Blow-Off Top არის ფასის მკვეთრი, სწრაფი და ხშირად მოულოდნელი ზრდა, რომელიც თითქმის ისევე სწრაფად სრულდება, როგორც დაიწყო. ეს არის ძლიერი აღმავალი ტენდენციის ბოლო ეტაპი და მას, როგორც წესი, მოსდევს მკვეთრი შებრუნება ან სულაც მკვეთრი ვარდნა, რომელსაც Blow-Off Bottom-ს უწოდებენ.
Blow-Off Top-ის ფორმირება ხდება იმ დროს, როდესაც ძლიერი აღმავალი ტენდენცია მოულოდნელად ჩქარდება. საწყის ეტაპზე შედარებით მაღალი ფასი ახალ მყიდველებს იზიდავს და ფასის აღმავალი მოძრაობაც სტაბილურია. დასასრულს კი ტემპი იცვლება: ფასები მკვეთრად მიიწევს ზემოთ, ხშირად რამდენიმე დიდი ნახტომით, რის გამოც მოძრაობა ციცაბო ფორმას იღებს.
ამ აჩქარების მიზეზი გამყიდველების შემოთავაზებების შემცირებაა. როდესაც გამყიდველების რაოდენობა იწურება, მყიდველების მცირე რაოდენობასაც შეუძლია ფასი ჩვეულებრივზე სწრაფად გაზარდოს. ყიდვა ხშირად ემოციებზეა დაფუძნებული - ტრეიდერები ცდილობენ ხელიდან არ გაუშვან მოგების შესაძლებლობა.
სწორედ ამ დროს ირღვევა ეს შაბლონი. გარკვეულ მომენტში მყიდველების აქტიურობა ვეღარ ეწევა ფასის მოძრაობის ტემპს, ან ბაზარზე მსხვილი გამყიდველი აქტიურდება, რომელიც მაღალი ფასებით სარგებლის მიღებას ცდილობს. აღმავალი ტენდენცია ნელდება, ჩერდება და შემდეგ ფასი სწრაფად იწყებს ვარდნას. შედეგად, დროის მოკლე მონაკვეთში ვიღებთ ფასის მკვეთრ ზრდას, რომელსაც ასევე მკვეთრი ვარდნა მოსდევს.
Blow-Off Top-ის იდენტიფიკაცია მარტივია, როდესაც სახეზეა ერთდროულად მისი რამდენიმე კომპონენტი:
ფასსა და ტენდენციის ხაზს შორის შუალედის გაზრდა, რომელიც გამოირჩევა ფასის ზოგადი მოძრაობის ფონზე.
დისკუსიების და ენთუზიაზმის ზრდა. ამ დროს მეტი ადამიანი ელის, რომ ფასის მოძრაობა გაგრძელდება.
უეცარი შებრუნება ერთ სესიის განმავლობაში, როდესაც გაზრდილი ფასი კვლავ მცირდება.
ეს ნიშნები Blow-Off Top-ის ფორმირების გარანტიას არ იძლევა, თუმცა ერთობლიობაში ისინი მიანიშნებს ფასის მოძრაობის ენერგიის ამოწურვაზე.
Blow-Off Top არ წარმოადგენს ტენდენციის დასრულების უტყუარ სიგნალს. ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ კონკრეტულმა აღმავალმა ტენდენციამ შესაძლოა იმპულსი დაკარგა. პრაქტიკაში, Blow-Off Top ხშირად მოკლევადიანი მოძრაობის გარდამტეხ წერტილს წარმოადგენს და არა ბაზრის გრძელვადიანი ტენდენციის ცვლილების ნიშანს.
ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ტრეიდერების მიერ მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონეების ...
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება