მთავარი დეტალები
Shentu არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც დაფუძნებულია Cosmos SDK-ზე და გვთავაზობს უსაფრთხოების ინდრასტრუქტურას სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (dApp-ებისთვის).
CTK არის Shentu-ს ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოებისთვის, სტეიკინგისთვის, მმართველობაში მონაწილეობისთვის და ქსელის მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოების სერვისების საფასურის გადასახდელად.
Shentu-ს მთავარ პროდუქტს წარმოადგენს Security Oracle - დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც სმარტ კონტრაქტების შეფასების მონაცემების უწყვეტად მოწოდებისთვის იყენებს ბლოკჩეინის oracle-ებს.
Shentu შეიქმნა 2021 წელს და თავდაპირველად მას ეწოდებოდა CertiK Chain. 2022 წლის ბოლოს განხორციელდა მისი რებრენდინგი და მას ეწოდა Shentu Chain. ამჟამად ის გაშვებულია დამოუკიდებელ საჯარო ბლოკჩეინზე, რომელიც ფოკუსირებულია Web3-ის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე.
შესავალი
უსაფრთხოება ბლოკჩეინის და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროს მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად კრიპტოვალუტების ინდუსტრიის დიდი დანაკარგებისა, რაც გამოწვეულია სმარტ კონტრაქტების ექსპლოიტებით, პროტოკოლის ბაგებით და არასანქცირებული წვდომით, უსაფრთხოების ზომების უმეტესობა კვლავ რეაქტიულად რჩება. ეს ზომები მოიცავს უსაფრთხოების აუდიტებს, რომლებიც ტარდება მხოლოდ პროდუქტის გაშვების წინ. სმარტ კონტრაქტების გამოშვების შემდეგ კი მათზე მონიტორინგი იშვიათად ხორციელდება.
Shentu წარმოადგენს ბლოკჩეინის პროტოკოლს, რომელიც აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ბლოკჩეინში ინტეგრირების მეშვეობით ცდილობს. აუდიტების და რისკის შეფასების off-chain სერვისების გამოყენების ნაცვლად, Shentu მათ პირდაპირ 1-ელი დონის ბლოკჩეინზე ამატებს. მისი Security Oracle აფასებს კონტრაქტებს რეალურ დროში, მისი ShentuShield პროტოკოლი გვთავაზობს ვერიფიცირებული ექსპლოიტებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების დეცენტრალიზებულ სისტემას, ხოლო მისი ადგილობრივი ტოკენი, CTK, უზრუნველყოფს მთლიანი ეკოსისტემის მხარდაჭერას.
ამ სტატიაში განხილულია, თუ რას წარმოადგენს Shentu, როგორ მუშაობს მისი ძირითადი კომპონენტები და რა როლს ასრულებს მისი ადგილობრივი ტოკენი.
რა არის Shentu (CTK)?
Shentu არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც ფოკუსირებულია ბლოკჩეინის უსაფრთხოებაზე. თავდაპირველად ის გაეშვა 2018 წელს CertiK Chain-ის სახელწოდებით და წარმოადგენდა ბლოკჩეინის უსაფრთხოების კომპანიის, CertiK-ის განყოფილებას. ამ კომპანიის დამფუძნებლები არიან იელის და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესორები, რომელთა გამოცდილების სფერო მოიცავს კრიპტოგრაფიას და ფორმალურ ვერიფიკაციას. 2021 წელს პროექტის მმართველობის შემოთავაზების საფუძველზე განხორციელებული რებენდინგის შედეგად მას ეწოდა Shentu Chain. ამჟამად ის წარმოადგენს არა კონკრეტულ უსაფრთხოების კომპანიასთან დაკავშირებულ პროდუქტს, არამედ დამოუკიდებელ საჯარო ბლოკჩეინს.
Shentu დაფუძნებულია Cosmos SDK-ზე და იყენებს CometBFT-ს, რომელიც წარმოადგენს ბიზანტიელი გენერლების პრობლემის მიმართ მედეგ (PBFT) კონსენსუსის მექანიზმს (რომელსაც ადრე ეწოდებოდა Tendermint) და გვთავაზობს ტრანზაქციების სწრაფად აღსრულებას. მისი ბლოკის შექმნის დროა დაახლოებით ექვსიდან შვიდ წამამდე. ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს delegated proof-of-stake (DPoS) ვალიდატორების გუნდი. CTK-ის მფლობელებს შეუძლიათ გამოიმუშაონ სტეიკინგის ჯილდოები საკუთარი ტოკენების ვალიდატორებისთვის გადაცემის მეშვეობით.
რადგან Shentu დაფუძნებულია Cosmos-ის არქიტექტურაზე, მას აქვს IBC-ის (ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციის) მხარდაჭერა, რაც იძლევა აქტივების და მონაცემების Shentu-ს და Cosmos-თან თავსებად სხვა ბლოკჩეინებს შორის გადატანის შესაძლებლობას. 2024 წელს მას დაემატა EVM-თან თავსებადობა, რამაც დეველოპერებს მისცა მათთვის ნაცნობი Ethereum-ის ინსტრუმენტების გამოყენების და Ethereum-თან თავსებადი სმარტ კონტრაქტების გაშვების შესაძლებლობა.
CertiK-თან კავშირი
Shentu და CertiK ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა განსხვავებული ცნებებია. CertiK არის კერძო უსაფრთხოების კომპანია რომელიც გვთავაზობს სმარტ კონტრაქტების აუდიტებს, შეღწევის ტესტირებებს და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების სერვისებს. Shentu Chain არის საჯარო ბლოკჩეინის ქსელი საკუთარი ვალიდატორების გუნდით, მმართველობით და ტოკენომიკით. CertiK აგრძელებს Shentu-ს განვითარების მხარდაჭერას, თუმცა ეს ბლოკჩეინი ამჟამად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და მის მმართველობას საზოგადოება ახორციელებს.
CTK ტოკენი
CTK არის Shentu ბლოკჩეინის ადგილობრივი utility ტოკენი. მისი ძირითადი დანიშნულებაა: ქსელზე განხორციელებული ტრანზაქციების გაზის საკომისიოების გადახდა; სტეიკინგი, რაც მოიცავს CTK-ის ვალიდატორებისთვის გადაცემას და ჯილდოების გამომუშავებას; ბლოკჩეინის მმართველობაში მონაწილეობა პროტოკოლის განახლებებისთვის და პარამეტრების ცვლილებებისთვის ხმის მიცემის მეშვეობით; ShentuShield-ის ზარალის ანაზღაურების პულში უზრუნველყოფის დეპონირება; და Security Oracle-ის სერვისების საფასურის გადახდა, რომელიც განსაზღვრულია dApp-ის დეველოპერების მიერ.
CTK-ის მიმოქცევაში არსებული მარაგი შეადგენს 160 მილიონს. ტოკენების ნაწილი გადაეცემა ვალიდატორებს და დელეგატორებს ინფლაციური ჯილდოების სტეიკინგის მეშვეობით, ხოლო ნაწილი - Shentu Foundation-ს და გამოიყენება ეკოსისტემის განვითარებისთვის და გრანტებისთვის.
რისი გაკეთება შეუძლია Shentu Chain-ს?
Shentu Chain გვთავაზობს უსაფრთხოების სერვისების ნაკრებს, რომელთა დანიშნულებაა დეცენტრალიზებული აპლიკაციები გახადოს უფრო უსაფრთხო დეველოპერებისთვის და მომხმარებლებისთვის. ის შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან: Security Oracle, ShentuShield და DeepSEA.
Security Oracle
Security Oracle წარმოადგენს Shentu-ს ფლაგმანურ პროდუქტს. ის არის დეცენტრალიზებული oracle-ის ქსელი, რომელიც აფასებს სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოებას. უსაფრთხოების სერტიფიცირებული ოპერატორები, რომელთაც ეწოდებათ certified security primitive-ები (CSP), აანალიზებენ კონტრაქტებს ავტომატიზებული და არაავტომატიზებული ინსტრუმენტების მეშვეობით, შემდეგ კი ანალიზის შედეგებს აგზავნიან ბლოკჩეინზე. სხვადასხვა ოპერატორების მიერ წარდგენილი შეფასებების გაერთიანების საფუძველზე ხდება უსაფრთხოების კომბინირებული რეიტინგის გენერირება.
Security Oracle-სა და ტრადიციულ აუდიტს შორის ძირითადი განსხვავება შემოწმების ჩატარების დროებში მდგომარეობს. სმარტ კონტრაქტის სტანდარტული აუდიტი ტარდება კონკრეტულ დროს: გუნდი ამოწმებს კოდს მის გაშვებამდე და აქვეყნებს ანგარიშს, რითაც სრულდება ამ პროცესში მისი მონაწილეობა. Security Oracle კონტრაქტებზე მონიტორინგს მათი გაშვების შემდეგაც არ წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი ხარვეზები და ბლოკჩეინის ოპერაციებში დაფიქსირებული ცვლილებები რეგულარულად აისახება განახლებულ შეფასებებში.
DApp-ის დეველოპერები და პროტოკოლები ამოწმებენ Security Oracle-ის შეფასებებს და ამის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კონტრაქტებთან მოახდინონ ინტეგრაცია, როგორ გაითვალისწინონ რისკები საკუთარ სისტემებში ან უნდა შეაჩერონ თუ არა გარკვეული ოპერაციები უსაფრთხოების დონის გაუარესების შემთხვევაში.
ShentuShield
ShentuShield წარმოადგენს Shentu-ს ზარალის ანაზღაურების დეცენტრალიზებულ მექანიზმს. ის CTK-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს გახდნენ სპონსორები და საკუთარი ტოკენები განათავსონ უზრუნველყოფის პულში. სხვა მომხმარებლებს, რომელთაც წევრები ეწოდებათ, შეუძლიათ შეიძინონ სმარტ კონტრაქტების ექსპლოიტებით გამოწვეული ზარალისგან დაზღვევა, რისთვისაც ისინი იხდიან საკომისიოს CTK-ში.
თუ წევრი თანხას დაკარგავს დაზღვევით გათვალისწინებული ექსპლოიტის მიზეზით, მას შეუძლია წარადგინოს სარჩელი. სარჩელს განიხილავს ShentuShield-ის საბჭო, რომელიც შედგება საზოგადოების მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან. ისინი აფასებენ მტკიცებულებებს და და ამტკიცებს ზარალის ანაზღაურებას. დამტკიცებული სარჩელების თანხა გაიცემა უზრუნველყოფის პულიდან, დანაკლისი კი პროპორციულად ნაწილდება სპონსორებს შორის.
ShentuShield ტრადიციული სადაზღევო კომპანიის მსგავსად არ მოქმედებს. ის იყენებს საზოგადოების მიერ მართულ, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მექანიზმს, რეგულირებული სადაზღვევო პროდუქტების მსგავსი სამართლებრივი განარტიების გარეშე. გადახდებისთვის საჭიროა მმართველობის საბჭოს გადაწყვეტილება და პულში უზრუნველყოფის აქტივების ხელმისაწვდომობა.
DeepSEA
DeepSEA არის მაღალი სანდოობის დაპროგრამების ენა, რომელიც შექმნილია ფორმალურად ვერიფიცირებადი სმარტ კონტრაქტების დასაწერად. ფორმალური ვერიფიკაცია არის მათემატიკური მეთოდი, რომელიც ამტკიცებს, რომ პროგრამა ზუსტად ისე მუშაობს, როგორც სპეციფიკაციაშია განსაზღვრული. ის ამოწმებს ბაგების მთელ კატეგორიებს და არა კონკრეტულ ხარვეზებს.
DeepSEA-ის კომპილაცია შესაძლებელია როგორც Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერში, ასევე CoqVM-ში, რაც იძლევა ბაიტკოდის გაშვებასთან ერთად სმარტ-კონტრაქტის სისწორის ფორმალური მტკიცებულებები გენერირების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური ვერიფიკაცია ტექნიკურად რთულია და ინდუსტრიაში ჯერ ფართოდ არ არის დანერგილი, ის წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სმარტ-კონტრაქტების ალგორითმის სისწორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გარანტიას.
ქსელის 2025 წლის განახლებები
2025 წელს Shentu-მ დაასრულა ქსელის მნიშვნელოვანი განახლების (v2.14.0) გამოშვება, რომლის მეშვეობითაც მოხდა WebAssembly (WASM) მოდულის ინტეგრირება სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერის გაუმჯობესების და ტექსტური ხელმოწერის რეჟიმის დამატების მიზნით, რამაც დეველოპერებსა და მომხმარებლებს გაუმარტივა ტრანზაქციაზე ხელმოწერა. ეს განახლება ასევე უზრუნველყოფს Cosmos SDK-ის ბოლო განახლებებთან თავსებადობას, რომელთა მიზანია მასშტაბირებადობის და IBC-ის გაუმჯობესება. 2025 წლის ივლისში Binance-მა დროებით გათიშა CTK-ის დეპონირების და გატანის ფუნქცია, რაც აღდგება განახლების პერიოდის დასრულების და ქსელის ნორმალური ოპერაციების გაგრძელების შემდეგ.
Shentu (CTK) Binance-ზე
2020 წლის 22 ოქტომბერს Binance-მა განაცხადა, რომ Shentu (CTK) იქნებოდა Binance Launchpool-ის მე-6 პროექტი. 2020 წლის 27 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი გახდა ამ ტოკენით ვაჭრობა Binance-ზე შემდეგი წყვილებით: CTK/BTC, CTK/BNB, CTK/BUSD and CTK/USDT.
ხშირად დასმული კითხვები
რა განსხვავებაა Shentu-სა და CertiK-ს შორის?
CertiK არის კერძო კომპანია, რომელიც მუშაობს ბლოკჩინის შექმნაზე და მომხმარებელს სთავაზობს სმარტ კონტრაქტების აუდიტებს და შეღწევის ტესტირების სერვისებს. Shentu Chain არის 1-ელი დონის საჯარო ბლოკჩინი, რომელიც CertiK-ის მიერ გაშვებულ იქნა, როგორც მისი on-chain ინფრასტრუქტურა. მათ ჰყავთ საერთო დამფუძნებელთა გუნდი და ორივე მათგანი ორიენტირებულია უსაფრთხოებაზე, თუმცა Shentu წარმოადგენს დამოუკიდებელ ქსელს, საკუთარი ვალიდატორებით, მმართველობით და ტოკენით. 2022 წლის ბოლოს CertiK Chain-ის რებრენდინგის შედეგად მას ეწოდა Shentu Chain.
რისთვის გამოიყენება CTK?
CTK არის Shentu ბლოკჩინის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგისთვის, რაც გულისხმობს ტოკენის ვალიდატორებისთვის გადაცემას და ჯილდოების გამომუშავებას, მმართველობასთან დაკავშირებული შემოთავაზებებისთვის ხმის მისაცემად, ShentuShield პულში უზრუნველყოფის დამატებისთვის და Security Oracle სერვისების საფასურის გადასახდელად.
როგორ მუშაობს Shentu-ს Security Oracle?
Security Oracle წარმოადგენს უსაფრთხოების სერტიფიცირებული ოპერატორების დეცენტრალიზებულ ქსელს, რომლებიც აანალიზებენ სმარტ კონტრაქტებს და უსაფრთხოების შეფასებებს აგზავნიან ბლოკჩეინზე. ეს შეფასებები ერთიანდება კომბინირებული რეიტინგის გენერირების მიზნით, სადაც ასახულია კონტრაქტის უსაფრთხოების მიმდინარე სტატუსი. ტრადიციული აუდიტისგან განსხვავებით, Security Oracle გვთავაზობს უწყვეტ მონიტორინგს, რომელიც გრძელდება კონტრაქტის გაშვების შემდეგაც, რაც იძლება შეფასების განახლების შესაძლებლობას ახალი საფრთხეების აღმოჩენის შემთხვევაში.
რა არის ShentuShield?
ShentuShield წარმოადგენს Shentu ქსელის ზარალის ანაზღაურების პროტოკოლს. CTK-ის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენები განათავსონ უზრუნველყოფის სახით (გახდნენ სპონსორები). სხვა მომხმარებლებს (წევრებს) შეუძლიათ შეიძინონ დაზღვევა სმარტ კონტრაქტების ექსპლოიტებისგან თავის დაცვის მიზნით. თუ არსებობს მტკიცებულება, რომ წევრმა ზარალი მიიღო აღნიშნული ექსპლოიტების მიზეზით, მას შეუძლია წარადგინოს სარჩელი. ეს არ წარმოადგენს რეგულირებულ დაზღვევას და გადახდები დამოკიდებულია ShentuShield-ის საბჭოს გადაწყვეტილებასა და პულში თანხის ხელმისაწვდომობაზე.
არის თუ არა Shentu Cosmos ეკოსისტემის ნაწილი?
დიახ. Shentu დაფუძნებულია Cosmos SDK-ზე და იყენებს CometBFT კონსენსუსის მექანიზმს. მას აქვს IBC-ის (ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციის) მხარდაჭერა, რაც იძლევა აქტივების და მონაცემების Shentu-ს და Cosmos-თან თავსებად სხვა ბლოკჩეინებს შორის გადატანის შესაძლებლობას. 2024 წელს მას ასევე დაემატა EVM-თან თავსებადობა, რამაც დეველოპერებს მისცა Ethereum-ის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა.
შეჯამება
ხშირად მიიჩნევა, რომ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა ბლოკჩეინის განვითარებაში მეორეხარისხოვან საკითხს წარმოადგენს. Shentu-ის მიდგომა კი მას ფუნდამენტურ კომპონენტად აქცევს: უსაფრთხოების შეფასების, ზარალის ანაზღაურების დეცენტრალიზებული სისტემის და ფორმალური ვერიფიკაციის ფუნქციების არასავალდებულო, off-chain სერვისების მეშვეობით წარმოდგენის ნაცვლად, ისინი პირდაპირ 1-ელი დონის ქსელშია ინტეგრირებული. ამ მოდელის პოპულარობის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტაბილური იქნება Security Oracle-ის მიერ მოწოდებული შეფასებები და რამდენად საიმედოდ შეძლებს ShentuShield მუშაობას მაღალი დატვირთვის პირობებში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.