რა არის Ripple USD (RLUSD)?

რა არის Ripple USD (RLUSD)?

განახლებული Jul 21, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • Ripple USD (RLUSD) წარმოადგენს აშშ დოლარით 1:1 თანაფარდობით უზრუნველყოფილ სტეიბლკოინს, რომელიც გამოშვებულია Ripple-ის მიერ. ის შექმნილია სპეციალურად ორგანიზაციული დონის მომხმარებლებისთვის და საერთაშორისო გადახდებისთვის.

  • RLUSD სრულად არის უზრუნველყოფილი აშშ დოლარის რეზერვებით, აშშ-ის მთავრობის მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებებით და სხვა ნაღდი ფულის ეკვივალენტებით, რომლებიც ინახება სეგრეგირებულ ანგარიშებზე. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიურად ხდება ატესტაციის ანგარიშების გამოქვეყნება.

  • სტეიბლკოინი გაშვებულია როგორც XRP Ledger (XRPL)-ზე, ისე Ethereum-ზე, რაც მაქსიმალურად ზრდის როგორც ქსელის, ისე ეკოსისტემის ლიკვიდურობას.

  • Ripple RLUSD-ის გამოშვებასა და მართვას ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის (NYDFS) სატრასტო კომპანიის ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს, რაც მას ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე რეგულირებად სტეიბლკოინად აქცევს

შესავალი

Ripple USD (RLUSD) წარმოადგენს აშშ დოლარზე მიბმულ სტეიბლკოინს, რომელიც გამოშვებულია Ripple Labs-ის შვილობილი კომპანიის, Standard Custody & Trust Company, LLC-ის მიერ. ის 2024 წლის დეკემბერში გაეშვა და დასაწყისშივე განკუთვნილი იყო მხოლოდ ორგანიზაციულ დონეზე გამოყენებისთვის, რაც მოიცავდა საერთაშორისო გადახდებს, სავალუტო ანგარიშსწორებასა და ორგანიზაციულ დონეზე ლიკვიდურობის უზრუნველყოფას. ძირითადად საცალო ვაჭრობისთვის შექმნილი სხვა მრავალი სტეიბლკოინისგან განსხვავებით, RLUSD ფოკუსირებულია საფინანსო ორგანიზაციებზე, რომელთათვისაც ბლოკჩეინის სისწრაფის გარდა, მეტად მნიშვნელოვანია ფიატ-ვალუტისთვის დამახასიათებელი ფასის პროგნოზირება.

წინამდებარე სტატიაში განმარტებულია, თუ რა არის RLUSD, როგორ მუშაობს მისი რეზერვებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის მოდელი და ასევე აღწერილია მისი გამოყენების ძირითადი შემთხვევები.

რა არის RLUSD?

Ripple USD (RLUSD) წარმოადგენს ფიატ ვალუტით უზრუნველყოფილ სტეიბლკოინს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმოქცევაში არსებული თითოეული ტოკენი მიბმულია რეზერვში არსებულ აშშ დოლარზე. RLUSD-ის დიზაინი ითვალისწინებს მისი ღირებულების სტაბილურად 1,00 აშშ დოლარზე შენარჩუნებას. ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტულ ორგანიზაციას სურს RLUSD-ის მიღება, აღნიშნულმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს აშშ დოლარის დეპოზიტი Standard Custody & Trust Company-ის ანგარიშზე, რომელიც დაამზადებს შესაბამისი რაოდენობის RLUSD ტოკენებს. ხოლო ტოკენების გატანისას, ხდება მათი დაწვა და მფლობელი კვლავ აშშ დოლარს იღებს.

RLUSD-ისთვის Ripple-მა კრიპტოვალუტების ცალკეული პროექტის ნაცვლად სატრასტო კომპანიის სტრუქტურა აირჩია. ეს იმას ნიშნავს, რომ სუბიექტი, რომელიც RLUSD-ს უშვებს, ექვემდებარება საბანკო ზედამხედველობას, მათ შორის, მოთხოვნებს კაპიტალის რეზერვებთან, მომხმარებელთა დაცვასა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით.

როგორ მუშაობს RLUSD?

რეზერვებით უზრუნველყოფა

თითოეული RLUSD ტოკენი 1:1 თანაფარდობით არის უზრუნველყოფილი აქტივების სპეციალური პულით. აღნიშნული რეზერვები შედგება აშშ დოლარის ნაღდი ფულის დეპოზიტებისგან, აშშ-ის მთავრობის მოკლევადიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ნაღდი ფულის ეკვივალენტებისგან. სეგრეგირებული სტრუქტურა ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელთა რეზერვები სრულიად განცალკევებულია Ripple-ის კორპორაციული ბალანსისგან, რაც ამცირებს შემხვედრ მხარეებთან დაკავშირებულ რისკებს.

Ripple ყოველთვიურად აქვეყნებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებულ ატესტაციის ანგარიშებს, რომელიც ადასტურებს, რომ რეზერვების ღირებულება ზუსტად შეესაბამება მიმოქცევაში არსებული RLUSD ტოკენების რაოდენობას. ეს ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომია და შეესაბამება გამჭვირვალობის იმ მოდელს, რომელსაც ფიატ-ვალუტით უზრუნველყოფილი სხვა მსხვილი სტეიბლკოინები იყენებენ.

რეგულაციებთან შესაბამისობა

RLUSD ფუნქციონირებს ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის (NYDFS) მიერ გაცემული სატრასტო კომპანიის ლიცენზიის საფუძველზე. ნიუ-იორკის BitLicense-ისა და სატრასტო ლიცენზიის მოთხოვნები აშშ-ში მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ რეგულაციებადაა მიჩნეული და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა რეზერვების მართვა, კიბერუსაფრთხოების სტანდარტები და მომხმარებელთა დაცვა. NYDFS-ის ლიცენზიის ფლობა RLUSD-ს აშშ-ის სტეიბლკოინების ცვალებად მარეგულირებელ სივრცეში ხელსაყრელ პოზიციაზე აყენებს, მათ შორის GENIUS Act-ის მსგავს საკანონმდებლო ჩარჩოებთან მიმართებით.

სხვადასხვა ბლოკჩეინზე გაშვება

RLUSD ადგილობრივი ტოკენის სახით არის გაშვებული ორ მსხვილ ბლოკჩეინზე. XRP Ledger-ის შემთხვევაში, ის იყენებს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა სწრაფი ანგარიშსწორების დრო (3-5 წამი) და ტრანზაქციის დაბალი საკომისიოები, რაც იდეალურია დიდი მოცულობის გადარიცხვებისთვის. Ethereum-ის შემთხვევაში, RLUSD-ის გამოყენება შესაძლებელია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლებში, სასესხო პლატფორმებსა და სმარტ კონტრაქტებზე დაფუძნებულ იმ აპლიკაციებში, რომლებსაც სტაბილური აქტივი სჭირდებათ.

ორ ქსელს შორის აქტივების გადატანა ხორციელდება ოფიციალური mint-and-burn მექანიზმის და არა მესამე მხარის ხიდების მეშვეობით. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ხიდებთან დაკავშირებული ხარვეზების რისკებს, რაც სხვა კროს-ჩეინ აქტივების შემთხვევაში საკმაოდ ხშირია.

გამოყენების პოტენციური გზები

RLUSD შექმნილია, როგორც ანგარიშსწორების პლატფორმა რამდენიმე ტიპის ფინანსური საქმიანობისთვის. მათ შორის მთავარი მიმართულება საერთაშორისო გადახდებია: კომპანიებს შეუძლიათ RLUSD-ის საერთაშორისო მასშტაბით გადარიცხვა, XRP Ledger-ის მეშვეობით თითქმის ანგარიშსწორების თითქმის მყისიერად განხორციელება და საბოლოო დანიშნულების პოზიციაზე მისი ადგილობრივ ფიატ-ვალუტაში გადაცვლა. ტრადიციულ SWIFT გადარიცხვებთან შედარებით, ეს პროცესი მინიმალური საკომისიოებით ხორციელდება და პროცესებში ჩართული სუბიექტებისთვის ტრანზაქციის აღსრულებისთვის საჭირო დროს რამდენიმე დღიდან რამდენიმე წამამდე ამცირებს.

DeFi-სივრცეში RLUSD-ის გამოყენება შესაძლებელია უზრუნველყოფის სახით სესხების პროტოკოლების ფარგლებში ან სტაბილური სავაჭრო წყვილის სახით დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX). გარდა ამისა, მისი გამოყენება შესაძლებელია ანგარიშსწორების აქტივის სახით რეალური სამყაროს აქტივებთან (RWA-ები) მიმართებაში, რომლებიც ისეთი ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ტოკენიზებულ ვერსიებს წარმოადგენს, როგორებიცაა ობლიგაციები, სავაჭრო ნივთები ან უძრავი ქონება. როდესაც ტოკენიზებული აქტივით ანგარიშსწორება უშუალოდ ბლოკჩეინზე ხდება, რეგულირებადი სტეიბლკოინის არსებობა საგრძნობლად ამარტივებს გაცვლის პროცესს ორგანიზაციული დონის სუბიექტებისთვის.

დამაკავშირებელი სისტემებისთვის RLUSD წარმოადგენს ფიატ-ვალუტებისა და ციფრული აქტივების დამაკავშირებელ საიმედო ხიდს, რაც მომხმარებლებსა და ორგანიზაციებს უმარტივებს კრიპტოვალუტების სივრცეში აქტივების განთავსების და გატანის პროცესებს არასტაბილური აქტივებისთვის დამახასიათებელი ფასების მერყეობის ზეგავლენის გარეშე.

RLUSD Binance-ზე

2026 წლის 22 იანვარს განხორციელდა RLUSD ტოკენის ლისტინგი Binance-ზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის RLUSD?

RLUSD წარმოადგენს Ripple-ის აშშ დოლარზე მიბმულ სტეიბლკოინს. თითოეული RLUSD ტოკენი 1:1 თანაფარდობითაა მიბმული აშშ დოლართან და უზრუნველყოფილია ნაღდი ფულის, აშშ-ის მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციებისა და ნაღდი ფულის ეკვივალენტების სეგრეგირებული რეზერვებით. იგი გამოშვებულია Ripple Labs-ის შვილობილი კომპანიის, Standard Custody & Trust Company-ის მიერ, რომელიც ექვემდებარება NYDFS-ის რეგულაციებს.

არის თუ არა RLUSD უსაფრთხო?

RLUSD რეგულირებადი აქტივია და ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის (NYDFS) სატრასტო კომპანიის ლიცენზიის საფუძველზე ფუნქციონირებს, რაც რეზერვებთან, კაპიტალთან და შესაბამისობის სტანდარტებთან დაკავშირებულ მკაცრ მოთხოვნებს მოიცავს. დამოუკიდებელი აუდიტორების ყოველთვიური ატესტაციის ანგარიშები უზრუნველყოფის რეალურ არსებობას ადასტურებს. თუმცა, როგორც სხვა ფინანსური პროდუქტების შემთხვევაში, ნებისმიერი სტეიბლკოინის გამოყენებამდე მომხმარებლებმა უნდა შეისწავლონ მოსალოდნელი რისკები და გაიარონ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტებთან.

რომელ ბლოკჩეინებზეა გაშვებული RLUSD?

RLUSD ადგილობრივი ერთეულის სახითაა გაშვებული ორ ბლოკჩეინზე: XRP ლეჯერზე, რომელიც სწრაფ და დაბალი საკომისიოების მქონე ტრანზაქციებს უზრუნველყოფს და Ethereum-ზე, რომელიც DeFi-პროტოკოლებთან და სმარტ კონტრაქტებთან ინტეგრაციას უჭერს მხარს. ორივე ქსელი ოფიციალური mint-and-burn მექანიზმის საფუძველზე ფუნქციონირებს.

რით განსხვავდება RLUSD სხვა სტეიბლკოინებისგან?

ბევრი სხვა სტეიბლკოინისგან განსხვავებით, RLUSD უშუალოდ ორგანიზაციულ დონეზე გამოყენებისთვისაა შექმნილი, ექვემდებარება NYDFS-ის ზედამხედველობას და ერთდროულად ორ ბლოკჩეინზე ფუნქციონირებს. მისი სტრუქტურა მთავარ პრიორიტეტს ორგანიზაციული დონის შესაბამისობას ანიჭებს და არა ფართო სამომხმარებლო ბაზარზე გავრცელებას. სტეიბლკოინების ტრილემა (დეცენტრალიზაცია, კაპიტალის ეფექტურობა და სტაბილურობა) იდეალურად განმარტავს ზემოხსენებულ მიდგომას: მაქსიმალური დეცენტრალიზაციის ნაცვლად, RLUSD-ის მთავარი მიზანი სტაბილურობის შენარჩუნება და რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფაა.

შეჯამება

RLUSD-ის გამოშვებით Ripple მხოლოდ XRP-ზე კონცენტრირების მიდგომას უფრო ფართო ფინანსური ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ორიენტირებით ანაცვლებს. რეგულირებადი სტეიბლკოინი იდეალურადაა ინტეგრირებული Ripple-ის არსებულ გადახდების ქსელში და ორგანიზაციებს სწორედ იმ ფასების სტაბილურობას სთავაზობს, რაც სახაზინო ოპერაციებისა და ანგარიშსწორებისთვისაა აუცილებელი.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.