Token Generation Event (TGE)

რა არის Token Generation Event (TGE)?

Token Generation Event (TGE) გახლავთ ქრაუდფანდინგის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ბლოკჩეინის პროექტების ფარგლებში და კომპანიების მიერ, ფინანსების მოზიდვის მიზნით. ეს წარმოადგენს საწყისი მხარდამჭერებისგან დაფინანსების მიღების გზას, მათი კრიპტო ტოკენების გაშვების პარალელურად. 

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინით TGE შესაძლოა აღინიშნებოდეს ტოკენის გაშვების და ქრაუდფანდინგის სხვადასხვა ტიპი, ძირითად შემთხვევაში TGE-ები დაკავშირებულია utility ტოკენების გაშვებასთან, რომლებიც გახლავთ კონკრეტულ პროდუქტებთან, სერვისებთან ან დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ები) მიბმული ციფრული აქტივები.

TGE-ების მნიშვნელობის უკეთ გასაგებად, საჭიროა გავიაზროთ, თუ რას წამოადგენს მონეტის პირველადი შეთავაზებების კონცეფცია, რომელიც გახლდათ საკმაოდ პოპულარული ქრაუდფანდინგის მეთოდი 2014 - 2018 წლებში.

მონეტის პირველადი შეთავაზებები (ICO-ები)

კრიპტოვალუტების სივრცეში, მონეტის პირველადი შეთავაზებები (ICO-ები) წარმოადგენენ ბლოკჩეინის მეშვეობით ქრაუდფანდინგის განხორციელების ერთ-ერთ შედარებით მოძველებულ მეთოდს. ამ პრაქტიკის პოპულარიზაცია მოხდა 2014 წელს, როდესაც ICO-ს ღონისძიებით მოხდა Ethereum-ის დაფინანსება განვითარების საწყის ეტაპზე. ICO-ები განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2017 წელს, ალტკოინების ბუმის პერიოდში, როდესაც მოხდა ათასობით ტოკენის გამოშვება Ethereum-ის ბლოკჩეინზე.

საწყის ეტაპზე, ტერმინი ICO გამოიყენებოდა მხოლოდ ადგილობრივი ტოკენების გაშვების პროცესის აღსანიშნად, ე.ი იმ კრიპტოვალუტების, რომლებიც შეიქმნა და რომელთა გაშვებაც მოხდა მათ, საკუთარ ბლოკჩეინ ქსელებზე. მიუხედავად ამისა, Ethereum-ის მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, რამდენიმე პროექტის ფარგლებში მათი ERC-20 ტოკენების გაშვება მოხდა ე.წ. ICO ღონისძიებების მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ხდებოდა ტოკენების და არა ადგილობრივი მონეტების გაშვება.

ამის შემდეგ, ტერმინი ICO გამოიყენება როგორც მონეტების, ისე ტოკენების შეთავაზებებთან მიმართებაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ICO-ებმა წლების განმავლობაში თანდათან დაკარგა აქტუალურობა და მომხმარებლების მეტი ყურადღება მიიქცია სხვა ტიპის შეთავაზებებმა, როგორიცაა პირველადი საბირჟო შეთავაზებები (IEO-ები), კრიპტოვალუტების ბირჟების ფარგლებში.

ICO და TGE

როდესაც საქმე ეხება TGE-ებს და ICO-ებს, ტერმინოლოგიამ შესაძლოა ასე თუ ისე დაგვაბნიოს. ბევრი წარმოადგენს მათ, როგორც ქრაუდფანდინგის სხვადასხვა მეთოდს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა არაერთი ICO-ს განხორციელება ტოკენების და არა მონეტების გაშვების მიზნით, ზოგიერთი ICO-ს TGE-ის ერთ-ერთ ტიპად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეთოდი ერთი და იმავე მიზანს ემსახურება, TGE-ები ძირითადად ორიენტირებულია utility ტოკენების შექმნასა და გამოშვებაზე. ზოგადად, ეს ტოკენები არ მიიჩნევა უსაფრთხოების შეთავაზებად, რადგან ისინი მიბმულია კონკრეტულ პროდუქტზე, ან გამოყენების შემთხვევაზე (მაგ., წვდომა გამოწერაზე დაფუძნებულ სერვისებზე, დეცენტრალიზებულ ქლაუდ საცავზე, ხმის მიცემის სისტემებზე და ა.შ.). მეორეს მხრივ, ICO-ები ძირითადად დაკავშირებულია უსაფრთხოების ტოკენების შეთავაზებებთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გაზრდილი ზეწოლა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან.

Token Generation Events-ის (TGE-ების) დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

1. ხელმისაწვდომობა საერთაშორისო მასშტაბით: TGE-ები სტარტაპებს აძლევს საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერის მოპოვების საშუალებას.
2. დეცენტრალიზებული ქრაუდფანდინგი: TGE-ები გვთავაზობენ დეცენტრალიზებული ქრაუდფანდინგის მეთოდს, რითაც მცირდება ტრადიციული დაფინანსების მეთოდების საჭიროება.
3. ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობები: TGE-ები ეხმარება ინოვატორებს საერთაშორისო მასშტაბით, რომ სისრულეში მოიყვანონ საკუთარი იდეები დეცენტრალიზებული აპლიკაციების და პლატფორმების მეშვეობით.
4. დაფინანსების ეფექტურობა: გამარტივებული ფინანსების მოზიდვა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით. მას შეუძლია გაზარდოს ეფექტურობის დონე და შეამციროს პროექტების გაუმჯობესებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯები.
5. ინკლუზიურობა და ჩართულობა: TGE-ის ფარგლებში ხდება საინვესტიციო შესაძლებლობების დემოკრატიზაცია, რაც ნებისმიერ მომხმარებელს აძლევს პროცესებში მონაწილეობის საშუალებას, იქნება ეს დამწყები, თუ პროფესიონალი.

უარყოფითი მხარეები

1. რეგულირებასთან დაკავშირებული გაუგებრობა: TGE-ების არარეგულირებადი ბუნება ინვესტორებს პოტენციური თაღლითობისა და თაღლითური სქემების რისკის წინაშე აყენებს. ნებისმიერ რისკთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამდე, აუცილებლად აწარმოეთ შესაბამისი მოკვლევა.
2. ბაზრის მერყეობა: ტოკენების ფასები შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, რაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს მერყევი კრიპტოვალუტების ბაზრის პირობებში.
3. პროექტების მომგებიანობა: TGE-ების მეშვეობით გაშვებული ზოგიერთი პროექტი შესაძლოა ვერ ამართლებდეს ყველა მოლოდინს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური ზარალი.
4. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები: TGE-ები შესაძლოა მარტივად იქცეს ჰაკერების სამიზნედ, რადგან ისინი ხასიათდება გარკვეული ხარვეზებით პლატფორმებზე და დაფინანსებასთან ან ინფორმაციის მოპარვასთან დაკავშირებული რისკებით.
5. გუნდის სანდოობა: უმნიშვნელოვანესია საფუძვლიანი მოკვლევის წარმოება, რადგან არასანდო პროექტების გუნდების მიერ ხდება ინვესტორების ფინანსების მითვისება TGE-ების წარმატებით განხორციელების შემდეგ.

დასკვნა

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ token generation event (TGE) გახლავთ ბლოკჩეინ პროექტების მიერ ფინანსების მოზიდვის გზა, რისთვისაც ხდება utility ტოკენების შექმნა და შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ TGE-ები გვთავაზობენ საერთაშორისო ხელმისაწვდომობას, დეცენტრალიზებულ დაფინანსებას და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობებს, მათ ახლავს გარკვეული გამოწვევებიც. რეგულაციებთან დაკავშირებული ხარვეზები, ბაზრის მერყეობა, პროექტის მომგებიანობასთან დაკავშირებული ეჭვები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები ხაზს უსვამს საფუძვლიანი მოკვლევის წარმოების საჭიროებას პოტენციური მომხმარებლებისა და ადრეული მხარდამჭერების მიერ.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.