რა არის და რა ზეგავლენას ახდენს CLARITY Act კრიპტოვალუტების სივრცეზე?

რა არის და რა ზეგავლენას ახდენს CLARITY Act კრიპტოვალუტების სივრცეზე?

განახლებული May 26, 2026
11m

მთავარი დეტალები

  • 2025 წლის ციფრული აქტივების საბაზრო გამჭვირვალობის შესახებ აქტი გახლავთ აშშ-ის მიერ შემუშავებული ფედერალური კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მკაფიო წესების განსაზღვრას კრიპტოვალუტების კლასიფიკაციისა და რეგულირების პროცესებთან დაკავშირებით.

  • კანონპროექტი ზედამხედველობის პროცედურებს ორ მარეგულირებელ ორგანოს - აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიას (CTFC) შორის ანაწილებს - იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ტოკენი - ფასიანი ქაღალდია ის, თუ საქონელი.

  • საკვანძო ფუნქცია, სახელწოდებით „ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ტესტი“ კონკრეტული ტოკენების SEC-ის დაქვემდებარებიდან CTFC-ის დაქვემდებარებაში გადატანის საშუალებას იძლევა, ქსელის დეცენტრალიზაციის საჭირო დონის მიღწევის შემდეგ.

  • ზემოხსენებული დებულებები შესაძლოა ნაკლებად გავრცელდეს სრულად დეცენტრალიზებულ პროტოკოლებსა და არაკასტოდიალური ერთეულების დეველოპერებზე, თუმცა ცენტრალიზებულ ბირჟებს რეგისტრაციისა და შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ.

  • 2026 წლის მაისის მონაცემებით, კანონპროექტი განხილულ იქნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ და სენატის საბანკო კომიტეტის მიერ დადასტურდა, თუმცა ჯერ არ ყოფილა გატანილი სენატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე.

Binance Academy კურსების ბანერი

შესავალი

წლების განმავლობაში აშშ-ის კრიპტოინდუსტრია სპეციალური მარეგულირებელი პროცესების გარეშე ფუნქციონირებდა. ზემოხსენებული ორ ფედერალური მარეგულირებელი ორგანო - აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CTFC) - ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებს აფიქსირებდა ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით. CLARITY Act არის კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოფხვრას ბუნდოვანება მკაფიო იურისდიქციული პროცედურების და კრიპტოვალუტების ბაზრის მონაწილეებისთვის კონკრეტული წესების დანერგვის გზით.

რა არის CLARITY Act?

2025 წლის ციფრული აქტივების საბაზრო გამჭვირვალობის შესახებ აქტი (Digital Asset Market Clarity Act, H.R. 3633), რომელიც ასევე ცნობილია როგორც CLARITY Act, არის აშშ-ის ფედერალური კანონპროექტი, რომელიც შექმნილია კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივებისთვის ყოვლისმომცველი მარეგულირებელი პროცედურების დანერგვის მიზნით.

კანონპროექტი 2025 წლის მაისში წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრენჩ ჰილმა და წარმომადგენელთა პალატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გ.ტ. ტომპსონმა წარადგინეს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ იგი 2025 წლის 17 ივლისს დაამტკიცა, ორპარტიული კენჭისყრის ფარგლებში - 294 ხმით 134-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტი ვრცელდება ბაზრის მონაწილეთა ფართო წრეზე, მათ შორის კრიპტოვალუტების ცენტრალიზებულ ბირჟებზე, ბროკერებზე, დილერებსა და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) კონკრეტულ პროტოკოლებზე. გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში წარმოდგენილია დამატებითი დებულებები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) მოთხოვნებთან შესაბამისობისა და საგადასახადო ანგარიშგების შესახებ.

რა მიზანს ემსახურება კონგრესის მიერ შედგენილი ეს კანონპროექტი?

მარეგულირებელი ორგანოები ვერ აღწევდნენ შეთანხმებას აქტივების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით - ფასიანი ქაღალდების (რომელსაც SEC ზედამხედველობს) ჯგუფს მიეკუთვნებოდა კონკრეტული აქტივი თუ საქონელს (რომელსაც CFTC ზედამხედველობს). ეს გაურკვევლობა ხელს უშლიდა სავაჭრო ბირჟების ფუნქციონირებას, პროექტების მიერ ფინანსების მოზიდვასა და ორგანიზაციული დონის ინვესტორების ბაზარზე მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას.

რეზონანსულმა სამართლებრივმა დავებმა - როგორიცაა SEC-ის სარჩელები რამდენიმე მსხვილი კრიპტოპროექტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, წარმოადგენდა თუ არა მათი ტოკენები დაურეგისტრირებელ ფასიან ქაღალდებს - მკაფიო წესების არსებობის აუცილებლობა კიდევ უფრო გამოკვეთა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის არარსებობის გამო, ბევრმა კრიპტოკომპანიამ საზღვარგარეთის ქვეყნებში გადაინაცვლა, რაც, კრიტიკოსების აზრით, აშშ-ს სწრაფად მზარდ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას აკარგვინებდა.

CLARITY Act წარმოადგენს მცდელობას, შეიქმნას „წესების წიგნი“, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის განსაზღვრულ სამართლებრივ ჩარჩოებთან შესაბამისობას, ორგანიზაციული დონის კაპიტალის მოზიდვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპების გაუმჯობესების შესაძლებლობას, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესების შეფერხების გარეშე.

SEC და CFTC: როგორ ნაწილდება ზედამხედველობითი პროცესები?

CLARITY Act-ის ფარგლებში დანერგილი მთავარი ინოვაცია გახლავთ მარეგულირებელი პროცესების SEC-სა და CFTC-ს შორის განაწილების პრინციპი, რომელიც ციფრული აქტივების კლასიფიკაციას ეფუძნება.

SEC-ის ზედამხედველობის ქვეშ არსებული აქტივები

SEC ინარჩუნებს იურისდიქციას იმ ციფრულ აქტივებთან მიმართებაში, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც „საინვესტიციო კონტრაქტის აქტივები“. აღნიშნული მოიცავს ტრადიციული ფასიანი ქაღალდების მსგავს ტოკენებს, სადაც ინვესტორების მიერ მოგების მიღება პროცესებში მონაწილე ცენტრალურ მმართველ გუნდზე ან კომპანიაზეა დამოკიდებული.

ეს პროცესები ეფუძნება პოპულარულ „ჰოუის ტესტს“ (Howey Test), რომელიც ფასიანი ქაღალდების ანალიზისთვის გამოიყენება. ამ წესების მიხედვით, მონეტის პირველადი შეთავაზებები (ICO-ები) და ტოკენების სხვა, დეცენტრალიზებული პროექტი, სავარაუდოდ, კვლავ SEC-ის ზედამხედველობის ქვეშ რჩება.

CFTC-ის ზედამხედველობის ქვეშ არსებული აქტივები

CFTC-ის ზედამხედველობას ექვემდებარება „ციფრული საქონელი“, ანუ ტოკენები, რომლებიც წარმოდგენილია დეცენტრალიზაციის მაღალი დონის მქონე ქსელებზე და ფუნქციონირებს, როგორც utility ტოკენები და არა საინვესტიციო ინსტრუმენტები.

Bitcoin (BTC) და Ether (ETH) ხშირად მოიხსენიება, როგორც იმ ტოკენების მაგალითი, რომლებიც შეიძლება აღნიშნულ კონტექსტში კლასიფიცირდეს, როგორც ციფრული საქონელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ CFTC პირველად მოიპოვებს ერთპიროვნულ უფლებამოსილებას ციფრული აქტივების სპოტ ბაზრებზე, რაც მისი მანდატის მნიშვნელოვანი გაფართოებაა.

ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ტესტი

CLARITY აქტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული ელემენტია „ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ტესტი“. ეს გახლავთ კრიტერიუმების ერთგვარი ნაკრები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ბლოკჩეინ ქსელმა იმისთვის, რომ მისი ადგილობრივი ტოკენი SEC-ის დაქვემდებარებიდან CFTC-ის დაქვემდებარებაში გადავიდეს.

აღნიშნული კრიტერიუმები ძირითადად დეცენტრალიზაციის საკითხზეა ორიენტირებული: მაგალითად, არის თუ არა ტოკენების მიწოდების ან ხმის მიცემის პროცესების 20%-ზე მეტი დაქვემდებარებული რომელიმე ცალკეული სუბიექტის ან მასთან აფილირებული ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული, არის თუ არა გამოყენებული ღია პროგრამული კოდი და აქვს თუ არა ტოკენს რაიმე სხვა ფუნქციური დანიშნულება, გარდა საინვესტიციო პროცედურების ფარგლებში გამოყენებისა. შედარებით უფრო სტაბილური ბლოკჩეინების შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლის მიხედვითაც საჭიროა, რომ ტოკენების მარაგის სულ მცირე ნახევარი დამფუძნებელი გუნდის კონტროლს არ ექვემდებარებოდეს.

წარმოიდგინეთ სტარტაპი, რომლის კაპიტალის ძირითადი ნაწილი საწყის ეტაპზე დამფუძნებელი გუნდის დაქვემდებარებაშია. დროთა განმავლობაში მფლობელობისა და მართვის პროცესები სხვა აქციონერებზე ნაწილდება და დამფუძნებლების გავლენაც პროპორციულად მცირდება. „ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ტესტი“ კრიპტო ქსელებისთვის ზუსტად ასეთ გარდამავალ ეტაპს აფიქსირებს - მომენტს, როდესაც მართვასა თუ ტოკენების მარაგზე ერთპიროვნული კონტროლი არც ერთ კონკრეტულ მხარეს აღარ აქვს.

რას მოიცავს CLARITY Act?

გარდა პროცესების SEC-სა და CFTC-ს შორის გადანაწილებისა, პროექტი რამდენიმე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს.

CLARITY Act დაფუძნებულია გასულ წელს შემუშავებულ GENIUS Act-ზე და უფრო მეტად აფართოებს სტეიბლკოინებთან დაკავშირებულ დებულებებს. GENIUS Act-ის ფარგლებში, სტეიბლკოინების გამომშვებ კომპანიებს თავდაპირველად ეკრძალებოდათ მომხმარებელთა ბალანსებზე საპროცენტო სარგებლის დაწესება.

CLARITY Act აღმოფხვრის საკანონმდებლო ხარვეზს და ამ აკრძალვას მესამე მხარის (სხვა) პლატფორმებზეც ავრცელებს: სენატის 2026 წლის 11 მაისის პროექტის მიხედვით, იკრძალება ჯილდოების გაცემა სტეიბლკოინების პასიურ ჰოლდინგებთან მიმართებაში, რაც „ეკონომიკურად ან ფუნქციურად ექვივალენტურია“ დეპოზიტის პროცენტის, თუმცა დასაშვებია ვაჭრობასთან ან ტრანზაქციებთან დაკავშირებით ჯილდოების გაცემა.

სტეიბლკოინებთან დაკავშირებული რეგულაციები სენატის მოლაპარაკებების ფარგლებში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად რჩება. კანონის მიღების შემთხვევაში, მარეგულირებელ ორგანოებს ერთი წელი ექნებათ იმის ზუსტად განსასაზღვრად, თუ რომელ აქტივობაზე დაფუძნებული ჯილდოების გაცემა იქნება ნებადართული.

სავაჭრო ბირჟის რეგისტრაცია

ციფრული საქონლით მოვაჭრე ცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟებს, ბროკერებსა და დილერებს წარედგინებათ მოთხოვნა CFCT რეგისტრაციის გავლასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოიცავს იმ პლატფორმებს, რომლებიც წარმოადგენენ კასტოდიალური ელემენტების მქონე დეცენტრალიზებულ ბირჟებს. ზემოხსენებული რეგისტრაციის გავლის შემდეგ აღნიშნული ერთეულები დაექვემდებარება ოფიციალურ ფედერალურ ზედამხედველობას და ამოქმედდება ისეთი სავალდებულო მოთხოვნები, როგორიცაა მომხმარებელთა უსაფრთხოების, ვაჭრობის სამართლიანობის და ფინანსური ანგარიშგების პროცესების უზრუნველყოფა.

AML და KYC ვალდებულებები

რეგისტრირებულ სავაჭრო ბირჟებსა და შუამავალ კომპანიებს წარედგინებათ ახალი KYC (იცნობდე შენს კლიენტს) მოთხოვნები, რაც მოიცავს მომხმარებელთა ბაზის საფუძვლიანი შემოწმების პროგრამებს, საეჭვო აქტივობებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს და დამოუკიდებელ აუდიტს. აღნიშნული მოთხოვნები უზრუნველყოფს ციფრული აქტივების პლატფორმების ტრადიციულ ფინანსურ დაწესებულებებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას.

საგადასახადო ანგარიშგება

აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში ტერმინი „ბროკერი“ საგადასახადო პროცესების კონტექსტში კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება რაც უფრო მეტ პლატფორმას ავალდებულებს, მომხმარებლებსა და საგადასახადო სამსახურს (IRS) წარუდგინონ 1099-DA ფორმა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო მეტი ავტომატური შეტყობინების გაგზავნა კრიპტო ტრანზაქციებთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოებისთვის, რაც ძალიან გავს აქციებით ვაჭრობის ფარგლებში წარმოებული ანგარიშგების პროცესებს.

როგორ მოქმედებს CLARITY Act DeFi-სთან მიმართებაში?

დეცენტრალიზებული პროტოკოლებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესები კანონპროექტის ერთ-ერთ ყველაზე ნიუანსურ ასპექტს წარმოადგენს. CLARITY Act მოიცავს გამონაკლისს, რომელიც ცნობილია როგორც „ბლოკჩეინის მარეგულირებელი პროცესების სიცხადის აქტი“ (BRCA) და რომელიც წარმოდგენილია აღნიშნული კანონპროექტის 604-ე მუხლში.

აღნიშნული დებულება მიზნად ისახავს არაკასტოდიალური პროგრამული უზრუნველყოფის, ანუ ღია პროგრამული კოდის საფულეებისა და პროტოკოლების დეველოპერების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომელთაც მფლობელობაში არ აქვთ მომხმარებელთა თანხები და შესაბამისად, არ შეუძლიათ მათი გადარიცხვის ან გაყიდვის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება - რათა ისინი „საბანკო საიდუმლოების შესახებ აქტის“ (Bank Secrecy Act) შესაბამისად არ კვალიფიცირდნენ ფულადი გზავნილებს განხორციელებაზე პასუხისმგებელ სუბიექტებად.

პრაქტიკაში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დეველოპერებს, რომლებიც ქმნიან დეცენტრალიზაციის მაღალი დონის მქონე პროტოკოლებს, მათ შორის, სმარტ-კონტრაქტებს და ლიკვიდურობის პულებს, შესაძლოა არ დაეკისროთ რეგისტრაციისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ისეთივე მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება, როგორც, მაგალითად, ცენტრალიზებულ ბირჟებს. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით ტერმინების „არაკასტოდიალური“ და „დეცენტრალიზებული“ ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა კვლავ აქტიური განხილვის საგანია, განსაკუთრებით სენატის მოლაპარაკებების ფარგლებში.

კონკრეტული DeFi აქტივობებთან, განსაკუთრებით კასტოდიალური შუამავალი ერთეულების ან მომხმარებელთა ფინანსების ცენტრალიზებული კონტროლის მოდელების შემცველი აქტივობებთან მიმართებაში კვლავ არსებობს შესაბამისობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, აქვს თუ არა დეველოპერს ან პროვაიდერს მომხმარებლის აქტივების გადატანასთან ან გაყინვასთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. SEC და CFTC ყველა ციფრულ აქტივთან მიმართებაში ახორციელებს თაღლითობისა და მანიპულაციის საწინააღმდეგო პროცედურებს, მიუხედავად მათი დეცენტრალიზაციის დონისა.

რა ზეგავლენას ახდენს CLARITY Act კრიპტოვალუტების მომხმარებლებზე?

კრიპტოვალუტების სტაბილური მომხმარებლებისთვის CLARITY Act-ის დამტკიცებას შესაძლოა შემდეგი შედეგები მოჰყვეს:

  • დამტკიცდება უფრო მკაფიო წესები აშშ-ში კანონიერ ფარგლებში არსებული სავაჭრო ბირჟების შესახებ, რაც გაამარტივებს სათანადო რეპუტაციის მქონე, სანდო პლატფორმების ამოცნობას.

  • გაუმჯობესდება მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები, მათ შორის, აქტივების შენახვის სტანდარტები და ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები რეგისტრირებული ბირჟების მხრიდან.

  • უფრო მეტად დაიხვეწება საგადასახადო ანგარიშგების პროცედურები, გაფართოვდება 1099-DA წესების მოქმედების მასშტაბები, რაც განაპირობებს უფრო მეტ კრიპტო აქტივობასთან დაკავშირებული შეტყობინების ავტომატურად გაგზავნას საგადასახადო ორგანოებისთვის.

  • გაუმჯობესდება ორგანიზაციული ჩართულობის დონე, რაც დროთა განმავლობაში ხელს შეუწყობს ბაზრის ლიკვიდურობის გაუმჯობესებას, თუმცა ეს მოიცავს ბაზრის ისეთ დინამიკას, რომელიც თავისთავად არაპროგნოზირებადია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს აღნიშნული პროცედურების საერთაშორისო კონტექსტიც. ევროკავშირმა კრიპტოაქტივების საკუთარი ყოვლისმომცველი რეგულაციის სახით შემოიღო MiCA (კრიპტო აქტივების ბაზრების რეგულაცია). CLARITY Act-ის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-სა და ევროკავშირში ჩამოყალიბდება ოფიციალური მარეგულირებელი სტრუქტურები, რამაც შესაძლოა განსაზღვროს, თუ როგორ იფუნქციონირებს გლობალური კრიპტო ბაზრები და როგორ მოხდება პროექტების მიერ განთავსების ან ლისტინგის სივრცეების შერჩევა.

რა არის CLARITY Act-ის მიმდინარე სტატუსი?

2026 წლის მაისის მონაცემებით, CLARITY Act-მა გადალახა ორი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბარიერი, თუმცა ჯერ არ დამტკიცებულა, როგორც ოფიციალური კანონი:

  • წარმომადგენელთა პალატა: მიღებულია 2025 წლის 17 ივლისს, ორპარტიული კენჭისყრით 294 ხმით 134-ის წინააღმდეგ.

  • სენატის საბანკო კომიტეტი: დამტკიცდა 2026 წლის 14 მაისს, ორპარტიული კენჭისყრით 15 ხმით 9-ის წინააღმდეგ. სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მისი თანმხლები ვერსია, „ციფრული აქტივების შუამავლების აქტი“ (Digital Commodity Intermediaries Act), 2026 წლის 29 იანვარს მიიღო.

  • შემდეგი ნაბიჯები: სენატის ორივე კომიტეტის თანამშრომლები საბანკო და სოფლის მეურნეობის კომიტეტების ვერსიებს გააერთიანებენ ერთ კანონპროექტში, რათა იგი სენატის სრულ შემადგენლობას წარედგინოს კენჭისყრაზე, სადაც ობსტრუქციის დასაძლევად, სავარაუდოდ, 60 ხმა იქნება საჭირო.

რამდენიმე გადაუჭრელმა საკითხმა შესაძლოა შეაფერხოს სენატში საბოლოო კენჭისყრის პროცესი. სენატორმა ანჯელა ოლსობრუქსმა, რომელმაც კომიტეტში კანონპროექტს მხარი დაუჭირა, განაცხადა, რომ საბოლოო დოკუმენტისადმი მისი მხარდაჭერა დამოკიდებულია მასში ეთიკის დებულებების დამატებაზე. ჩრდილოეთ ამერიკის ფასიანი ქაღალდების ადმინისტრატორთა ასოციაციამ (NASAA), რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს, ასევე ოფიციალურად გამოხატა წინააღმდეგობა კანონპროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ მან შესაძლოა შეასუსტოს ინვესტორთა დაცვის მექანიზმები. ამასთანავე, კვლავ გრძელდება უთანხმოება სტეიბლკოინების მეშვეობით სარგებლის მიღების წესებთან, DeFi-ს განმარტებებთან და SEC-ის დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

თეთრმა სახლმა კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა და ორპარტიული მზაობაც სახეზეა. თუმცა, ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ სენატში ძირითადი მოლაპარაკებები შესაძლოა 2026 წლის ბოლომდე ან უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად საკანონმდებლო კალენდარი იტვირთება. კანონის მიღებისა და ხელმოწერის შემდეგ კი, SEC-ისა და CFTC-ის მიერ ოფიციალური წესების შემუშავებისა და დანერგვის პროცესს შესაძლოა კიდევ დამატებით რამდენიმე თვე ან წელი დასჭირდეს.

ხშირად დასმული შეკითხვები

არის თუ არა CLARITY Act დამტკიცებული ოფიციალური კანონის სახით?

არა. 2026 წლის მაისის მდგომარეობით, CLARITY-ის აქტი (H.R. 3633) მიღებულია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ და დამტკიცებულია სენატის საბანკო კომიტეტის მიერ, თუმცა სენატის სრულ შემადგენლობას მასთან დაკავშირებით კენჭისყრა ჯერ არ ჩაუტარებია. ამასთან, აღნიშნული კანონპროექტი არ არის ხელმოწერილი პრეზიდენტის მიერ. შესაბამისად, CLARITY Act ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დამტკიცებული.

რა არის „ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ტესტი“?

„ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ტესტი“ გახლავთ კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება ბლოკჩეინ ქსელის დეცენტრალიზაციის დონე. თუ ტოკენის ქსელი აღნიშნულ ტესტს გაივლის, შესაძლოა ტოკენი კლასიფიცირდეს როგორც ფასიანი ქაღალდი (და დაექვემდებაროს SEC-ის ზედამხედველობას) და აღარ მიიჩნეოდეს ციფრულ საქონელად (რომელიც CFTC-ის დაქვემდებარების ქვეშ არსებულ ერთეულს წარმოადგენს).

აღნიშნული კრიტერიუმები მოიცავს შემდეგ საკითხებს: არის თუ არა ტოკენების მიწოდების ან ხმის მიცემის პროცესების 20%-ზე მეტი დაქვემდებარებული რომელიმე ცალკეული სუბიექტის ან ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული, არის თუ არა გამოყენებული ღია პროგრამული კოდი და აქვს თუ არა ტოკენს რაიმე სხვა ფუნქციური დანიშნულება, და არის თუ არა დაკმაყოფილებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ტოკენების მარაგის სულ მცირე ნახევარი დამფუძნებელი გუნდის კონტროლს არ ექვემდებარებოდეს.

იმოქმედებს თუ არა CLARITY Act DeFi პროტოკოლებთან მიმართებაში?

CLARITY Act მოიცავს გამონაკლისს („ბლოკჩეინის მარეგულირებელი პროცესების სიცხადის აქტი“ (BRCA), მუხლი 604), რომლის მიხედვითაც არა-კასტოდიალური ერთეულების დეველოპერები და დეცენტრალიზაციის მაღალი დონის მქონე პროტოკოლები არ კლასიფიცირდებიან, როგორც თანხების გადამრიცხავი ერთეულები.

თუმცა, DeFi პლატფორმებს, რომლებზეც წარმოდგენილია კასტოდიალური სერვისები, ან სადაც არსებობს მომხმარებელთა აქტივების ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე გადატანის ან გაყინვის შესაძლებლობა, შესაძლოა მაინც დაეკისროთ შესაბამისობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. აღნიშნული პროცესების დეტალური განხილვა სენატში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მოქმედებს თუ არა CLARITY Act კრიპტო გადასახადებზე?

დიახ. აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში ტერმინი „ბროკერი“ საგადასახადო პროცესების კონტექსტში კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება რაც უფრო მეტ პლატფორმას ავალდებულებს, მომხმარებლებსა და საგადასახადო სამსახურს (IRS) წარუდგინონ 1099-DA ფორმა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო მეტი ავტომატური შეტყობინების გაგზავნა კრიპტო ტრანზაქციებთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოებისთვის, რაც ძალიან გავს ტრადიციული საბროკერო ანგარიშების მუშაობის პრინციპს.

მოქმედებს თუ არა CLARITY Act შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ?

CLARITY Act აშშ-ის ფედერალური კანონპროექტია და, პირველ რიგში, ვრცელდება იმ სუბიექტებსა და საქმიანობაზე, რომლებიც აშშ-ის იურისდიქციის დაქვემდებარებაშია. თუმცა, აშშ-ის ფარგლებს გარეთ არსებულ სავაჭრო ბირჟებთან მიმართებაში, რომლებიც ემსახურებიან ამერიკაში მყოფ მომხმარებლებს ან ახორციელებენ აშშ-ის ბაზრებზე სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებული ტოკენების ლისტინგს, შესაძლოა კვლავ დაწესდეს შესაბამისობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. აშშ-ის ფარგლებს გარეთ მყოფ მომხმარებლებზე კი, როგორც წესი, მათი ადგილობრივი რეგულაციები ვრცელდება.

შეჯამება

CLARITY Act წარმოადგენს აშშ-ის ციფრული აქტივების ბაზარზე მარეგულირებელი პროცედურების დანერგვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მცდელობას.

SEC-სა და CFTC-ს შორის უფრო მკაფიო ზღვრის გავლებით, „ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ტესტის“ მეთოდის დანერგვით და DeFi-ს, სტეიბლკოინების, AML (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის) მოთხოვნებისა და საგადასახადო ანგარიშგების საკითხების მოწესრიგებით, კანონპროექტმა შესაძლოა ფუნდამენტურად შეცვალოს კრიპტო ბიზნესებისა და მომხმარებლების მოქმედების პრინციპი აშშ-ის სამართლებრივი სისტემის ფარგლებში.

თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტი ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად დამტკიცებული. საჭიროა სენატის სრული შემადგენლობის კენჭისყრის ჩატარება (სადაც 60-ზე მეტი ხმის მოპოვებაა საჭირო), წარმომადგენელთა პალატის ვერსიასთან შეჯერება და პრეზიდენტის ხელმოწერა, რასაც შემდგომში ოფიციალური წესების შემუშავების პროცესი მოჰყვება. კრიპტოვალუტების სივრცეში მოღვაწე ნებისმიერმა პირმა - იქნება ეს დეველოპერი, სავაჭრო ბირჟის ოპერატორი თუ უბრალოდ მომხმარებელი - თვალი უნდა ადევნოს ზემოხსენებული პროცესების განვითარებას და გაიაროს კონსულტაცია შესაბამისი სფეროს წარმომადგენელთან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს აღნიშნულმა კანონპროექტმა მასზე.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.