DMA (Direct Market Access)

რა არის DMA?

DMA (Direct Market Access) გახლავთ ტექნოლოგია, რომელიც ინსტიტუციურ ინვესტორებს, მაგალითად ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველებს შეკვეთების პირდაპირ ფინანსურ ბირჟებზე, ტრადიციული ბროკერების გვერდის ავლით განთავსების საშუალებას აძლევს. ეს ტრეიდერებს აძლევს საკუთარ აქტივებზე მეტი კონტროლის შესაძლებლობას, ზრდის ვაჭრობების აღსრულების სისწრაფეს და ხშირ შემთხვევაში ამცირებს საკომისიოებსაც.

DMA ტექნოლოგია ძირითადად ჰეჯ-ფონდების, ურთიერთდახმარების ფონდების და სხვა საინვესტიციო ფირმების მიერ გამოიყენება. მისი მეშვეობით ისინი მოიპოვებენ წვდომას ბირჟის შეკვეთების წიგნზე, შემდგომში ფასებთან და დროებთან დაკავშირებით უფრო ზუსტი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.

როგორ მუშაობს DMA ტრადიციულ ბაზრებზე?

ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე, თუ მომხმარებელს სურს საკუთარი აქციების ყიდვა ან გაყიდვა, მან უნდა მიმართოს ბროკერს, რომელიც შემდგომში მომხმარებლის სახელით განათავსებს შესაბამის შეკვეთას ბირჟაზე. DMA ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში ქრება პროცესებში შუამავლის (ამ შემთხვევაში ბროკერის) ჩარევის საჭიროება. 

ნაცვლად პროცესების ბროკერისთვის გადაბარებისა, DMA ტექნოლოგიის მეშვეობით ტრეიდერები პირდაპირ უკავშირდებიან ბირჟის სისტემებს და თავად განათავსებენ შეკვეთებს. ეს ანიჭებს მათ წვდომას რეალური დროის მონაცემებზე, როგორიცაა ფასების და ბაზრის სიღრმის მონაცემები, რაც ეხმარება მათ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

როგორც წესი, DMA ტექნოლოგია უზრუნველყოფილია მსხვილი ფინანსური დაწესებულებების მიერ (როგორიცაა საინვესტიციო ბანკები), რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს პირდაპირი წვდომის მოპოვებისთვის საჭირო პროგრამებსა და ინსტრუმენტებს. როგორც წესი, ეს პლატფორმები აღჭურვილია ალგორითმული ვაჭრობის ინსტრუმენტებით, რომლებიც ტრეიდერებს საკუთარი სტრატეგიების ავტომატიზაციის და სპეციალური პარამეტრების დაყენების საშულებას აძლევს, როგორიცაა დროის და ფასის პარამეტრები.

DMA-ს ძირითადი მახასიათებლები

  • აღსრულების გაუმჯობესებული სისწრაფე: DMA-ს მეშვეობით შესაძლებელია შეკვეთების უფრო სწრაფად განთავსება და აღსრულება, რადგან მისი მეშვეობით ქრება პროცესებში ბროკერების ჩარევის საჭიროება.
  • შემცირებული ტრანზაქციების საკომისიოები: გამომდინარე იქიდან, რომ აღარ არსებობს პროცესებში ტრადიციული შუამავლების ჩარევის საჭიროება, მცირდება ბროკერების სერვისებთან დაკავშირებული საკომისიოებიც.
  • გამჭვირვალობა: DMA უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას ბირჟის შეკვეთების წიგნზე, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ფასებისა და ლიკვიდურობის დონის მონაცემების მოპოვება რეალურ დროში.
  • მოქნილობა: ტრეიდერებს, რომლებიც იყენებენ DMA ტექნოლოგიას, გააჩნიათ საკუთარი ვაჭრობის სტრატეგიების მართვის უფრო მეტი შესაძლებლობა, მათ შორის შეკვეთების აღსრულების დროის და მოცულობის განსაზღვრის შესაძლებლობებიც.

DMA ტექნოლოგიის უპირატესობები

DMA ტექნოლოგია უზრუნველყოფს ბაზარზე პროცესების მართვის და ინფორმაციის მოპოვების უფრო მეტ შესაძლებლობას ტრეიდერებისთვის. ის განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ დიდი მოცულობის ან რთული სტრუქტურის ვაჭრობებს, რადგან მათ ზოგიერთ შემთხვევაში სჭირდებათ სტრატეგიების შეცვლა რეალურ დროში. მაგალითად, თუ ჰეჯ-ფონდი გამოთქვამს დიდი ოდენობით აქციების ყიდვის ან გაყიდვის სურვილს საბაზრო ფასზე მკვეთრი ზემოქმედების გარეშე, DMA ტექნოლოგიის და ინსტრუმენტების მეშვეობით ისინი შეძლებენ ვაჭრობის დაყოფას შედარებით მცირე ზომის ვაჭრობებად და მათ განაწილებას დროის გარკვეულ პერიოდზე.

რისკები და რეგულაციები

მიუხედავად DMA ტექნოლოგიის უპირატესობებისა, ის მოიცავს გარკვეულ რისკებსაც, რისი მიზეზიც ძირითად შემთხვევაში ტრანზაქციების აღსრულების სისწრაფე და მოცულობა გახლავთ. მაღალი სიხშირის ვაჭრობების ფარგლებში დაშვებული შეცდომები შესაძლოა გახდეს ბაზრის მუშაობის შეფერხების მიზეზი. შედეგად, ისეთი მარეგულირებელი ორგანოები, როგორიცაა SEC და FINRA ყურადღებით აკვირდებიან DMA პლატფორმებს და ადგენენ წესებს რისკების ეფექტურად მართვის მიზნით.

დასკვნა

DMA გახლავთ ინსტრუმენტი, რომელსაც ინსტიტუციური ინვესტორები იყენებენ ვაჭრობების უფრო სწრაფად აღსრულების, ხარჯების შემცირების და პროცესების მართვის მეტი შესაძლებლობის მოპოვების მიზნით. მიუხედავად იმისა, მას ძირითადად მსხვილი კომპანიები იყენებენ, ეს ტექნოლოგია მკვეთრად ცვლის ვაჭრობების აღსრულების პროცესებს, ეფექტურობის და გამჭვირვალობის დონის გაუმჯობესების გზით.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.