მთავარი დეტალები
Glamsterdam არის Ethereum-ის პროტოკოლის მნიშვნელოვანი განახლება. თავდაპირველად მისი გაშვება 2026 წლის ივნისისთვის იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით 2026 წლის მესამე კვარტლისთვის გადაიდო.
განახლება სამ ძირითად მიზანზეა ორიენტირებული: ტრანზაქციების დამუშავების პარალელიზაცია, ბლოკის ზომის გაზრდა და მონაცემთა ბაზის გადატვირთვის პრევენცია გაზის ფასის კორექციის მეშვეობით.
შემოთავაზებები მოიცავს EIP-7732-ს (შემომთავაზებლის და შემქმნელის განცალკევების ინტეგრირებული სისტემა), EIP-7928-ს (ბლოკის დონეზე წვდომის სიები) და EIP-8037-ს (გაზის კორექტირების საკითხი).
Ethereum Foundation-მა გაზის მოცულობის განახლების შემდგომ სამიზნე მაჩვენებლად განსაზღვრა 200 მილიონი გაზი დაასახელა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა ამჟამინდელ, დაახლოებით 60-მილიონიან ნიშნულთან შედარებით.
შესავალი
Glamsterdam არის Ethereum-ის მნიშვნელოვანი განახლება რომლის გაშვება თავდაპირველად იგეგმებოდა 2026 წლის ივნისში, თუმცა მოგვიანებით 2026 წლის მესამე კვარტლისთვის გადაიდო. Ethereum Foundation-მა დაადასტურა განახლებული განრიგი, მიზეზად კი დაასახელა დამატებითი ტესტირებისა და კონსენსუსისა და აღსრულების კლიენტებს შორის თავსებადობაზე მუშაობის საჭიროება.
Glamsterdam დაფუძნებულია 2025 წლის დეკემბერში გაშვებული Fusaka განახლების შედეგებზე, რომელმაც მონაცემთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის შემოგვთავაზა PeerDAS. თუ Fusaka ფოკუსირებული იყო საბაზისო გაუმჯობესებებზე, Glamsterdam-ის მიზანია Ethereum-ის საბაზისო ფენის მასშტაბირება. ის უზრუნველყოფს ქსელის მიერ ბლოკების შექმნის და ვერიფიკაციის პროცესის რეორგანიზებას.
რა არის Glamsterdam განახლება?
Glamsterdam წარმოადგენს აღსრულების დონისა და კონსენსუსის დონის კომბინირებულ განახლებას. სახელწოდება ეფუძნება Ethereum-ის ტრადიციას, რაც გულისხმობს აღსრულების დონისთვის ქალაქის სახელის ("ამსტერდამი"), ხოლო კონსენსუსის დონისთვის ვარსკვლავის სახელის ("Gloas") გამოყენებას, რომლებიც გაერთიანებულია ერთ სახელწოდებაში: "Glamsterdam".
განახლება სამ ძირითად მიზანზეა ორიენტირებული. პირველი არის პროცესების დაჩქარება პარალელიზაციის მეშვეობით, რაც ქსელს აძლევს რამდენიმე ტრანზაქციის ერთდროულად დამუშავების შესაძლებლობას, ნაცვლად თანმიმდევრობით დამუშავებისა.
მეორე, სიჩქარის გაზრდა ბლოკის შექმნისა და ვერიფიკაციის პროცესების განცალკევებით, რაც ქსელს მეტ დროს აძლევს დიდი მოცულობის მონაცემების გაზიარებისთვის.
მესამე, მონაცემთა ბაზის გადატვირთვის პრევენცია საკომისიოების იმგვარად კორექტირებით, რომ აისახოს ახალი მონაცემების გრძელვადიანი შენახვისთვის საჭირო აპარატურის ღირებულება, რაც გზას უხსნის გაზის ლიმიტის სამომავლო ზრდას.
მოკლედ რომ ვთქვათ, Glamsterdam-ს შემოაქვს სტრუქტურული ცვლილებები, რათა ქსელმა შეძლოს ეფექტური და მდგრადი ფუნქციონირება გამტარუნარიანობის ზრდის პარალელურად.
Glamsterdam-ის ძირითადი შემოთავაზებები
EIP-7732: შემომთავაზებლის და შემქმნელის განცალკევების ინტეგრირებული სისტემა (ePBS)
ამჟამად, ბლოკის შემომთავაზებლებსა და ბლოკის შემქმნელებს შორის ურთიერთობა Ethereum-ის ძირითადი პროტოკოლის ნაწილი არ არის. ის ეყრდნობა ნდობაზე დაფუძნებულ მესამე მხარის შუალედურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც რელეები (relays) ეწოდება, მათ შორის ყველაზე ცნობილია MEV-Boost.
პროტოკოლს გარეთ აღსრულების ეს მოდელი ქმნის „ბოთლის ყელის ეფექტს“: ვალიდატორებს უწევთ ტრანზაქციების გაზიარების და აღსრულების პროცესის დასრულება სულ რაღაც 2-წამიან ინტერვალში, რაც ზღუდავს იმ მონაცემთა ზომას, რომლის დამუშავებაც ქსელს თითოეულ ბლოკში შეუძლია.
EIP-7732 ფორმალურად განაცალკევებს შემომთავაზებლის (რომელიც ირჩევს კონსენსუსის ბლოკს) და შემქმნელის (რომელიც ქმნის აღსრულების მონაცემთა პაკეტს) როლებს ამ პროცესების უშუალოდ პროტოკოლში ინტეგრირების მეშვეობით. ეს გამორიცხავს მესამე მხარის შუალედური პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროებას და გვთავაზობს შემქმნელის საკომისიოების გადახდების უსაფრთხო, ნდობის საჭიროების არმქონე სისტემას, რომელიც უშუალოდ პროტოკოლის დონეზეა ინტეგრირებული.
2-წამიანი „ბოთლის ყელის ეფექტის“ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ePBS გვთავაზობს Payload Timeliness Committee-ს (PTC) და ორმაგი დედლაინების ალგორითმს. ვალიდატორებს შეუძლიათ ცალ-ცალკე შეამოწმონ კონსენსუსის ბლოკი და აღსრულების მონაცემთა პაკეტი, რაც გაზიარების ინტერვალს 2 წამიდან დაახლოებით 9 წამამდე ზრდის. ეს დამატებითი დრო Ethereum-ს საშუალებას აძლევს, ქსელის გადატვირთვის გარეშე უსაფრთხოდ დაამუშაოს ბევრად დიდი ზომის ბლოკები.
ePBS ასევე გავლენას ახდენს სტეიკინგ-პულებზე, რომელთა უსაფრთხო, ნდობის საჭიროების არმქონე მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭირო იქნება არქიტექტურული განახლება. თუმცა, სტეიკინგის ზოგადი გამოცდილება შესაძლოა გაუმჯობესდეს შემქმნელების შერჩევის უფრო დახვეწილი პროცესის წყალობით.
EIP-7928: ბლოკის დონეზე წვდომის სიები (BAL-ები)
ამჟამად Ethereum ტრანზაქციებს თანმიმდევრულად ამუშავებს. ტრანზაქციის გაშვებამდე ქსელმა არ იცის, თუ რა მონაცემებზე განახორციელებს წვდომას ან რომელ მონაცემებს შეცვლის ტრანზაქცია. ამიტომ, კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ვალიდატორებს უწევთ ტრანზაქციების ცალ-ცალკე დამუშავება. ეს ქმნის „ერთზოლიანი გზის“ ეფექტს, სადაც მიმდევრობითი აღსრულება ზღუდავს გამტარუნარიანობას.
ბლოკის დონეზე წვდომის სიები (BAL-ები) წარმოგვიდგენს ამ პრობლემის მოგვარების გზას, რისთვისაც გვთავაზობს ტრანზაქციების ურთიერთდამოკიდებულების რუკას. აღსრულების დონე ინახავს ბლოკზე წვდომის სრულ სიას, სადაც დეტალურადაა გაწერილი ტრანზაქციებთან დაკავშირებული თითოეული ანგარიში და ცვლილებების საბოლოო შედეგები. ბლოკის სათაური შეიცავს ამ სიის კომპაქტურ ციფრულ ანაბეჭდს.
ამ რუკის წყალობით, ვალიდატორებს შეუძლიათ არაკონფლიქტური ტრანზაქციები პარალელურ რეჟიმში დაამუშაონ, ნაცვლად მიმდევრობითი დამუშავებისა. გარდა ამისა, ნოდებს შეუძლიათ თითოეული ტრანზაქციის სრულად წაკითხვის ნაცვლად გაეცნონ მხოლოდ საბოლოო შედეგებს, რაც სინქრონიზაციის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ამ ფუნქციას ეწოდება „სინქრონიზაცია აღსრულების გარეშე“. BAL-ები წარმოადგენს პირველი დონის ქსელების გამტარუნარიანობის მნიშვნელოვანი ზრდის ფუნდამენტს.
EIP-8037: გაზის ფასების კორექტირება
გაზის ლიმიტის გაზრდა მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, თუ ქსელს შეუძლია გაუმკლავდეს საბოლოო მდგომარეობის შემდგომ ზრდას ეფექტურობის გაუარესების გარეშე. EIP-8037 გვთავაზობს მონაცემთა შენახვის საფასურის კორექტირების ჭკვიანურ მეთოდს, რაც მოიცავს მდგომარეობის გენერირების ოპერაციების ღირებულების გაზრდას. მისი მიზანია მდგომარეობის გაფართოების გაძვირება, რა დროსაც გამოთვლითი ოპერაციები შედარებით იაფი რჩება.
ფასების კორექტირების ეს მოდელი გათვლილია გაზის 200-მილიონიან სამიზნე მაჩვენებელთან ერთად გამოსაყენებლად. მის გარეშე, გაზის ლიმიტის გაზრდას შესაძლოა მოჰყვეს მდგომარეობის გადაჭარბებული ზრდა, რაც გაზრდის ნოდის გაშვების ღირებულებას. გაზის ღირებულების ახალი მონაცემების გრძელვადიან შენახვასთან დაკავშირებული აპარატურის ხარჯებთან შესაბამისობაში მოყვანით, EIP-8037 უზრუნველყოფს გამტარუნარიანობის სტაბილურად ზრდას.
გაზის ლიმიტის 200-მილიონიანი სამიზნე ნიშნული
Ethereum Foundation-ის განცხადებით, გაზის ლიმიტის 200-მილიონიანი სამიზნე ნიშნული წარმოადგენს მაჩვენებელს, რომლის მიღწევაც რეალურად არის შესაძლებელი Glamsterdam-ის გაშვების შემდეგ. ეს იქნება არსებული ლიმიტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ამჟამად დაახლოებით 60 მილიონს შეადგენს. თუმცა, ფონდმა ნიშნული წარმოადგინა, როგორც ეფექტურობის საბოლოო მიზანი და არა განახლების პირველივე დღიდან დაფიქსირებული გარანტირებული პარამეტრი.
გაზის ლიმიტი განსაზღვრავს, თუ რა მოცულობის გამოთვლითი ოპერაციები ეტევა თითოეულ ბლოკში. მისი გაზრდა ნიშნავს, რომ თითო ბლოკში უფრო მეტი ტრანზაქციის და სმარტ კონტრაქტის ოპერაციის დამუშავება გახდება შესაძლებელი, თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ ბლოკები უფრო დიდი ზომის გახდება და მათ დასადასტურებლად მეტი რესურსი იქნება საჭირო. Glamsterdam-ის მიერ შემოთავაზებული ePBS-ის, BAL-ების და გაზის ფასების კორექტირების კომბინაცია სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ეს ზრდა უსაფრთხო და მდგრადი გახადოს.
ვადები და მიმდინარე სტატუსი
როგორც აღვნიშნეთ, Glamsterdam-ის გაშვების თავდაპირველი თარიღი იყო 2026 წლის ივნისი. Ethereum Foundation-მა დაადასტურა, რომ ამჟამად განახლება 2026 წლის მესამე კვარტალში იგეგმება. შეფერხება გამოწვეულია იმით, რომ ePBS-ის შექმნას ნავარაუდევზე მეტი დრო დასჭირდა და კონსენსუსის და აღსრულების კლიენტებს შორის თავსებადობის პრობლემები ჯერ არ არის გადაჭრილი.
განახლების დევნეტები უკვე გაშვებულია, ხოლო ტესტირება ჩატარდა სვალბარდში (ნორვეგია) გამართულ თავსებადობის ღონისძიებაზე. განახლება ტესტირების საბოლოო ფაზაშია. ძირითადი ქსელის გაშვებამდე იგეგმება საჯარო testnet-ის აქტივაცია, თუმცა testnet-ის გაშვების ზუსტი თარიღი ჯერ არ არის გამოცხადებული.
ზოგიერთი ინფორმაციით, გაშვების თარიღად მოიაზრება 2026 წლის აგვისტოს ბოლო, თუმცა ეს ოფიციალურ თარიღს არ წარმოადგენს. ამ თარიღმა შესაძლოა კიდევ გადაიწიოს, თუ ტესტირების დროს პრობლემები გამოვლინდება, განსაკუთრებით ePBS-ის იმპლემენტაციისა და კლიენტებს შორის თავსებადობის კუთხით.
რას ველოდოთ Glamsterdam-ის შემდეგ?
Glamsterdam-ის შემდეგ Ethereum Foundation ასევე განიხილავს მომდევნო დიდ განახლების გაშვებას, სახელწოდებით Hegotà. დაგეგმილია, რომ მისი გაშვება მოხდება Glamsterdam-ის შემდეგ და რეალიზაციის სავარაუდო ვადად 2026 წლის ბოლო ან უფრო გვიანდელი პერიოდი სახელდება, რაც დამოკიდებულია მისი შემუშავების პროგრესზე.
სავარაუდოდ, Hegotà-ს განახლება შემოგვთავაზებს Verkle-ის ხეებს, რომელთა მეშვეობით Ethereum-ის არსებული მონაცემთა სტრუქტურა ჩანაცვლდება უფრო ეფექტური სტრუქტურით, რაც მოგვცემს stateless კლიენტების გამოყენების შესაძლებლობას.
EIP-8141, რომელსაც ეწოდება Frame Transactions, ასევე მოიაზრება Hegotà განახლების ნაწილად. ის შემოგვთავაზებს ადგილობრივი ანგარიშის აბსტრაქციას ტრანზაქციის დამოწმების პროცესის დაპროგრამებადობით, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აირჩიონ პოსტ-კვანტური ხელმოწერის სქემები ECDSA-ის ნაცვლად. თუმცა EIP-8141 ჯერ კიდევ სამუშაო ვერსიის სტატუსშია და განახლებაში მისი ჩართვა საბოლოოდ დადასტურებული არ არის.
Hegotà-ს გარდა, Foundation ასევე მუშაობს Strawmap-ის შემუშავებაზე, რაც წარმოადგენს მის გრძელვადიან საგზაო რუკას, რომელიც კვანტური კომპიუტერების მიმართ მდგრადობაზეა ორიენტირებული. ის მოიცავს ჰეშზე დაფუძნებულ ხელმოწერებს (leanXMSS), მინიმალისტურ zkVM-ს (leanVM), რომელიც კვანტურად უსაფრთხო ხელმოწერების კომპრესიას ემსახურება და მოიცავს 10-ზე მეტ კლიენტის გუნდს შორის ურთიერთთავსებადობის ყოველკვირეულ ტესტირებას.
ხშირად დასმული კითხვები
როდის გააქტიურდება Glamsterdam განახლება?
Ethereum Foundation-მა მისი გაშვების თარიღად 2026 წლის მესამე კვარტალი (Q3) განსაზღვრა, თუმცა ძირითადი ქსელის აქტივაციის ოფიციალური, დადასტურებული თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის. დევნეტები უკვე აქტიურია, ხოლო საჯარო testnet-ის გაშვება დაგეგმილია ძირითადი ქსელის აქტივაციამდე. ზოგიერთი წყარო დეველოპერების შიდა სამიზნე თარიღად 2026 წლის აგვისტოს ბოლოს ასახელებს, თუმცა ეს თარიღის ოფიციალურ დადასტურებას არ წარმოადგენს.
რა არის შემომთავაზებლის და შემქმნელის განცალკევების ინტეგრირებული სისტემა (ePBS)?
ePBS (EIP-7732) ბლოკის შემომთავაზებლებსა და ბლოკის შემქმნელებს შორის ურთიერთქმედებას უშუალოდ Ethereum-ის ძირითადი პროტოკოლის დონეზე გადაიტანს, რაც გამორიცხავს მესამე მხარის შუამავალი რელეების საჭიროებას, როგორიცაა MEV-Boost.
ის წარმოგვიდგენს Payload Timeliness Committee-სა და ორმაგი დედლაინების ალგორითმს, რომელიც ბლოკის გაზიარებისთვის საჭირო დროის ინტერვალს 2 წამიდან დაახლოებით 9 წამამდე ზრდის, რაც ქსელს უფრო დიდი ზომის ბლოკების დამუშავების საშუალებას აძლევს.
რა არის ბლოკის დონეზე წვდომის სიები (BAL-ები)?
BAL-ები (EIP-7928) გვთავაზობს ბლოკის ტრანზაქციებს შორის ურთიერთკავშირების წინასწარ მომზადებულ რუკას. BAL-ების ფუნქცია, სახელწოდებით „სინქრონიზაცია აღსრულების გარეშე“ შესაძლებელს ხდის არაკონფლიქტური ტრანზაქციების პარალელურ დამუშავებას და ნოდების უფრო სწრაფ სინქრონიზაციას, რადგან ვალიდატორებს უშუალო აღსრულების დაწყებამდე ეცოდინებათ, თუ რომელ ანგარიშებთანაა დაკავშირებული თითოეული ტრანზაქცია.
შეამცირებს თუ არა Glamsterdam გაზის საკომისიოებს?
Glamsterdam-ის მთავარი მიზანი ქსელის სიჩქარის და გამტარუნარიანობის გაზრდაა და არა გაზის საკომისიოების პირდაპირი შემცირება. გაზის ლიმიტის სამიზნე მაჩვენებლის გაზრდითა და პარალელური აღსრულების შესაძლებლობის გააქტიურებით, თითოეულ ბლოკში უფრო მეტი ტრანზაქციის დატევა გახდება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს საკომისიოების მკვეთრი ნახტომებით ზრდის ალბათობის შემცირებას, რაც გამოწვეულია ქსელის გადატვირთვით.
თუმცა, EIP-8037 ასევე ზრდის მდგომარეობის გენერირების ოპერაციების ხარჯებს, რათა თავიდან აიცილოს მონაცემთა ბაზის გადატვირთვა, შესაბამისად, ზოგიერთი ტიპის ოპერაცია შესაძლოა უფრო გაძვირდეს.
რა განსხვავებაა Glamsterdam-სა და Fusaka-ს შორის?
Fusaka-მ, რომელიც 2025 წლის დეკემბერში იქნა გაშვებული, მონაცემთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის შემოგვთავაზა PeerDAS და გაზარდა ბლობ-პარამეტრები მეორე დონის ქსელებისთვის. Glamsterdam ეფუძნება ამ ფუნდამენტს და ფოკუსირდება 1-ელი დონის ქსელის მასშტაბირებაზე ePBS-ის, ბლოკის დონეზე წვდომის სიებისა (BALs) და გაზის ფასების კორექტირების მეშვეობით. Fusaka ძირითადად ორიენტირებული იყო მეორე დონის როლაფების გაუმჯობესებაზე, ხოლო, Glamsterdam-ის სამიზნეს უშუალოდ პირველი დონის ქსელი წარმოადგენს.
შეჯამება
Glamsterdam წარმოადგენს Ethereum-ის მასშტაბირების საგზაო რუკის მნიშვნელოვან ეტაპს. ამ განახლების მიზანია Ethereum-ის მომზადება გამტარუნარიანობის მნიშვნელოვანი ზრდისთვის დეცენტრალიზაციისა და ნოდების ხელმისაწვდომობის შემცირების გარეშე.
ძირითადი ცვლილებები მოიცავს შემომთავაზებლის და შემქმნელის განცალკევების პროტოკოლის დონეზე ინტეგრირებულ სისტემას, ტრანზაქციების პარალელური დამუშავების შესაძლებლობის გააქტიურებას ბლოკის დონეზე წვდომის სიების მეშვეობით და გაზის ფასების კორექტირებას მონაცემთა ბაზის ზრდის მართვისთვის.
მისი გაშვების 2026 წლის მესამე კვარტლამდე გადავადება ასახავს დაგეგმილი ცვლილებების სირთულეს. მხოლოდ ePBS-იც კი სრულად გარდაქმნის ბლოკების შექმნის და გაზიარების პროცესს, ხოლო კლიენტებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფა დიდ დროს მოითხოვს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.