რა არის OpenClaw და როგორ დავაინსტალოთ ის?

რა არის OpenClaw და როგორ დავაინსტალოთ ის?

განახლებული Mar 5, 2026
11m

მთავარი დეტალები

  • OpenClaw არის ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი, რომელიც შეგიძლიათ გაუშვათ თქვენს კომპიუტერზე ან სერვერზე. მას შეუძლია არა მხოლოდ ჩატით კომუნიკაცია, არამედ ასევე მოქმედებების შესრულება.

  • ის შეგიძლიათ დააკავშიროთ ჩატის აპლიკაციებთან (როგორიცაა Telegram, WhatsApp ან Slack) და ესაუბროთ OpenClaw-ს ისე, როგორც მეგობარს.

  • ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა დამატებითი ფუნქციები add-on-ების სახით, რომელთაც ეწოდება უნარები.

  • გაფრთხილება: ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები, როგორიცაა OpenClaw, შეიძლება სერიოზულ საფრთხეებთან იყოს დაკავშირებული. ისინი ხშირად საჭიროებს მაღალი დონის სისტემურ პრივილეგიებს, ამიტომ არასწორმა კონფიგურაციამ შეიძლება გაზარდოს თქვენს კომპიუტერთან და API გასაღებებთან არასანქცირებული წვდომის რისკი.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

დღეისათვის, ხელოვნური ინტელექტის უმეტესობას „მხოლოდ საუბარი“ შეუძლია. ისინი პასუხობენ თქვენს კითხვებს, თუმცა რეალურად ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ კოპირების და ჩასმის ფუნქციების გამოყენების გარეშე.

OpenClaw განსხვავებულად მუშაობს. ის თქვენს პირად ასისტენტს წარმოადგენს და შეუძლია თქვენი სახელით სხვადასხვა დავალებების შესრულება. რადგან ის თქვენს კომპიუტერშია გაშვებული, მას შეუძლია დაგეხმაროთ პროგრამული კოდის წერაში, თქვენი გრაფიკის მართვაში ან სულაც კომპიუტერის გაუმართაობების აღმოფხვრაში.

თუმცა, რადგან მას თქვენი კომპიუტერის კონტროლი შეუძლია, მისი ინსტალაცია და უსაფრთხოდ გამოყენება ტექნიკურ ცოდნას საჭიროებს. ამ სახელმძღვანელოში ჩვენ განვიხილავთ, თუ რა არის OpenClaw და გავეცნობით მისი გამოყენების დაწყებისთვის საჭირო საბაზისო წესებს.

რა არის OpenClaw?

OpenClaw (წარსულში ცნობილი, როგორც Clawdbot ან Moltbot) წარმოადგენს ლოკალურ ხელოვნური ინტელექტის აგენტს. „ლოკალური“ ნიშნავს, რომ თქვენ ის თავად უნდა დააინსტალოთ და გაუშვათ (ვებსაიტის ან გარე სერვისის გამოყენების გარეშე). 

რადგან ის თქვენს კომპიუტერში „ცხოვრობს“, მას შეუძლია თქვენი ფაილების წაკითხვა, თქვენი საქაღალდეების შეცვლა და ბრძანებების თქვენს ნაცვლად გაშვება. OpenClaw-ის დაყენების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მას სთხოვოთ სხვადასხვა დავალების შესრულება, მაგალითად:

  • ინფორმაციის მოძებნა და მოკლე შინაარსის მომზადება

  • მარტივი სამუშაო პროცესების მართვა

  • სკრიპტების და ბრძანებების სტრიქონების გაშვება

  • დაკავშირებულ ინსტრუმენტებთან ურთიერთქმედება (ელ. ფოსტასთან, ბრაუზერთან, ჩატის აპლიკაციასთან და ა.შ.)

მოკლედ რომ ვთქვათ, ის წარმოადგენს თქვენს კომპიუტერზე გაშვებულ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს.

რით არის OpenClaw გამორჩეული?

რისი გაკეთება შეუძლია OpenClaw-ს?

1. მას შეუძლია რეალური მოქმედებების შესრულება

როგორც წესი, უბრალო ჩატბოტს მხოლოდ ტექსტის გენერირება შეუძლია. OpenClaw მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მაგალითად, მას შეუძლია ბრძანებების გაშვება, ინსტრუმენტების გახსნა და სხვადასხვა პროცესების შესრულება (რაც დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ კონფიგურაციაზე).

2. შესაძლებელია მისი ინტეგრირება ჩატის აპლიკაციებში

სპეციალური აპლიკაციის ინსტალაციის ნაცვლად, OpenClaw-თან კომუნიკაცია შეგიძლიათ იმ შეტყობინებების აპლიკაციების მეშვეობით, რომელთაც უკვე იყენებთ.

3. მას შეუძლია ინფორმაციის დამახსოვრება (რეგულარული გამოყენების შემთხვევაში)

რადგან ის მუდმივადაა გაშვებული, დროთა განმავლობაში ის შეძლებს კონტექსტის უკეთ ამოცნობას, ვიდრე ეს „ერთჯერადი“ სესიის დროს იქნებოდა შესაძლებელი.

4. თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ის „უნარების“ მეშვეობით

ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები მცირე ზომის plugin-ების ან add-on-ების სახითაა წარმოდგენილი. მათი მეშვეობით ხდება ახალი შესაძლებლობების დამატება, როგორიცაა სერვისებთან დაკავშირება ან გარკვეული დავალებების განმეორებით და თანმიმდევრულად შესრულება.

მნიშვნელოვანი რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ OpenClaw-ის ინსტალაციამდე

OpenClaw-ის ინსტალაციის და გამოყენების რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, ჩვენ წარმოგიდგენთ ოფიციალურ მეთოდს, რომელიც მოცემულია OpenClaw-ის დოკუმენტაციაში, შემდეგ კი განვიხილავთ უფრო მარტივ პროცესს, რაც მოიცავს OpenAI-ს Codex აპლიკაციის გამოყენებას (არაოფიციალური, ახალბედებისთვის განკუთვნილი მეთოდი).

OpenClaw-ის ინსტალაცია და გამოყენება საჭიროებს გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას. თუ ახალბედა ხართ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ინსტრუმენტები, როგორიცაა NanoClaw და Claude App (განხილულია ამ სტატიის ბოლოში).

გაფრთხილება: OpenClaw შეიძლება საფრთხეებთან იყოს დაკავშირებული. რადგან ის საჭიროებს მაღალი დონის სისტემურ პრივილეგიებს, არასწორმა კონფიგურაციამ შეიძლება გაზარდოს თქვენს კომპიუტერთან და API გასაღებებთან არასანქცირებული წვდომის რისკი. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, ექსპერტები გირჩევენ ამ აგენტის გაშვებას სიმულაციურ გარემოში ან Docker კონტეინერში.

როგორ დავაინსტალოთ OpenClaw და დავიწყოთ მისი გამოყენება

საფეხური 1: მოამზადეთ თქვენი კომპიუტერი

გაითვალისწინეთ, რომ OpenClaw-ის ინსტალაციამდე და გამოყენებამდე შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა ინსტრუმენტების ინსტალაცია, როგორიცაა Homebrew და Node.js.

1. გახსენით ტერმინალი და დააინსტალეთ Homebrew (პაკეტების მენეჯერი):

/bin/bash -c "$(curl -fsSL https://raw.githubusercontent.com/Homebrew/install/HEAD/install.sh)"

2. დააინსტალეთ Node.js22-ე ან უფრო ახალი ვერსია. თქვენ შეგიძლიათ ის ჩამოტვირთოთ ოფიციალური ვებსაიტიდან და გაუშვათ შემდეგი ბრძანების გამოყენებით:

brew install node

ვერსიის შემოწმება შეგიძლიათ შემდეგი ბრძანებით:

node -v

node.js-ის ვერსიის შემოწმება

თქვენ დაინახავთ ვერსიის ნომერს, მაგალითად „v24.14.0“. თუ გამოჩნდა ტექსტი „node: command not found“, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვერ დაინსტალდა ან ვერ მოიძებნა სისტემის სტანდარტულ ლოკაციებში.

საფეხური 2: დააინსტალეთ OpenClaw

გამოიყენეთ თქვენი სისტემის შესაბამისი ბრძანებები:

macOS ან Linux

curl -fsSL https://openclaw.ai/install.sh | bash

Windows (PowerShell)

iwr -useb https://openclaw.ai/install.ps1 | iex

npm შეცდომის კოდი

თუ გამოჩნდა შეტყობინება „npm install failed“ (macOS) ან „npm error code ENOENT“ (Windows), დააინსტალეთ Git, გახსენით ტერმინალი და ხელახლა გაუშვით ინსტალატორი:

  • macOS ან Linux:

    brew install git
  • Windows:

    winget install --id Git.Git -e --source winget

თუ პრობლემები არ აღმოიფხვრა, სცადეთ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს რჩეულ ხელოვნური ინტელექტის მოდელს (გაუგზავნეთ მას შეცდომის კოდი და მოძებნეთ პრობლემის გადაჭრის პოტენციური გზები).

საფეხური 3: გაუშვით ონბორდინგის პარამეტრების დაყენების პროცესი

ის დაგეხმარებათ სისტემაში შესვლის/ავტორიზაციის და საბაზისო გეითვეის პარამეტრების დაყენებაში:

openclaw onboard --install-daemon

ტერმინალში გამოჩნდება ინტერაქციული დიალოგის ეკრანი. თქვენ უნდა გააკეთოთ მარტივი არჩევანი და შეიყვანოთ ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად.

შენიშვნა: პარამეტრების დაყენების პროცესის გასაუქმებლად დააჭირეთ ESC ღილაკს. ხელახლა დასაწყებად გამოიყენეთ:

openclaw onboard

openclaw ონბორდინგი

ძირითადი საფეხურები:

1. უსაფრთხოების ინფორმაცია: წაიკითხეთ და, თუ ეთანხმებით, აირჩიეთ „დიახ“.

2. კონფიგურაციის რეჟიმი: გირჩევთ გამოიყენოთ QuickStart რეჟიმი.

3. მოდელის არჩევა: აირჩიეთ ხელოვნური ინტელექტის სასურველი მოდელი.

openclaw ონბორდინგის ხელოვნური ინტელექტის მოდელი

თუ აირჩევთ ისეთ სერვისს, როგორიცაა OpenAI ან Google, ტერმინალი მოგთხოვთ API გასაღების შეყვანას. ამ გასაღების მისაღებად თქვენ უნდა გადახვიდეთ შესაბამისი პლატფორმის ვებსაიტზე და გაიაროთ რეგისტრაცია. ეს საფეხური დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ მოდელზე, ამიტომ თუ არ იცით, თუ როგორ მოძებნოთ API გასაღები, დახმარებისთვის მიმართეთ თქვენს ხელოვნურ ინტელექტს. 

შეინახეთ API გასაღებები დაცულ და უსაფრთხო ადგილას. 

4. სხვა პარამეტრები: დანარჩენი პარამეტრების არჩევანი დამოკიდებულია გამოყენების გზაზე და პრეფერენციებზე. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ აირჩიოთ „Skip for now“ (ამჯერად გამოტოვება) და დაუბრუნდეთ მოგვიანებით, როდესაც უკეთ გაეცნობით OpenClaw-ის მუშაობის პრინციპს. 

4.1. არხების არჩევა: Telegram (Bot API) და WhatsApp არხების დამატება ყველაზე მარტივია. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაამატოთ ახალი არხები შემდეგი ბრძანების გამოყენებით:

openclaw channels add

openclaw ონბორდინგი, არხები

4.2. უნარების კონფიგურაცია: ეგრეთწოდებული ხელოვნური ინტელექტის აგენტების უნარები წარმოადგენს add-on-ების მსგავს პროგრამებს, რომლებიც გამოიყენება OpenClaw-ის ფუნქციონალის გაუმჯობესებაში. მათი მეშვეობით შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს შეასწავლოთ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება.

გაფრთხილება: მესამე მხარის მიერ მოწოდებული უნარების გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს მავნე კოდებს. უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენეთ მხოლოდ საიმედო წყაროებიდან ჩამოტვირთული უნარები ან გაუშვით ისინი იზოლირებულ სისტემებზე.

openclaw ონბორდინგი, უნარები

4.3. API გასაღებების დამატება: სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენ მიერ გამოყენებული სერვისების API გასაღებები (როგორიცაა Google Places, Gemini, Notion, OpenAI და ElevenLabs).

openclaw ონბორდინგი, API გასაღებები

4.4. Hook-ების დაყენება: Hook-ები წარმოადგენს ბრძანებების და მოვლენების პასუხად შექმნილ სისტემებს, რომელთა დანიშნულებაა პროცესების ავტომატიზაცია.

  • boot-md: შექმნილია კონკრეტული დავალებების შესასრულებლად OpenClaw-ის ყოველი გაშვების დროს.

  • bootstrap-extra-files: სამუშაო სივრცის ინიციალიზაციის ფაილების დასამატებლად.

  • command-logger: ყველა ბრძანების ჩანაწერების წარმოებისთვის, სასარგებლოა დებაგინგისთვის.

  • session-memory: მისი მეშვეობით აგენტი „იმახსოვრებს“ წინა სესიების კონტექსტს.

openclaw ონბორდინგი, Hook-ები

5. აირჩიეთ თქვენი ინტერფეისი:

openclaw ონბორდინგი, TUI (ტექსტური ინტერფეისი)

  • ტექსტური ინტერფეისის გამოყენება: მომენტალურად დაიწყეთ ბოტთან საუბარი ტერმინალის გამოყენებით.

  • ვებ-ინტერფეისი: ბოტთან წვდომა ტერმინალში წარმოდგენილია ბრაუზერის ბმულის მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ ის და ჩასვათ ბრაუზერში (მაგ., http://127.0.0.1:18789/).

openclaw პირველად გაშვება

საფეხური 4: დარწმუნდით, რომ გაშვებულია

openclaw gateway status

საფეხური 5: გახსენით კონტროლის ინტერფეისი (ინსტრუმენტების პანელი)

ეს წარმოადგენს ჩატით საუბრის დაწყების ყველაზე მარტივ გზას:

openclaw dashboard

ჩვეულებრივ, ის თქვენს ბრაუზერში იხსნება. გამოყენების დაწყება ჩატვირთვისთანავე შეგიძლიათ.

openclaw ინსტრუმენტების პანელი ბრაუზერში

OpenClaw-ის ინსტალაცია OpenAI-ს Codex აპლიკაციით

შენიშვნა: ეს წარმოადგენს ინსტალაციის არაოფიციალურ მეთოდს.

საფეხური 1. დააინსტალეთ Codex

Codex-ის ჩამოტვირთვისთვის და ინსტალაციისთვის გადადით OpenAI.com-ზე.

Codex-ის ინსტალაცია macOS-ზე

საფეხური 2. გახსენით Codex და გაიარეთ ავტორიზაცია.

გახსენით Codex და გაიარეთ ავტორიზაცია

საფეხური 3. დააინსტალეთ OpenClaw

ამის შემდეგ სთხოვეთ Codex აპლიკაციას თქვენ მაგივრად განახორციელოს OpenClaw-ის ინსტალაცია და კონფიგურაცია.

OpenClaw-ის ინსტალაცია Codex-ის მეშვეობით

Codex მოგთხოვთ ქსელთან დაკავშირების ნებართვას და მომხმარებლის დონის უფლებებს, რაც საჭიროა კონფიგურაციასთან დაკავშირებული დავალებების შესასრულებლად. თვალი ადევნეთ ინსტალაციის პროცესს და გაეცით მხოლოდ საჭირო ნებართვები.

მთელ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება (15 წუთი ან მეტი), თუმცა მოითხოვს მომხმარებლის მინიმალურ ჩართულობას.

OpenClaw-ის ინსტალაცია Codex-ის მეშვეობით

საფეხური 4. მიიღეთ წვდომა OpenClaw-ზე

OpenClaw-ზე წვდომისთვის დააკოპირეთ Dashboard URL და ჩასვით თქვენს ბრაუზერში. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი აგენტის უფრო დეტალური პერსონალიზაცია. 

ასევე შეგიძლიათ Codex-ს სთხოვოთ თქვენს ნაცვლად შეასრულოს OpenClaw-ის არხების დაყენების და კონფიგურაციის დავალებები.

OpenClaw ინსტრუმენტების პანელი

OpenClaw-ის გამოყენების გზები

OpenClaw-ის გაშვების შემდეგ მისი გამოყენება უამრავი სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ:

  • ვარიანტი A: გამოიყენეთ ინსტრუმენტების პანელი ბრაუზერის მეშვეობით. ეს მისი ფუნქციების შემოწმების ყველაზე სწრაფ ვარიანტს წარმოადგენს.

  • ვარიანტი B: დააკავშირეთ ის ჩატის აპლიკაციასთან (Telegram, WhatsApp, Slack და ა.შ.). არხის დაყენების შემდეგ შეძლებთ დაიწყოთ თქვენს აგენტთან საუბარი, მაგალითად:

    • „მოამზადე ჩემი ბოლო შეტყობინებების შეჯამება“.

    • „შეამოწმე დღევანდელი კრიპტო სიახლეები და მომეცი მოკლე განახლება.“

    • „თვალი ადევნე BTC-ის ფასს და შემატყობინე, თუ ის 3%-ით დაეცემა“

    • „მოკლედ აღწერე, თუ რა შეიცვალა სამუშაო სივრცეში გუშინდელი დღის შემდეგ“.

  • ვარიანტი C: ფუნქციების გაუმჯობესებისთვის დაამატეთ უნარები.

    • თუ გსურთ, რომ მისი ფუნქციები მხოლოდ საბაზისო დავალებებით არ შემოიფარგლებოდეს, შეგიძლიათ დაამატოთ ეგრეთწოდებული უნარები. მათი საშუალებით აგენტი შეძლებს კონკრეტული ინსტრუმენტების უფრო საიმედოდ და სტაბილურად გამოყენებას.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რჩევები

OpenClaw მძლავრი ინსტრუმენტია, თუმცა ეს ძალა რისკებთანაა დაკავშირებული. ქვემოთ მოცემულია მარტივი უსაფრთხოების წესები:

1. არ მისცეთ მას ინტერნეტთან წვდომა

თუ უცხო პირები შეძლებენ თქვენს OpenClaw-ის ინსტრუმენტების პანელზე წვდომას, მათ შეიძლება სცადონ თქვენს სისტემაში შეღწევა. რეკომენდებულია მისი მიბმა „localhost“-ზე და SSH tunneling-ის გამოყენება (ტრაფიკის გადასაცემად დაშიფრული კავშირის გამოყენება).

2. გამოიყენეთ ძლიერი პაროლები/ტოკენები

მოერიდეთ მარტივი ტოკენების გამოყენებას, როგორიცაა „abc“ ან „123“. ამჟამად OpenClaw-ისთვის ძლიერი პაროლის გამოყენება სავალდებულო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალიდურ უსაფრთხოების ტოკენად შესაძლებელია მხოლოდ ერთი ასოს, მაგალითად „a“-ს გამოყენება. თქვენ თავად უნდა აირჩიოთ რთული და უსაფრთხო ტოკენი, რათა თავიდან აიცილოთ brute-force ტიპის თავდასხმების საფრთხე.

3. უსაფრთხოდ შეინახეთ API გასაღებები

თუ OpenClaw-ს აკავშირებთ ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან ან კრიპტო ინსტრუმენტებთან, მათი გასაღებები უსაფრთხოდ უნდა შეინახოთ. არ ჩასვათ გასაღებები შემთხვევით სკრიპტებში ან არასანდო წყაროებიდან მიღებულ უნარებში.

OpenClaw საკუთარ API გასაღებებს, OAuth ტოკენებს და ბოტის რეკვიზიტებს ინახავს დაუშიფრავ კონფიგურაციის ფაილებში. უკვე არსებობს განახლებული მავნე პროგრამები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ამ ფაილების მოძებნა და მოპარვა.

4. გამოიჩინეთ სიფრთხილე მესამე მხარის მიერ მოწოდებული უნარების გამოყენებისას

  • ზოგიერთი უნარი, მაგალითად პროგრამის ჩამოტვირთვის უნარი შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს.

  • გადაამოწმეთ კოდი ან გამოიყენეთ სანდო წყაროები.

  • უნარების მარკეტპლეისი ClawHub შეიძლება შეიცავდეს სახიფათო კოდებს, მაგალითად მავნე პროგრამებს ან რეკვიზიტების მოპარვის ინსტრუმენტებს.

  • საერთოდ აკრძალეთ შეუმოწმებელ უნარებზე წვდომა და ყოველი ახალი უნარის ინსტალაციამდე შეამოწმეთ ის შესაბამისი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა Cisco-ს ღია პროგრამა Skill Scanner.

5. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ იზოლირებული კომპიუტერი ან სიმულაციის სისტემა

თუ ტესტირებას აპირებთ, სასურველია ის გაუშვათ ვირტუალურ კომპიუტერზე, Docker კონტეინერში, ან ცალკე კომპიუტერზე, რომელიც არ შეიცავს სენსიტიურ ინფორმაციას.

6. კრიტიკული სისუსტეების გამოსასწორებლად გამოიყენეთ პატჩები

დარწმუნდით, რომ თქვენი OpenClaw განახლებულია 2026.1.29 ან უფრო ახალ ვერსიამდე. ძველი ვერსიები შეიცავს კრიტიკულ სისუსტეებს (CVE-2026-25253), რაც თავდამსხმელებს საშუალებას აძლევს შეცდომაში შეიყვანონ ხელოვნური ინტელექტი და აიძულონ მას მავნე ვებსაიტზე შესვლა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თქვენს კომპიუტერზე სრული წვდომა სულ რაღაც მილიწამებში მიიღონ.

7. უფრთხილდით Prompt Injection-ს

თუ OpenClaw წაიკითხავს ელ. წერილს, Google-ის დოკუმენტს, Slack-ის შეტყობინებას ან ვებგვერდის კონტენტს, რომელიც შეიცავს ფარულ მავნე ინსტრუქციებს, მათი მეშვეობით შეიძლება მოხდეს აგენტის ქცევის შეცვლა და მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის მიღება ან ბრძანებების გაშვება თქვენი ნებართვის გარეშე. არასოდეს მისცეთ აგენტს უფლება დაამუშაოს არასანდო წყაროდან მიღებული კონტენტი.

8. რეგულარულად ჩაატარეთ უსაფრთხოების აუდიტები

OpenClaw-ს აქვს ინტეგრირებული უსაფრთხოების ინსტრუმენტი. ტერმინალიდან რეგულარულად გაუშვით ბრძანება „openclaw security audit“, რათა შეამოწმოთ გეითვეის ექსპოზიციის ან ნებართვების პრობლემების არსებობა. კონფიგურაციის ხარვეზების გამოსწორების მიზნით ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „--fix“ ბრძანება.

ხელოვნური ინტელექტის აგენტის სხვა ინსტრუმენტები

საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ სხვა ინსტრუმენტებზე, რომელთაც მსგავსი დანიშნულება აქვს, თუმცა განსხვავებულ მიდგომას იყენებს. ამ ინსტრუმენტების მაგალითებია NanoClaw, Claude App, and Claude Code.

NanoClaw

NanoClaw შეიქმნა, როგორც OpenClaw-ის მინიმალისტური ალტერნატივა, რომელიც განკუთვნილია იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც სურს ხელოვნური ინტელექტის პერსონალური ასისტენტის გამოყენება კომპლექსური პარამეტრების დაყენების საჭიროების გარეშე. ის გვთავაზობს იმავე ძირითად ფუნქციებს, რასაც OpenClaw, თუმცა მისი სტრუქტურა შედარებით მარტივია.

Claude App

Claude App არის Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი, რომელიც შემუშავებულია iOS, Android და ვებ სისტემებისთვის. OpenClaw-ისგან განსხვავებით, Claude არ არის განკუთვნილი საკუთარ სერვერზე ინსტალაციისთვის და მას არ შეუძლია პირდაპირი წვდომა თქვენს ოპერაციულ სისტემაზე ან ტერმინალზე დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე. ბევრისთვის ეს მთავარ უპირატესობას წარმოადგენს: მისი გამოყენების დაწყება გაცილებით მარტივია და არ გჭირდებათ ლოკალური აგენტის სერვისის მართვა.

Claude Code

Claude Code წარმოადგენს Anthropic-ის - Claude AI მოდელების შემქმნელი კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ოფიციალურ ინსტრუმენტს. OpenClaw-ისგან განსხვავებით, რომელიც ზოგადი დანიშნულების პერსონალური ასისტენტია, Claude Code განკუთვნილია დეველოპერებისთვის და მისი ფუნქცია მხოლოდ პროგრამირების პროცესში დახმარებით შემოიფარგლება.

შეჯამება

OpenClaw წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის მოქნილ პერსონალურ ასისტენტს, რომლის შესაძლებლობები მხოლოდ ჩატში კომუნიკაციით არ შემოიფარგლება. მას შეუძლია დაუკავშირდეს თქვენს ინსტრუმენტებს, გაუშვას დავალებები და იმუშაოს თქვენს რჩეულ შეტყობინებების აპლიკაციებთან ერთად. თუმცა ის არ არის „დააყენე და დაივიწყე“ ტიპის სისტემა. უსაფრთხოდ გამოსაყენებლად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, დაიცვათ თქვენი გასაღებები და მოერიდოთ მის დაკავშირებას ინტერნეტთან.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.