რა არის დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)?
მთავარი
სტატიები
რა არის დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)?

რა არის დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)?

გამოქვეყნებული Dec 16, 2019განახლებული Jul 8, 2024
11m

მთავარი დეტალები

  • DeFi მომხმარებლებს ანიჭებს წვდომას კრიპტო ფინანსურ სერვისებზე, რისთვისაც მხოლოდ საფულის და კრიპტოვალუტების გარკვეული რაოდენობის ფლობაა საჭირო. დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApp-ები) მომხმარებლებს აძლევს მრავალ სხვადასხვა ბლოკჩეინზე სესხების, ლიკვიდურობის უზრუნველყოფის, სვოპების განხორციელების, სტეიკინგის და სხვა შესაძლებლობებს.

  • მიუხედავად იმისა, რომ DeFi-ები თავდაპირველად Ethereum-ის ბლოკჩეინზე შეიქმნა, დღესდღეობით სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების მქონე ბლოკჩეინების უმეტესობას გააჩნია DeFi DApp-ები, მათ შორისაა მე-2 დონის ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა Arbitrum და Optimism. სმარტ კონტრაქტები DeFi-ს მიერ შეთავაზებული სერვისების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც მოიცავს სტეიკინგს, ინვესტიციებს, სესხებს, ფარმინგს და ა.შ.

  • DeFi მომხმარებლებს აძლევს სარგებლის ოპტიმიზაციის, დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟებზე მიმდინარე პროცესებში ჩართვის, საბანკო სერვისებზე წვდომის, სწრაფი სესხების და გასესხების პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას. თუმცა DeFi-სთან დაკავშირებულია გარკვეული რისკებიც; თითოეულ რისკთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამდე, აუცილებელია საფუძვლიანი მოკვლევის წარმოება.

შესავალი

დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სამყაროში შებიჯება შესაძლოა საინტერესო, თუმცა ამავდროულად დამაბნეველ გამოცდილებად იქცეს მრავალი მომხმარებლისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელებული HODLing-ის შემდეგ, ხშირად ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი პორტფოლიოს მეშვეობით დამატებითი სარგებლის მიღება. თუმცა, როდესაც საქმე DeFi-ს ეხება, გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა დეტალი.

DeFi DApp-ების სათანადო პასუხისმგებლობით გამოყენების შემთხვევაში, ისინი შესაძლოა საკმაოდ მძლავრ ინსტრუმენტებად იქცეს. თუმცა გადაწყვეტილებების მეტისმეტად სწრაფად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა თქვენზე ზეგავლენა მოახდინოს ემოციურმა ფონმა და ამან გიბიძგოთ დაუფიქრებელი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისკენ. პროცესებში შეცდომების დაშვების გარეშე ჩასართავად, უმჯობესია პირველ რიგში შეისწავლოთ ასოცირებული რისკები და მოიძიოთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტები. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, შეგვიძლია გავეცნოთ ძირითად საფეხურებს, რომლის გავლაც მოგიწევთ თქვენი DeFi თავგადასავლის დასაწყებად.

რა არის დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)?

დეცენტრალიზებული ფინანსები გახლავთ ფინანსური აპლიკაციების ეკოსისტემა, რომლებიც შექმნილია ბლოკჩეინის ქსელებზე დაფუძნებით. უფრო კონკრეტულად, DeFi-ს მიზანია ღია კოდზე დაფუძნებული, საჯარო და გამჭვირვალე ფინანსური სერვისების ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და რომლის მართვაც შესაძლებელი იქნება ცენტრალიზებული მართვის გარეშე. მომხმარებლები ინარჩუნებენ სრულ კონტროლს საკუთარ აქტივებზე და ეკოსისტემაში ერთმანეთთან ურთიერთობისთვის იყენებენ peer-to-peer(P2P), დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს).

DeFi-ს ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ფინანსურ სერვისებთან, განსაკუთრებით ტრადიციული ფინანსური სისტემისგან იზოლირებულ სერვისებთან მარტივი წვდომა. კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ მოდულური სტრუქტურა, რომელიც საფუძვლად უდევს მას და მოიცავს საჯარო ბლოკჩეინებზე ხელმისაწვდომ ურთიერთთავსებად DeFi აპლიკაციებს. მათ გააჩნიათ სრულიად ახალი ფინანსური ბაზრების, პროდუქტების და სერვისების შექმნის შესაძლებლობა.

DeFi-ს მთავარი უპირატესობები

ტრადიციული ფინანსების სისტემის ფუნქციონირება დამოკიდებულია დაწესებულებებზე, როგორებიცაა ბანკები, რომლებიც ასრულებენ შუამავლების ფუნქციას და სასამართლოები, რომლებიც ახორციელებენ არბიტრაჟს. DeFi აპლიკაციები არ საჭიროებს შუამავლებს და არბიტრებს. კოდში მითითებულია ნებისმიერი შესაძლო დავის გადაჭრის გზა, ხოლო მომხმარებლები მუდმივად ინარჩუნებენ კონტროლს საკუთარ ფინანსებზე. ამგვარი ავტომატიზაციით მცირდება ხარჯები და იქმნება უფრო ეფექტური ფინანსური სისტემა.

ამ ფინანსური სერვისების ბლოკჩეინებზე ინტეგრირების პარალელურად ხდება კრიტიკული სუსტი წერტილების აღმოფხვრა. მონაცემები იწერება ბლოკჩეინზე და ვრცელდება ათასობით ნოდზე, რაც ართულებს კონკრეტულ სერვისზე ცენზურის დაწესებას ან მის გათიშვას.

მსგავსი ღია ეკოსისტემის კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს წვდომის სიმარტივის უზრუნველყოფა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ წვდომა რაიმე ფინანსურ სერვისზე. გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციული ფინანსური სისტემის მიერ მოგების მიღება დამოკიდებულია შუამავლებზე, ისინი არ სთავაზობენ საკუთარ სერვისებს დაბალი შემოსავლის მქონე საზოგადოებებს. თუმცა, DeFi-ს შემთხვევაში, ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება და დაბალი შემოსავლის მქონე სუბიექტებსაც შეუძლიათ ფინანსური სერვისების უფრო ფართო ასორტიმენტით სარგებლობა.

DeFi-ს გამოყენების შესაძლო გზები

სესხება და გასესხება

ღია გასესხების პროტოკოლები DeFi ეკოსისტემის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტიპის აპლიკაციებს წარმოადგენს. ღია, დეცენტრალიზებულ სესხების და გასესხების პროტოკოლებს ბევრად უფრო მეტი უპირატესობა გააჩნია ტრადიციულ საკრედიტო სისტემასთან შედარებით, მათ შორისაა ტრანზაქციების მყისიერი ანგარიშსწორება, საკრედიტო ისტორიის შემოწმების საჭიროების არარსებობა და ციფრული აქტივების უზრუნველყოფის სახით გამოყენება.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს გასესხების სერვისები დაფუძნებულია საჯარო ბლოკჩეინებზე, აქ მინიმუმამდეა შემცირებული ნდობის საჭიროება და შესაძლებელია კრიპტოგრაფიული ვერიფიკაციის განხორციელება. ბლოკჩეინზე არსებული სესხების სავაჭრო ბირჟები ამცირებს შემხვედრ მხარესთან დაკავშირებულ რისკებს და სესხებას და გასესხებას მეტი ადამიანისთვის ხდის უფრო იაფს, სწრაფს და ხელმისაწვდომს.

მონეტარული საბანკო სერვისები

გამომდინარე იქიდან, რომ DeFi აპლიკაციების განმარტება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ფინანსური აპლიკაციებია, ისინი რა თქმა უნდა გამოიყენება საბანკო სერვისების ფარგლებშიც. ეს შესაძლოა მოიცავდეს სტეიბლკოინების გამოშვებას, იპოთეკას და დაზღვევას.

ბლოკჩეინ ინდუსტრიის განვითარების პარალელურად, უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სტეიბლკოინების შექმნის საკითხს. ესენი ძირითადად გახლავთ რეალური სამყაროს აქტივებთან მიბმული კრიპტო აქტივები, რომელთა ციფრული ტრანზაქციის განხორციელებაც უმარტივესადაა შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია კრიპტოვალუტების ფასების მკვეთრი ცვლილება, დეცენტრალიზებული სტეიბლკოინების გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში, ციფრული ვალუტების სახით, რომელთა გამოშვება და კონტროლი არ ხორციელდება ცენტრალური რგოლის მიერ.

სმარტ კონტრაქტების მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკასთან დაკავშირებული სადაზღვევო და იურიდიული მომსახურების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება. ბლოკჩეინზე დაზღვევის მეშვეობით შესაძლებელია შუამავლების საჭიროების აღმოფხვრა და არსებულ რისკებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის რამდენიმე მონაწილეზე გადანაწილება, რაც შეამცირებს პრემიუმებს სერვისის ხარისხის უცვლელად შენარჩუნების პარალელურად.

დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟები

DeFi-ს გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გზას წარმოადგენს დეცენტრალიზებული ბირჟები (DEX-ები), როგორიცაა Uniswap და PancakeSwap. ეს პლატფორმები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ ციფრული აქტივებით სანდო შუამავლის საჭიროების გარეშე, რომელიც ინახავს მათ ფინანსებს. ვაჭრობები ხორციელდება პირდაპირ მომხმარებლების საფულეებიდან, სმარტ კონტრაქტების გამოყენებით. 

ზოგიერთი ბირჟა, რომელიც ცნობილია „ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერების“ (AMM-ების) სახელწოდებით, იყენებს ლიკვიდურობის პულებს, რის მეშვეობითაც შესაძლებელია ვაჭრობის განხორციელება შემხვედრი მხარის საჭიროების გარეშე. რადგან ნაკლებია მათზე ტექნიკური სამუშაოების განხორციელების და მათი კონტროლის საჭიროება, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობის საკომისიოები გაცილებით დაბალია ცენტრალიზებულ ბირჟებთან შედარებით.

ბლოკჩეინის ტექნოლოგია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტის შესაქმნელად და მფლობელობის უფლების მინიჭებისთვის. ამ აპლიკაციების მუშაობა დეცენტრალიზებულია, რისი წყალობითაც ხდება აქტივების განმკარგი რგოლების საჭიროების გამორიცხვა და კრიტიკული სუსტი წერტილების წარმოქმნის პრევენცია.

შემოსავლის ოპტიმიზაცია

DeFi-ს DApp-ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტეიკინგიდან, ჯილდოების პულიდან და სხვა პროცენტიანი პროდუქტიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციისთვის. ამას ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც შემოსავლის ფარმინგს.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ რეგულარული ჯილდოების მიღება Bitcoin-ის მაინინგით, BNB-ის დელეგირებით ან ლიკვიდურობის უზრუნველყოფით. სმარტ კონტრაქტით შეგიძლიათ თქვენი ჯილდოების მიღება, დამატებითი საბაზისო აქტივების შეძენა და მათი რეინვესტირება. ამ პროცესით ხდება თქვენი პროცენტის დაჯამება, რაც ხშირად მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს შემოსავალს.

სმარტ კონტრაქტის გამოყენება ზოგავს დროს და ახდენს შემოსავლის დაჯამების პროცესის ოპტიმიზაციას. თქვენი სახსრები ჩვეულებრივ გაერთიანებულია სხვა მომხმარებლების სახსრებთან, რაც ნიშნავს, რომ გაზის საკომისიო ნაწილდება შემოსავლის ოპტიმიზაციის სმარტ კონტრაქტის ყველა მხარეზე.

სმარტ კონტრაქტების როლი DeFi-ში

დეცენტრალიზებული ფინანსების არსებული და პოტენციური გამოყენების გზების უმეტესობა გულისხმობს სმარტ კონტრაქტების შექმნას და აღსრულებას. ჩვეულებრივ კონტრაქტში გამოიყენება იურიდიული ტერმინოლოგია კონტრაქტის მხარეებს შორის ურთიერთობის პირობების დასაზუსტებლად, სმარტ კონტრაქტი კი ამისთვის იყენებს კომპიუტერულ კოდს.

ვინაიდან ამ შემთხვევაში პირობები გაწერილია კომპიუტერულ კოდში, სმარტ კონტრაქტებს შეუძლიათ ამ პირობების ავტომატურად აღსრულება. ეს იძლევა მრავალი ბიზნეს პროცესის საიმედო აღსრულებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობას და გამორიცხავს ადამიანის მიერ ზედამხედველობის საჭიროებას.

სმარტ კონტრაქტების გამოყენება არის უფრო სწრაფი, მარტივი და ამცირებს რისკებს ორივე მხარისთვის. თუმცა სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებულია ახალი ტიპის რისკები. ვინაიდან კომპიუტერულ კოდს ახასიათებს „ბაგები“ და გარკვეული სისუსტეები, სმარტ კონტრაქტებში არსებული ღირებულებებთან დაკავშირებული და კონფიდენციალური ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ ექცევა.

DeFi-სთან დაკავშირებული გამოწვევები

დაბალი სიჩქარე

Blockchain-ები მუშაობს უფრო ნელა, ვიდრე მათი ცენტრალიზებული ალტერნატივები, რაც გავლენას ახდენს მათზე დაფუძნებულ აპლიკაციებზე. DeFi აპლიკაციების დეველოპერებმა უნდა გაითვალისწინონ ეს შეზღუდვები და შესაბამისად მოახდინონ თავიანთი პროდუქტების ოპტიმიზაცია. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შექმნილია მე-2 დონის ტექნოლოგიები, როგორიცაა Arbitrum და Optimism, რომლებიც გვთავაზობს უფრო სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს.

მომხმარებლის შეცდომის მაღალი რისკი

DeFi აპლიკაციები შუამავლობის პასუხისმგებლობას მომხმარებელს აკისრებს. ეს შეიძლება ბევრისთვის უარყოფითი ასპექტი იყოს. რთულია ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც შეამცირებს მომხმარებლის შეცდომის რისკს მაშინ, როდესაც პროდუქტების გაშვება ხდება უცვლელ ბლოკჩეინზე.

მომხმარებლისთვის მოუხერხებელი ინტერფეისი

DeFi აპლიკაციების გამოყენება ამჟამად საჭიროებს მომხმარებლის დამატებით ძალისხმევას. იმისთვის, რომ DeFi აპლიკაციები გახდეს გლობალური ფინანსური სისტემის ძირითადი ელემენტი, მათ უნდა უზრუნველყონ რეალური სარგებელის მიღება, რაც მომხმარებლებს მისცემს სტიმულს გადავიდნენ ტრადიციული სისტემიდან დეცენტრალიზებულ სისტემაზე. მომხმარებლის ინტერფეისისა და საგანმანათლებლო რესურსების ბოლოდროინდელი გაუმჯობესებები ხელს უწყობს ამ პრობლემის გადაჭრას.

გადატვირთული ეკოსისტემა

კონკრეტული შემთხვევისთვის ყველაზე შესაფერისი აპლიკაციის მოძებნა შეიძლება რთული იყოს, ამიტომ მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ საუკეთესო ვარიანტის პოვნა. აპლიკაციების შექმნის გარდა ასევე საჭიროა იმაზე ფიქრიც, თუ როგორ მოერგება ისინი ზოგადად DeFi ეკოსისტემას. 

DeFi-ისთან დაკავშირებული რისკები

მიუხედავად იმისა, რომ DeFi სამყაროს გვთავაზობს მიმზიდველ APY-ს, მას თან სდევს საკუთარი რისკები. მათი დეცენტრალიზებული ბუნების მიუხედავად, თქვენ რეალურად იყენებთ ფინანსურ სერვისებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია უკვე ცნობილი რისკები:

შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკი

თუ გასცემთ კრიპტოსესხს ან სხვა ტიპის სესხს, თქვენ გემუქრებათ რისკი, რომ შემხვედრმა მხარემ შეიძლება ვერ დააბრუნოს ვალი.

რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები

ზოგიერთი სერვისებისა და პროექტების კანონიერების დადგენა შეიძლება რთული იყოს. თუ თქვენ განახორციელეთ ინვესტიცია სმარტ კონტრაქტში, რომელიც შემდგომში გაუქმდა რეგულაციებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თქვენი სახსრები შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. მსოფლიოს მარეგულირებლების ბოლოდროინდელი ქმედებები და გაიდლაინები გავლენას ახდენს DeFi-ს განვითარებასა და დანერგვაზე.

ტოკენთან დაკავშირებული რისკი

თქვენს აქტივებს ახასიათებს სხვადასხვა დონის რისკი, რაზეც გავლენას ახდენს მათი ლიკვიდურობა, სანდოობა, სმარტ კონტრაქტის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებულ პროექტი და გუნდი. ვინაიდან DeFi სივრცეში არსებობს მცირე საბაზრო კაპიტალის მქონე ბევრი ტოკენი, მათ შეიძლება ახასიათებდეს რისკის მაღალი დონე.

პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკი

კოდის ხარვეზმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოებაზე, რომელშიც ინვესტიცია განახორციელეთ. DeFi-ს DApp-ებთან დაკავშირებისა და მათთვის გარკვეული ნებართვების მინიჭების გამო, შეიძლება მოხდეს თქვენი საფულის უსაფრთხოების პრობლემები. ამ რისკების აღმოსაფხვრელად შემუშავდა უსაფრთხოების სათანადო პრაქტიკა, როგორიცაა multi-signature საფულეები და სადაზღვევო ფონდები.

დროებითი ზარალი

ლიკვიდურობის პულებში სტეიკინგის დროს, თუ დაფიქსირდა ფასის თანაფარდობის ცვლილება, მათი გატანის შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ პულში დეპონირებული ტოკენების ნაწილს.

DeFi პროექტებზე წვდომა

Ethereum უკვე დიდი ხანია DeFi პროდუქტების ტრადიციულ მომწოდებელს წარმოადგენს. თუმცა, დღეს არსებულ მრავალ ბლოკჩეინს აქვს ჯანსაღი DeFi ეკოსისტემა. მომხმარებელი ხშირად ირჩევს სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერის მქონე ქსელებს, როგორიცაა BNB Chain, Solana, Polkadot, Avalanche და Ethereum-ის უფრო ახალი მე-2 დონის ტექნოლოგიები.

DeFi პროექტებისა და პროტოკოლების მოძიებისთვის საჭიროა მოკვლევის ჩატარება. ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ ფორუმები, მესინჯერები და ვებსაიტები. თუმცა ნებისმიერ მოძიებულ ინფორმაციას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენ მიერ გაგებული თუ წაკითხული ნებისმიერი პროექტის უსაფრთხოება.

რა მჭირდება DeFi პროექტებზე წვდომის მისაღებად?

DeFi-ს DApp-ების გამოყენების დასაწყებად დაგჭირდებათ:

  • თავსებადი საფულე: თქვენ დაგჭირდებათ ბრაუზერის გაფართოების საფულე, როგორიცაა MetaMask ან მობილური საფულე, როგორიცაა Trust Wallet. თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ DApp-ებთან დაკავშირება კასტოდიალური საფულის მეშვეობით (რომლის პირად გასაღებსაც თქვენ არ ფლობთ).

  • კრიპტო აქტივები: აშკარაა, რომ შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა ტიპის აქტივი. მაგალითად, თუ გსურთ Ethereum-ზე დაფუძნებული DApp-ების გამოყენება, ამ შემთხვევაში გაზის საკომისიოს დასაფარად დაგჭირდებათ ETH და სხვა ტოკენები თქვენს მიერ გამოყენებული სერვისების შესაბამისად.

DeFi და ტრადიციული ფინანსები(TradFi)

DeFi სთავაზობს ღია ფინანსურ სისტემას ინტერნეტის მქონე ყველა მომხმარებელს, ხოლო ტრადიციული ფინანსური სისტემა დამოკიდებულია ცენტრალიზებულ ინსტიტუტებსა და მარეგულირებელ ორგანოებზე. თუმცა მუდმივად იზრდება DeFi-ის და ტრადიციული ფინანსების ურთიერთქმედების დონეც. ბანკები და ფინანსური დაწესებულებები იწყებენ DeFi პროტოკოლების შესწავლას, ქმნიან ჰიბრიდულ მოდელებს, რომლებიც აერთიანებს ორივე სისტემის ძლიერ მხარეებს.

DeFi და ცენტრალიზებული ფინანსები (CeFi)

კრიპტო სამყაროშიც კი ყველა ფინანსური სერვისი დეცენტრალიზებული არ არის. მაგალითად, Binance-ის მსგავსი ცენტრალიზებული ბირჟის მეშვეობით სტეიკინგის გასაკეთებლად ხშირად საჭიროა, რომ თქვენ დროებით უარი თქვათ ტოკენების მეურვეობაზე. ამ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ ენდოთ ცენტრალიზებულ სუბიექტს, რომელიც განკარგავს თქვენს სახსრებს.

იგივე ეხება შემოთავაზებული სერვისების უმრავლესობას. ისინი სავარაუდოდ ფუნქციონირებს იმავე DeFi პლატფორმების საშუალებით, რომლებზეც მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ წვდომა. თუმცა, CeFi-ს წყალობით, თქვენ აღარ დაგჭირდებათ DeFi ინვესტიციების მართვის რთული პროცესის თავად წარმართვა. თქვენ ასევე შეიძლება მიიღოთ დამატებითი გარანტიები თქვენს დეპოზიტებთან დაკავშირებით.

CeFi არ არის DeFi-ზე უარესი ან უკეთესი. მათ შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია თქვენს სურვილებსა და საჭიროებებზე. CeFi-ს შემთხვევაში, თქვენ თმობით კონტროლის ნაწილს და ამის სანაცვლოდ იღებთ უფრო მყარ გარანტიებს და თავისუფლდებით აქტივების მართვისა და ტრანზაქციების შესრულებასთან დაკავშირებული გარკვეული ვალდებულებებისგან.

რა განსხვავებაა DeFi-სა და ღია ბანკინგის შორის?

ღია ბანკინგი არის საბანკო სისტემა, სადაც მესამე მხარის ფინანსური სერვისების პროვაიდერებს ეძლევათ უსაფრთხო წვდომა ფინანსურ მონაცემებზე API-ების მეშვეობით. ეს იძლევა ბანკებისა და არასაბანკო ფინანსური დაწესებულებების ანგარიშებისა და მონაცემების დაკავშირების საშუალებას. არსებითად, ეს იძლევა ახალი პროდუქტების და სერვისების შექმნის შესაძლებლობას ტრადიციულ ფინანსურ სისტემაში. 

თუმცა, DeFi გვთავაზობს მიმდინარე ინფრასტრუქტურისგან დამოუკიდებელ სრულიად ახალ ფინანსურ სისტემას. DeFi-ს ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც ღია ფინანსებს.

მაგალითად, ღია ბანკინგით შესაძლებელია ყველა ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტის მართვა ერთი აპლიკაციით, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე ბანკისა და დაწესებულების მონაცემების უსაფრთხოდ მიღება. 

მეორე მხრივ, დეცენტრალიზებული ფინანსებით შეიძლება განხორციელდეს სრულიად ახალი ფინანსური ინსტრუმენტების მართვა და მათთან ურთიერთქმედების ახალი გზების გამოყენება.

შეჯამება

DeFi-მ სწრაფად შექმნა ღირებულების თვითშენარჩუნებადი ეკოსისტემა კაპიტალის, დეველოპერებისა და ახალ პროდუქტების მოზიდვის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ DeFi გვპირდება მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ფინანსური სექტორში, ის მაინც ჯერ კიდევ განვითარებადი სფეროა. DeFi-ს მომავალი დამოკიდებულია მიმდინარე ტექნოლოგიურ წინსვლაზე, მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებაზე და მასიურად დანერგვაზე. უწყვეტი ინოვაცია ძალიან მნიშვნელოვანია DeFi-ს მდგრადი განვითარებისთვის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და რისკების გადასაჭრელად.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.