რა არის ტოკენიზებული ოქრო?

რა არის ტოკენიზებული ოქრო?

განახლებული Feb 8, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • ტოკენიზებული ოქრო არის ციფრულ ტოკენად გარდაქმნილი ფიზიკური ოქრო. ჩვეულებრივ, ერთი ტოკენის ღირებულება ერთი უნციის წონის ან კონკრეტული ოდენობის რეალური ოქროს ფასის ტოლია.

  • ის გვთავაზობს ფრაქციული მფლობელობის შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქროში ინვესტირებისთვის გამოიყენოთ მცირე ოდენობის კაპიტალი, ნაცვლად ძვირადღირებული ოქროს ზოდების ყიდვისა.

  • ეს მეთოდი გვთავაზობს როგორც ოქროს ფასის სტაბილურობას, ასევე კრიპტოვალუტის ბაზრების სიჩქარესა და 24/7 რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობას.

  • ტოკენიზებული ოქროს პოპულარული მაგალითებია Tether Gold (XAUt) და Paxos Gold (PAXG), მათი გამოყენებით შეგიძლიათ ივაჭროთ კრიპტო ბაზრებზე.

  • მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული რისკები, როგორიცაა ოქროს განმკარგავი კომპანიის ნდობის საჭიროება და ადგილობრივი რეგულაციების პოტენციური ცვლილებები.

შესავალი

ოქრო ათასწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა კაპიტალის დაცვის საშუალებას, განსაკუთრებით არასტაბილური ეკონომიკის პირობებში. მიუხედავად ამისა, ფიზიკური ოქროს შენახვა საკმაოდ ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული: ის მძიმეა, მისი ტრანსპორტირება რთულია და საჭიროა მისი შენახვისთვის ადგილის მოძებნა. გარდა ამისა, ოქროს ზოდის შესაძენი თანხა ყველას არ აქვს.

ტოკენიზებული ოქრო ამ პრობლემების გადაჭრას ოქროს ბლოკჩეინზე განთავსებით მეშვეობით ცდილობს. ეს წარმოადგენს ტრენდის ნაწილს, რომელსაც ეწოდება რეალური სამყაროს აქტივები (RWA). ფაქტიურად, ის გვთავაზობს რეალური ოქროს ზოდების ან მონეტების ციფრულ ვერსიას. ეს ბაზარი სწრაფად იზრდება, რადგან მოსახლეობას სურს საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოქროს შენახვასთან დაკავშირებული თავის ტკივილის გარეშე.

რა არის ტოკენიზებული ოქრო?

ტოკენიზებული ოქრო უბრალოდ ბლოკჩეინზე გაშვებული ტოკენია, რომელიც წარმოადგენს რეალური, ფიზიკური ოქროს მფლობელობის მტკიცებულებას. როგორც წესი, ეს ტოკენები სტეიბლკოინების მსგავსად მუშაობს, თუმცა ისინი მიბმულია არა აშშ დოლართან, არამედ ოქროს ფასთან.

ჩვეულებრივ, ერთი ტოკენის ღირებულება კონკრეტული წონის, მაგალითად ერთი ტრუას უნცია (დაახლოებით 31,1 გრამი) ან უბრალოდ ერთი გრამი ოქროს ფასის ტოლია. რეალური ოქრო ინახება განმკარგავი ორგანიზაციის დაცულ საცავში (რომელიც პასუხისმგებელია მის უსაფრთხოებაზე). რადგან ეს ტოკენები ბლოკჩეინზეა გაშვებული (როგორიცაა BSC ან Ethereum), მათი მეგობრებისთვის გაგზავნა, მათი მეშვეობით ვაჭრობა ან ფინანსურ აპლიკაციებში გამოყენება სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად შეგიძლიათ.

როგორ მუშაობს ის?

ზოგადად, ოქროს ტოკენიზაციის პროცესი სამი ძირითადი საფეხურისგან შედგება:

  1. საცავში განთავსება: ტოკენის გამომშვები ყიდულობს ფიზიკურ ოქროს (ზოდებს ან მონეტებს) და ინახავს დაცულ და დაზღვეულ საცავში. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ციფრული ტოკენების რეალური სამყაროს აქტივებით იყოს უზრუნველყოფილი.

  2. გაციფრულება და დამზადება: გამომშვები სმარტ კონტრაქტების გამოყენებით ბლოკჩეინზე ამზადებს ციფრულ ტოკენებს. დამზადებული ტოკენების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს რეზერვებში არსებულ ოქროს რაოდენობას (მაგ., 100 უნცია ოქროს არსებობის შემთხვევაში უნდა დამზადდეს 100 ტოკენი).

  3. აუდიტი და ატესტაცია: ნდობის და რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, გამომშვებმა უნდა გამოიყენოს მესამე მხარის აუდიტორების მომსახურება, რომლებიც შეამოწმებენ, შეესაბამება თუ არა საცავში არსებული ოქროს ოდენობა მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობას. ზოგი პროექტი იყენებს oracle-ის ქსელს, როგორიცაა Chainlink, რომელიც გვთავაზობს რეზერვების მტკიცებულებას (PoR), რაც უზრუნველყოფს ბლოკჩეინის მონაცემების გამჭვირვალობას.

როდესაც მომხმარებელს სურს საკუთარი ინვესტიციების გატანა, მათ შეუძლიათ გაყიდონ ეს ტოკენი სავაჭრო ბირჟაზე ან, ზოგ შემთხვევაში, ტოკენი გადასცენ გამომშვებს და გაიტანონ ფიზიკური ლითონი (საჭიროა მინიმალური საკომისიოების გადახდა), რის შემდეგაც მოხდება ციფრული ტოკენის „დაწვა“ (განადგურება), რაც უზრუნველყოფს ტოკენის ფასის მიბმას საბაზისო აქტივთან 1:1 თანაფარდობით.

ტოკენიზებული ოქროს უპირატესობები

1. ხელმისაწვდომობა და ფრაქციებად შეძენის შესაძლებლობა

ფიზიკური ოქროს ზოდი საკმაოდ ძვირი ღირს, ხშირად მისი ფასი ათასობით დოლარს აღწევს. ტოკენიზაცია იძლევა მისი ფრაქციული ფლობის შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მისი მცირე ნაწილი (მაგ., 0,01 ტოკენი), რისი წყალობითაც ოქროში ინვესტირება ნებისმიერ ადამიანს საკუთარი სმარტფონის მეშვეობით შეუძლია.

2. 24/7 ლიკვიდურობა და ეფექტურობა

ტრადიციული ოქროს ბაზრები მხოლოდ ბანკის სამუშაო საათების დროსაა ღია, ვაჭრობის დასრულებას კი შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. კრიპტო ბირჟებზე ტოკენიზებული ოქროთი ვაჭრობა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ტოკენების ყიდვა და გაყიდვა მომენტალურად, 24/7 რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

3. გამჭვირვალობა და უსაფრთხოება

ბლოკჩეინ-ტექნოლოგია გვთავაზობს მფლობელობის მტკიცებულების მუდმივად ჩაწერის შესაძლებლობას. რეგულარული აუდიტების და რეზერვების მტკიცებულებების კომბინაციის მეშვეობით, ეს ინვესტორებს აძლევს აქტივების ავთენტურობის უფრო მარტივად გადამოწმების შესაძლებლობას, ოქროს მფლობელობის დამადასტურებელ ტრადიციულ დოკუმენტებთან შედარებით.

4. DeFi-ში ინტეგრაცია

სეიფში შენახული ოქროსგან განსხვავებით, ტოკენიზებული ოქროთი სარგებლის გენერირებაცაა შესაძლებელი. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც უზრუნველყოფა DeFi პროტოკოლებით სესხის აღების დროს ან განვათავსოთ ლიკვიდურობის პულებში და გამოვიმუშაოთ მოგება.

ტოკენიზებული ოქროს პოპულარული მაგალითები

Tether Gold (XAUt): გამოშვებულია იმავე კომპანიის მიერ, რომელმაც შექმნა USDT. თითოეული ტოკენის ფასი შეესაბამება „London Good Delivery“ სტანდარტის ოქროს ზოდის ერთი ტრუას უნციის ღირებულებას. ეს ოქრო ინახება შვეიცარიაში არსებულ საცავებში.

Paxos Gold (PAXG): გამოშვებულია Paxos Trust Company-ს მიერ და მას არეგულირებს ნიუ-იორკის მთავრობა. თითოეული ტოკენი მხარდაჭერილია ერთი უნცია ოქროთი, რომელიც ინახება ლონდონში, Brink-ის საცავებში.

რისკები და შეზღუდვები

ტოკენიზებული ოქრო ინოვაციურ აქტივს წარმოადგენს, თუმცა საჭიროა მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება:

  • განკარგვასთან დაკავშირებული რისკი: Bitcoin-ისგან განსხვავებით, რომელიც არ საჭიროებს მესამე მხარის ნდობას, ტოკენიზებული ოქროს შეძენის შემთხვევაში თქვენ უნდა ენდოთ მის გამომშვებს, რომელიც რეალურ ოქროს ინახავს და აკონტროლებს მისი გატანის პროცესს. თუ გამომშვები გაკოტრდება ან საკუთარ რეზერვებს არასწორად განკარგავს, ტოკენმა შესაძლოა ღირებულება დაკარგოს.

  • რეგულაციებთან დაკავშირებული გაურკვევლობა: მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბაზარი იზრდება, სტეიბლკოინებთან და რეალური სამყაროს აქტივებთან დაკავშირებული რეგულაციები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ამ ტოკენების გამოშვების ან მათი მეშვეობით ვაჭრობის წესებზე.

  • ბაზრის ლიკვიდურობა: ტოკენიზებული ოქროს პოპულარობის ზრდის მიუხედავად, ტოკენიზებული ოქროს ლიკვიდურობა კრიპტო ბაზრებზე ჯერ კიდევ დაბალია რეალური ოქროს გლობალურ სპოტ ბაზრებთან შედარებით.

  • საკომისიოები: საჭიროა თვალი ადევნოთ ტრანზაქციის საკომისიოების (გაზის საკომისიოების) ცვლილებებს ბლოკჩეინებზე, ასევე გამომშვების მიერ ოქროს საცავების მართვისთვის დაწესებულ გადასახადებს.

ოქროს ფიუჩერსებით ვაჭრობა Binance-ზე

თუ ოქროს ხანგრძლივად შენახვის ნაცვლად გსურთ სარგებელი მიიღოთ მისი ფასის მოძრაობების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ივაჭროთ ოქროს ფიუჩერსებით Binance-ზე XAUUSDT ტიკერის გამოყენებით. ტოკენიზებული ოქროს შეძენისგან განსხვავებით (რა დროსაც თქვენ მფლობელობაში გადმოგეცემათ საბაზისო აქტივი), ამ დროს თქვენ ყიდულობთ უვადო კონტრაქტებს, რომელთა ანგარიშსწორება ხდება USDT-ში. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვაჭრობთ ოქროს ფასის მოძრაობებზე და არ გჭირდებათ იფიქროთ ფიზიკური ლითონის შენახვის ან გატანის პროცესზე.

შეჯამება

ტოკენიზებული ოქრო ტრადიციული ფინანსების და ციფრული ეკონომიკის კომბინაციას წარმოადგენს. ის თანამედროვეობაზე მორგებული აქტივია, რომელიც ინვესტორებს სთავაზობს საკუთარი კაპიტალის დაცვის საშუალებას ფიზიკური ლითონის ზოდების ფლობის საჭიროების გარეშე. რეალური სამყაროს აქტივების ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, სავარაუდოდ გაიზრდება ოქროთი უზრუნველყოფილი ტოკენებით ვაჭრობის მოცულობა, დაიხვეწება გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტები და მეტი მომხმარებელი დაიწყებს ამ ტოკენების გამოყენებას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.