHE უზრუნველყოფს ხელოვნურ ინტელექტთან, ჯანდაცვის და ფინანსურ სფეროსთან მიმართებაში გამოყენების სრულად ახლებურ მეთოდებსა და შესაძლებლობებს. ეს გახლავთ ის სფეროები, სადაც ინოვაციების დანერგვის პროცესებს, აქამდე კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები აფერხებდა.

პრაქტიკული გამოყენების შემთხვევები

ფინანსური სერვისები

FHE-ს წყალობით, ბანკებსა და ფინანსურ დაწესებულებებს შეუძლიათ თაღლითობის გამოვლენის მოდელებისა და კრედიტუნარიანობის შეფასების მოდელების გაშვება, უშუალოდ მომხმარებელთა დაშიფრულ მონაცემებთან მიმართებაში. ეს იძლევა ანალიტიკისა და შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას, ანალიტიკოსებისა თუ გარე კონტრაქტორების მიერ პერსონალურ ფინანსურ ჩანაწერებზე წვდომის მოპოვების გარეშე.

ჯანდაცვა

საავადმყოფოებსა და კვლევით დაწესებულებებს ეძლევათ შესაძლებლობა, კლინიკური კვლევებისთვის ერთმანეთს პაციენტთა დაშიფრული მონაცემები გაუზიარონ კონფიდენციალურობის რეგულაციების დარღვევის გარეშე. FHE-ს მეშვეობით შესაძლებელი ხდება სტატისტიკური ანალიზისა და მანქანური სწავლების მოდელების გაშვება ამ ბაზებზე ისე, რომ არც ერთი ინდივიდუალური ჩანაწერი არ გამჟღავნდეს.

ბლოკჩეინი და დეცენტრალიზებული ფინანსები

FHE სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ბლოკჩეინ ქსელებზეც. კონფიდენციალურ სმარტ კონტრაქტებს FHE-ს მეშვეობით ეძლევათ შესაძლებლობა დაამუშაონ ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა საფულის ბალანსი თუ ვაჭრობის პარამეტრები და ამავდროულად, მოახდინონ საჯაროდ გადამოწმებადი შედეგების გენერირება. კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის ამგვარი ერთიანობა განსაკუთრებით ღირებულია on-chain ფინანსური აპლიკაციებისთვის, სადაც დღესდღეობით სენსიტიური მონაცემების ვალიდატორებისთვის გაზიარება აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

AI და ქლაუდ-გამოთვლები

FHE-ს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენებაა. მომხმარებელი შიფრავს თავის მონაცემებს, აგზავნის სერვერზე განთავსებულ AI მოდელზე და პასუხს ასევე დაშიფრული მონაცემების სახით იღებს. სერვერი მოდელს სრულად დაშიფრულ მონაცემებთან მიმართებაში ააქტიურებს და არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბაზისო მონაცემებზე. FHE-ს წარმადობის გაუმჯობესებასთან ერთად, ეს მიდგომა შესაძლოა სულ უფრო ფართოდ დაინერგოს სამომხმარებლო აპლიკაციებში.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს ტერმინი „ჰომომორფული“?

ტერმინი „ჰომომორფული“ აღწერს მათემატიკურ თვისებას, როდესაც დაშიფრულ მონაცემებთან მიმართებაში განხორცილებული ოპერაციებით მიღებული შედეგები, გაშიფვრის შემდეგ ზუსტად შეესაბამება იმ შედეგებს, რომელსაც აღნიშნული ოპერაციების დაუშიფრავ მონაცემებთან მიმართებაში განხორციელების შემთხვევაში მივიღებდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაშიფვრა და მათემატიკური გამოთვლები ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაშია, რაც იძლევა საშუალებას, მონაცემები დაშიფრული დარჩეს დამუშავების პროცესის ფარგლებშიც.

რეალურად გამოიყენება თუ არა FHE დღეს?

დღეის მდგომარეობით, FHE აქტიურად გამოიყენება კვლევებსა და გარკვეულ კომერციულ აპლიკაციებში. ისეთმა სფეროებმა, როგორებიცაა ფინანსები, ჯანდაცვა და ქლაუდ-ინფრასტრუქტურა, უკვე დაიწყეს FHE-ს ინტეგრირება კონკრეტულ სამუშაო პროცესებში, განსაკუთრებით კი ისეთ პროცესებში, რომელთან მიმართებაშიც მონაცემთა კონფიდენციალურობის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. წარმადობის გაუმჯობესებასთან ერთად, სულ უფრო ფართოვდება აღნიშნული მოდელის გამოყენების არეალი.

რით განსხვავდება FHE end-to-end დაშიფვრის მოდელისგან?

End-to-End დაშიფვრის შემთხვევაში მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ ორ მხარეს შორის მათი მიმოცვლისას. მონაცემების დამუშავების დაწყებისთვის, მიმღებს, პირველ რიგში, მათი გაშიფვრა სჭირდება. FHE აღნიშნული თვალსაზრისით ბევრად უფრო დახვეწილია: სერვერს შეუძლია ყველა გამოთვლა პირდაპირ დაშიფრულ მონაცემებზე ჩაატაროს და შედეგიც დაშიფრული მონაცემების სახით დააბრუნოს. საბოლოო შედეგის წაკითხვა მხოლოდ მფლობელს შეუძლია, სპეციალური გაშიფვრის გასაღების მეშვეობით.

აფერხებს თუ არა FHE კომპიუტერების მუშაობას?

FHE სტანდარტული დაშიფვრის მოდელთან შედარებით ბევრად მეტ გამომთვლელ რესურსს მოიხმარს. ადრეული ვერსიები დაუშიფრავ მონაცემებთან მუშაობის მოდელებთან შედარებით ათასჯერ უფრო ნელი იყო. აპარატურულმა აქსელერატორებმა, ოპტიმიზებულმა ბიბლიოთეკებმა და ალგორითმების გაუმჯობესებამ ეს სხვაობა საგრძნობლად შეამცირა, თუმცა FHE სტანდარტულ მიდგომებთან შედარებით მაინც ბევრად მეტ რესურსს მოიხმარს. საბოლოო შედეგები კი უშუალოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კომპლექსური და მოცულობითია შესასრულებელი გამოთვლები.

არის თუ არა FHE კვანტურად უსაფრთხო?

FHE იყენებს კოორდინატთა ბადეზე დაფუძნებულ მათემატიკურ ამოცანებს, რომლებიც რთულად ამოსახსნელად ითვლება კვანტური კომპიუტერებისთვისაც კი. ეს მას პოსტკვანტური კრიპტოგრაფიის პოტენციურ კანდიდატად აქცევს. თუმცა, პოსტ-კვანტური უსაფრთხოება ჯერ კიდევ აქტიური კვლევის ეტაპზეა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას, საბოლოოდ ვერც ერთი ალგორითმი იძლევა.

შეჯამება

სრულად ჰომომორფული დაშიფვრის მეთოდის მეშვეობით შესაძლებელი ხდება სენსიტიური მონაცემების დამუშავება ისე, რომ მათზე წვდომის შესაძლებლობა არ ჰქონდეს იმ სისტემებსაც კი, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდება დამუშავების პროცესები. ეს ინოვაციური მიდგომა აღმოფხვრის დაშიფვრის ტრადიციულ მეთოდებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფს სრულიად ახალ შესაძლებლობებს ისეთ სფეროებსა და პროცესებში, როგორიცაა ქლაუდ-გამოთვლები, ჯანდაცვა, ფინანსები და ბლოკჩეინის კონფიდენციალურობა.

FHE ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, თუმცა მისი პოპულარობის დონე და გამოყენების მასშტაბები სულ უფრო ფართოვდება. აპარატურული და პროგრამული ოპერაციების ოპტიმიზაციასთან ერთად, FHE შესაძლოა იმ აპლიკაციების სტანდარტულ კომპონენტად იქცეს, სადაც მონაცემთა კონფიდენციალურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათთვის, ვისი საქმიანობის სფეროსაც მონაცემთა დიდ ნაკადებზე მომუშავე სისტემები წარმოადგენს, რეკომენდებულია მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია FHE-ს შესაძლებლობების საზღვრების გაფართოება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.