საკუთარი მოკვლევის ჩატარება (DYOR)

განახლებული Jun 2, 2026

DYOR (ვრცლად „საკუთარი მოკვლევის ჩატარება“) გახლავთ ფრაზა, რომელიც გულისხმობს მომხმარებელთა წახალისებას, თავად ჩაატარონ საჭირო მოკვლევა და მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია რაიმე ფინანსური თუ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე. კრიპტო ინდუსტრიის შემთხვევაში, აღნიშნული გამოიყენება ინვესტორებისთვის იმის შესახსენებლად, რომ არ არის რეკომენდებული მხოლოდ გავრცელებულ მოსაზრებებზე, განსაკუთრებით კი, სოციალურ ქსელებში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ციფრული აქტივების ყიდვასთან ან გაყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.

თუმცა, აღნიშნული ფრაზა მხოლოდ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში არ გამოიყენება. მას ხშირად იყენებენ ინტერნეტ სივრცეშიც, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხდება მცდარი ინფორმაციის სწრაფად გავრცელება, რაც, შესაბამისად, ზღუდავს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და გადამოწმების შესაძლებლობას. თუმცა, კრიპტო ინდუსტრიაში პროცესები შედარებით განსხვავებულად მიმდინარეობს: ბაზრები აქტიურია 24/7 რეჟიმში, არსებობს პროექტების იაფად და ანონიმურად შექმნის შესაძლებლობა, ხოლო პროცესების არასწორად წარმართვის შემთხვევაში, მარეგულირებელი საშუალებები, ხშირ შემთხვევაში, შეზღუდულია.

რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი მოკვლევის ჩატარება კრიპტოვალუტების შემთხვევაში

კრიპტოვალუტების სივრცე თანაბრად იზიდავს როგორც კეთილი, ისე ბოროტი განზრახვით მოქმედ პირებს. ხშირად ხდება პროექტების გაშვება ანონიმური გუნდების მიერ, ამასთან, სმარტ კონტრაქტები შესაძლოა მოიცავდეს ისეთ ხარვეზებს, რომელთა შემჩნევაც, ერთი შეხედვით შეუძლებელია, ხოლო ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე ბევრად აღემატება მისი შემოწმების სისწრაფეს. ნებისმიერი თანხის ინვესტირებამდე საფუძვლიანი ანალიზის ჩატარება, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ მეთოდს, რომელიც ინვესტორებს რისკებს შემცირებაში ეხმარება.

DYOR ხშირად გამოიყენება, როგორც პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი. როდესაც ტრეიდერები და ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ კომენტარებს ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ, ან ფასების პროგნოზებს, აღიშნულ ინფორმაციას ისინი ხშირად ურთავენ ფრაზას „DYOR“, რითაც მიუთითებენ, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტი წარმოადგენს მხოლოდ პირად მოსაზრებას და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ მიუთითებს იმაზე, რომ არ არის საჭირო მოცემული ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა, ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ინვესტორს ეკისრება.

როგორ ჩავატაროთ საკუთარი მოკვლევა კრიპტო სივრცეში

არ არსებობს იმ მოქმედებების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც შეძლებთ აღმოფხვრათ ნებისმიერი შესაძლო რისკი, თუმცა რამდენიმე კონკრეტული მოქმედების შესრულება დაგეხმარებათ იმ ინფორმაციის მოპოვებაში, რომელზე დაყრდნობითაც, შეძლებთ შედარებით ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას:

Whitepaper-ის წაკითხვა. პროექტის whitepaper-ში აღწერილია მოცემული პროექტის მიზნები, გამოყენებული ტექნოლოგია, ტოკენის მექანიკა და განვითარების გეგმა. გამაფრთხილებელ ნიშნად შეგვიძლია აღვიქვათ პროექტი, რომელსაც არ აქვს whitepaper, ან რომლის whitepaper-შიც მოცემულია გაურკვეველი ინფორმაცია ან პლაგიატი.
გუნდის შემოწმება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, ვინ დგას კონკრეტული პროექტის უკან. ანონიმური გუნდი აუცილებლად თაღლითობაზე არ მიუთითებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნაკლებად სანდოდ გვეჩვენება გუნდი, რომლის შესახებაც შეუძლებელია დადასტურებული ინფორმაციის მოპოვება. მიძიეთ ინფორმაცია წარსული მოქმედებების, საჯარო აქტივობის და მიტოვებული პროექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
შეამოწმეთ ტოკენომიკა. მოიძიეთ ინფორმაცია არსებული ტოკენების რაოდენობის, მათი მფლობელების და ისეთი გუნდების შესაძლო არსებობის შესახებ, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ აღნიშნული ტოკენების დიდ წილს. ტოკენების დიდი ოდენობის ერთი გუნდის საკუთრებაში არსებობა პირდაპირ კავშირშია ერთიანად გაყიდვის და შესაბამისად, ფასის შემცირების ალბათობასთან.
შეამოწმეთ სმარტ კონტრაქტი. DeFi პროექტების და ახალი ტოკენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმის შემოწმება, არის თუ არა ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტი სმარტ კონტრაქტთან მიმართებაში. სმარტ კონტრაქტის აუდიტი არ წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიას, თუმცა მისი არარსებობა ნიშნავს, რომ არ მომხდარა კოდის შემოწმება დამოუკიდებელი მხარის მიერ, ხარვეზებისა და მავნე ფუნქციების თვალსაზრისით.
საზოგადოების შეფასება. გადაავლეთ თვალი სხვადასხვა პლატფორმაზე მიმდინარე მიმოხილვებს. ჯანსაღი საზოგადოებების მიერ, დადებით შეფასებებთან ერთად, ხშირად ხდება კრიტიკული შეკითხვების გამოქვეყნებაც. პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითი შეფასებების არსებობა, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ხდება განსხვავებული მოსაზრებების შემცველი კომენტარების/შეფასებების წაშლა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საჭიროა უფრო დეტალური მოკვლევის ჩატარება.
ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს მოძიება. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ერთ პოსტს, ერთი ინფლუენსერის მიერ ან ერთ კონკრეტულ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. შეადარეთ სხვადასხვა წყაროს მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია და ფაქტები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიყალიბეთ კონკრეტული მოსაზრება ამა თუ იმ ერთეულთან დაკავშირებით.

გავრცელებული რისკები, რომელთა ამოცნობაშიც დაგეხმარებათ საკუთარი მოკვლევის ჩატარება

შილინგი

შილინგი არის პროცესი, როდესაც კონკრეტული პირები აწარმოებენ საჯარო პოპულარიზაციის ერთგვარ კამპანიას, მათ მფლობელობაში არსებული ტოკენის ფასის ხელოვნურად გაზრდის მიზნით. აღნიშნული პროცესები, ხშირად, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს და ზოგიერთ შემთხვევაში, იმართება და კონტროლდება კონკრეტული მხარის მიერ. ფასიანი სარეკლამო კამპანიების ფარგლებში, ხშირ შემთხვევაში, არ ხდება მკაფიო და აშკარა ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც ართულებს გულწრფელი ენთუზიაზმისა და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ჩამოყალიბებული მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევას. ამიტომ, ვიდრე კონკრეტულ რეკომენდაციას დაეყრდნობით, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, აღნიშნული რეკომენდაცია რაიმე ფინანსური სარგებლის მიზნით ხომ არ არის გამოქვეყნებული.

Sybil შეტევები

Sybil შეტევები გულისხმობს დიდი ოდენობით ყალბი ანგარიშების შექმნას კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ფართო მხარდაჭერის არსებობის სიმულირების მიზნით. კოორდინირებული ყალბი ანგარიშების შექმნა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Reddit, X (ყოფილი Twitter) და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ტოკენი რეალურთან შედარებით ბევრად ფართო საზოგადოების მიერაა აღიარებული და მხარდაჭერილი. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაღალი ჩართულობა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს პროექტის ხარისხის დონე.

Rug pull-ები

Rug pull გახლავთ ფართოდ გავრცელებული თაღლითობის ფორმა, რომლის დროსაც დეველოპერები, საწყის ეტაპზე, ახდენენ ტოკენის ფართოდ პოპულარიზებას ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, შემდეგ კი ხელოვნურად ამცირებენ ლიკვიდურობას ან ყიდიან საკუთარ აქტივებს, რაც თითქმის სრულად აუფასურებს ის ღირებულებას. Rug pull-ები განსაკუთრებით ხშირია DeFi-ებთან და meme მონეტებთან მიმართებაში, სადაც პროექტების გაშვება ხდება შედარებით სწრაფად, მინიმალური ტექნიკური ბარიერებით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტიპის თაღლითობების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ იმის შემოწმება, არის თუ არა ლიკვიდურობის აქტივები დაბლოკილი და შესაძლებელია თუ არა კონტრაქტის მფლობელთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება.

ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გენერირებული ინფორმაცია

ბოლო დროს, ხშირად გვხდება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გენერირებული deepfake-ები და ყალბი რეკლამები, რაც კიდევ უფრო ართულებს კრიპტოვალუტების შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვებას. ყალბ კონტენტში, სანდოობის ცრუ შთაბეჭდილების შესაქმნელად შესაძლოა გამოყენებული იყოს ცნობილ პირებთან მიმსგავსებული პერსონაჟები, ან მათი ხმა. შესაბამისად, აღნიშნული ტიპის კონტენტზე დაყრდნობით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია ოფიციალური არხებისა და წყაროების გადამოწმება.

შეჯამება

DYOR გახლავთ ერთგვარი შეხსენება, რომ არც ერთი გარე საინფორმაციო წყარო, მათ შორის ანალიტიკოსების, ინფლუენსერებისა და საზოგადოების წევრების მოსაზრებები, არ არის 100%-ით სანდო, როდესაც საქმე ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას, თუ ფინანსურ ერთეულებთან დაკავშირებით მოსაზრების ჩამოყალიბებას ეხება. მუდმივად ცვალებად და შეზღუდულ კონტროლს დაქვემდებარებულ ინდუსტრიაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მოსაზრების ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა შესაძლო რისკისა თუ ზარალის თავიდან არიდების გარანტია, თუმცა, აღნიშნული მეთოდის გამოყენება მკვეთრად ამცირებს ნაკლებად სანდო, არასწორ, ან შეუსაბამო განზრახვით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქმედების ალბათობას.