რა არის გაცვლითი კურსი და როგორ ხდება მისი განსაზღვრა?

რა არის გაცვლითი კურსი და როგორ ხდება მისი განსაზღვრა?

განახლებული Jul 21, 2026
11m

მთავარი დეტალები

  • გაცვლითი კურსი არის ერთი ვალუტის ფასი, გამოხატული სხვა ვალუტაში. ის გიჩვენებთ, კონკრეტული ვალუტის რამდენი ერთეული გჭირდებათ მეორე ვალუტის ერთი ერთეულის შესაძენად.

  • გაცვლითი კურსები შეიძლება იყოს მცურავი (რომელიც საბაზრო ძალებით განისაზღვრება), ფიქსირებული (რომელსაც მთავრობა ან ცენტრალური ბანკი ადგენს) ან მიბმული (შენარჩუნება ხდება სამიზნე მაჩვენებლით განსაზღვრულ დიაპაზონში).

  • გაცვლით კურსებზე გავლენას ახდენს შემდეგი ძირითადი ფაქტორები: ქვეყნებს შორის საპროცენტო განაკვეთების სხვაობა, ინფლაციის დონე, სავაჭრო ბალანსი და ბაზრის განწყობა.

  • კრიპტო სფეროში გაცვლითი კურსები სხვაგვარად მუშაობს. კრიპტოს და ფიატ ვალუტას შორის გაცვლითი კურსები განისაზღვრება ბაზარზე ვაჭრობით. სტეიბლკოინების მიბმა ფიქსირებული გაცვლითი კურსის ერთ-ერთ ტიპს წარმოადგენს, ხოლო დეცენტრალიზებული ბირჟები აქტივების ფასს ცენტრალიზებული ბირჟებისგან განსხვავებული მექანიზმით ადგენენ.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

როდესაც საზღვარგარეთ მოგზაურობთ, სხვა ქვეყნიდან რაიმეს ყიდულობთ ან ერთ კრიპტოვალუტას მეორეზე ცვლით, ამ პროცესს გაცვლითი კურსის გამოყენებით ახორციელებთ. გაცვლითი კურსი განსაზღვრავს, თუ ვალუტის რამდენი ერთეული გჭირდებათ მეორე ვალუტის ერთი ერთეულის შესაძენად. ძირითადი ვალუტების უმეტესობის შემთხვევაში გაცვლითი კურსი უწყვეტად იცვლება. გაცვლითი კურსის მოქმედების პრინციპის გაგება დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ვალუტის კონვერტაციის, საერთაშორისო გადახდებისა და კრიპტოთი ვაჭრობის დროს. თუ კარგად არ იცნობთ ფიატ ვალუტის კონცეფციას, ეს სტატია დაგეხმარებათ სასარგებლო ინფორმაცის მიღებაში იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ვალუტები.

რა არის გაცვლითი კურსი?

გაცვლითი კურსი არის თანაფარდობა, რომლის მიხედვითაც ერთი ვალუტა შეიძლება გაიცვალოს მეორეზე. მაგალითად, თუ EUR/USD გაცვლითი კურსი არის 1,08, მაშინ ერთი ევრო შეიძლება გადაიცვალოს 1,08 აშშ დოლარზე. გაცვლითი კურსები კოტირებულია წყვილებად, სადაც თანაფარდობას განსაზღვრავს პირველი ვალუტა (საბაზისო) და მეორე ვალუტა (კოტირებული).

კურსი, რომელსაც ვალუტის კონვერტორზე ან საფინანსო ვებგვერდზე ხედავთ, როგორც წესი, საშუალო საბაზრო კურსია, რომელიც წარმოადგენს შუალედურ მაჩვენებელს შემოთავაზებულ ფასსა (რისი გადახდისთვისაც მზად არიან მყიდველები) და მოთხოვნილ ფასს (რასაც ითხოვენ გამყიდველები) შორის. ფაქტობრივ კურსზე, რომელსაც ვალუტის კონვერტაციისას იღებთ, შესაძლოა გავლენას ახდენდეს სპრედი. იმის უფრო დეტალურად გასაგებად, თუ როგორ მუშაობს სპრედი, იხილეთ სტატია შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედისა და ფასის ცურვის განმარტება.

გაცვლითი კურსები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გავლენას ახდენს იმპორტირებული საქონლის ღირებულებაზე, საზღვარგარეთ ინვესტიციების ფასზე, ექსპორტიორების მოგებაზე და საერთაშორისო კრიპტო ვაჭრობიდან მიღებულ შემოსავალზე. დიდ ტრანზაქციებზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გაცვლითი კურსის მცირე ცვლილებამაც კი.

გაცვლითი კურსების ტიპები

გაცვლითი კურსის განსაზღვრა ყოველთვის ერთნაირად არ ხდება. არსებობს სამი ძირითადი ტიპი:

მცურავი გაცვლითი კურსები

ძირითადი ვალუტების უმეტესობას, მათ შორის აშშ დოლარს, ევროს, იაპონურ იენსა და ბრიტანულ ფუნტს, მცურავი გაცვლითი კურსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ კურსის განსაზღვრა ხდება საბაზრო ძალების ზემოქმედებით: მოთხოვნითა და მიწოდებით სავალუტო ბაზარზე. მთავრობა ან ცენტრალური ბანკი არ იღებს კონკრეტული ფასის შენარჩუნების ვალდებულებას. კურსი უწყვეტად იცვლება, რადგან ტრეიდერები, ინსტიტუტები და ბიზნესები ყიდულობენ და ყიდიან ვალუტას.

ფიქსირებული გაცვლითი კურსები

ფიქსირებული გაცვლითი კურსის განსაზღვრა და შენარჩუნება ხდება მთავრობის ან ცენტრალური ბანკის მიერ. ცენტრალური ბანკი იღებს ვალდებულებას იყიდოს ან გაყიდოს საკუთარი ვალუტა კურსის სამიზნე დონეზე შესანარჩუნებლად, რაც მოითხოვს უცხოური ვალუტის მნიშვნელოვან რეზერვებს. ფიქსირებული კურსი უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას, თუმცა ამცირებს მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას. ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ ვალუტას აშშ დოლართან ან ვალუტების კალათასთან აკავშირებს. ამ კონცეფციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია მიბმული ვალუტა.

მიბმული გაცვლითი კურსები

მიბმული გაცვლითი კურსი ჰიბრიდულ მიდგომას წარმოადგენს. ვალუტა შეიძლება მერყეობდეს ვიწრო სამიზნე დიაპაზონში. თუ ვალუტა ამ დიაპაზონს გასცდება, პროცესში ერთვება ცენტრალური ბანკი. ეს მიდგომა უზრუნველყოფს გარკვეულ სტაბილურობას, თუმცა ამავდროულად უშვებს ბაზრის შეზღუდულ კორექტირებას. კრიპტო სფეროში მსგავსი პრინციპი გამოიყენება სტეიბლკოინებისთვის: ისინი მიბმულია საბაზისო აქტივთან, როგორც წესი აშშ დოლართან და მიბმის შესანარჩუნებლად გამოყენებულია უზრუნველყოფის და არბიტრაჟის მექანიზმები.

რა ახდენს გავლენას გაცვლით კურსებზე?

მცურავი ვალუტებისთვის გაცვლითი კურსები განისაზღვრება საბაზრო ძალებით. ამ ძალებზე გავლენას ახდენს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი:

საპროცენტო განაკვეთები

გაცვლით კურსზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს საპროცენტო განაკვეთები. როდესაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი ზრდის საპროცენტო განაკვეთებს, მისი ვალუტა, როგორც წესი, გამყარებას იწყებს, რადგან უფრო მაღალი განაკვეთები იზიდავს უცხოურ კაპიტალს, რომელიც ეძებს უფრო მაღალი სარგებლის მიღების საშუალებას. შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები ვალუტის გაუფასურებას იწვევს. ევროსა და აშშ დოლარს შორის გაცვლით კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთებს შორის სხვაობა.

ინფლაცია

ინფლაცია ამცირებს ვალუტის მსყიდველობით უნარს. იმ ქვეყნების ვალუტა, სადაც სტაბილურად მაღალი ინფლაციაა, დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფად გაუფასურებისკენ არის მიდრეკილი. ბაზრები ყურადღებით აკვირდებიან ინფლაციის მონაცემებს, რადგან ის გავლენას ახდენს ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილების გადაწყვეტილებებზე, რაც, თავის მხრივ ცვლის გაცვლით კურსებს.

სავაჭრო ბალანსი

ქვეყანას, რომლის ექსპორტის მოცულობა იმპორტის მოცულობაზე მაღალია, სავაჭრო პროფიციტი აქვს, რაც ქმნის მოთხოვნას მის ეროვნულ ვალუტაზე, რაც, თავსი მხრივ, მის გამყარებას იწვევს. სავაჭრო დეფიციტმა, როდესაც იმპორტი აღემატება ექსპორტს, შესაძლოა ვალუტა გააუფასუროს, რადგან უცხოური პროდუქციის შესაძენად საჭიროა ამ ვალუტის დიდი რაოდენობით გაყიდვა. სავაჭრო ბალანსზე ასევე გავლენას ახდენს ენერგორესურსების ფასები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც ესაჭიროებათ ნავთობის და გაზის იმპორტი.

ბაზრის განწყობა და გეოპოლიტიკური მოვლენები

გაცვლითი კურსები სწრაფად რეაგირებს სიახლეებსა და განწყობაზე. არჩევნებმა, ომებმა, სავაჭრო დავებმა და ცენტრალური ბანკის განცხადებებმა შეიძლება მისი მკვეთრი ცვლილებები გამოიწვიოს. აშშ დოლარი ხშირად განიხილება როგორც „უსაფრთხო ვალუტა“, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ის, როგორც წესი, მყარდება, რადგან ინვესტორებს საკუთარი კაპიტალი დოლარში დენომინირებულ აქტივებში გადააქვთ.

ევროს გაცვლითი კურსის განმარტება

ევრო მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული ვალუტაა აშშ დოლარის შემდეგ, ხოლო EUR/USD წყვილი ყველაზე აქტიურად გამოიყენება სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისას. ევროს გაცვლითი კურსის დადგენის პრინციპის ცოდნა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ ურთიერთქმედებს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები პრაქტიკაში.

ევროს გაცვლითი კურსის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროპის ცენტრალური ბანკისა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარულ პოლიტიკებს შორის არსებული სხვაობაა. როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს ევრობანკზე მაღალ დონეზე ინარჩუნებს, ინვესტორებს შეუძლიათ მეტი მოგება მიიღონ დოლარის ფლობით, რაც, როგორც წესი, ევროს კურს დოლართან მიმართებით დაბლა წევს. როდესაც ევროპის ცენტრალური ბანკი ზრდის განაკვეთებს ან ფედერალური სარეზერვო სისტემა ამცირებს მათ, ეს სხვაობა მცირდება და ევრო შესაძლოა გამყარდეს.

საპროცენტო განაკვეთების გარდა, ევროს გაცვლით კურსზე ასევე გავლენას ახდენს ევროზონის სავაჭრო ნაკადები. ევროზონას აქვს მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, რაც ევროს სტრუქტურულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. გარკვეულ როლს ასევე ასრულებს ენერგორესურსების ფასები: ევროპა ენერგორესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტს ახორციელებს, ამიტომ ენერგომატარებლების მაღალმა ფასებმა შესაძლოა გაზარდოს სავაჭრო დეფიციტი და გამოიწვიოს ევროს გაცვლითი კურსის დაცემა.

ევრო ასევე აქტიურად იცვლება სხვა ვალუტებზე, როგორიცაა ბრიტანული გირვანქა (EUR/GBP) და იაპონური იენი (EUR/JPY). თითოეული წყვილი ასახავს ეკონომიკურ ურთიერთობას ამ ორ რეგიონს შორის და რეაგირებს მსგავსი ტიპის ფაქტორებზე: საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობაზე, სავაჭრო ნაკადებსა და ბაზრის განწყობებზე.

ევრო ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიპტო სფეროში, სადაც ის წარმოდგენილია EUR-ზე მიბმული სტეიბლკოინების სახით. Eurite (EURI) და Anchored Euro (AEUR) წარმოადგენს ბლოკჩეინზე განთავსებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება ევროზეა მიბმული. ეს ტოკენები მიზნად ისახავს ევროს გაცვლითი კურსის სტაბილურობის გაერთიანებას ბლოკჩეინ-გადარიცხვების სისწრაფესთან და ხელმისაწვდომობასთან, ხოლო მათი ღირებულება ასახავს ევროს კურსის იმავე დინამიკას, რომელიც განსაზღვრავს ტრადიციული EUR/USD წყვილის გაცვლით კურსს.

გაცვლითი კურსები კრიპტოში: რით განსხვავდება ისინი?

კრიპტო სფეროში გაცვლითი კურსები დაფუძნებულია იმავე ძირითად პრინციპზე, რაზეც ტრადიციული სავალუტო კურსები: ისინი გამოხატავს ერთი აქტივის ფასს მეორესთან მიმართებით. თუმცა, მექანიზმები, რომლებიც ამ კურსების განსაზღვრისთვის გამოიყენება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ასპექტებით განსხვავდებოდეს.

კრიპტოს და ფიატ ვალუტას შორის გაცვლითი კურსები

კრიპტოში ყველაზე პოპულარული გაცვლითი კურსები წარმოადგენს კრიპტოვალუტის ფასს ფიატ ვალუტასთან მიმართებით, მაგალითად BTC/USD ან ETH/EUR. ამ კურსების განსაზღვრა ხდება ბირჟებზე სავაჭრო აქტივობის საფუძველზე. ცენტრალიზებულ ბირჟაზე კურსის დადგენისთვის გამოიყენება თანმხვედრი ყიდვისა და გაყიდვის შეკვეთები, რომლებიც შეკვეთების წიგნშია ასახული. მიმდინარე ფასი უბრალოდ ის უახლესი ფასია, რომელზეც ბოლო ვაჭრობა აღსრულდა.

სტეიბლკოინის მიბმა, როგორც გაცვლითი კურსები

სტეიბლკოინების დანიშნულებაა ფიქსირებული გაცვლითი კურსის შენარჩუნება მის საბაზისო ვალუტასთან მიმართებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში აშშ დოლარს წარმოადგენს. ეს გვთავაზობს მიბმული გაცვლითი კურსის კრიპტო-ვერსიას. თუმცა, სტეიბლკოინის მიბმა ყოველთვის იდეალური არ არის. ბაზრის სტრესმა შეიძლება სტეიბლკოინის მიბმის გაუქმება გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საბაზრო ფასი საწყის 1 აშშ დოლარს დაშორდეს. იმის ცოდნა, თუ რატომ ხდება სტეიბლკოინების მიბმის გაუქმება, კრიპტოს მომხმარებლებს დაეხმარება შეაფასონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ვალუტით ვაჭრობისას მხოლოდ ერთი სტეიბლკოინის გამოყენებასთან.

DEX კურსები და CEX კურსები

დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (DEX) შეკვეთების წიგნი არ გამოიყენება. ამის ნაცვლად, DEX-ები იყენებენ ავტომატიზებულ მარკეტ-მეიკერებს (AMM), რომლებიც აქტივების ფასებს განსაზღვრავენ ლიკვიდურობის პულში ტოკენების თანაფარდობის საფუძველზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეფექტური გაცვლითი კურსი დამოკიდებულია თქვენი ვაჭრობის ზომაზე პულთან შედარებით. მცირე ზომის პულებში დიდი მოცულობით ვაჭრობამ შეიძლება ფასი მნიშვნელოვნად შეცვალოს. ეს ფენომენი ცნობილია ფასის ცურვის სახელწოდებით. ცენტრალიზებულ ბირჟაზე (CEX) გამოყენებული ღრმა შეკვეთების წიგნები, როგორც წესი, დიდი მოცულობით ვაჭრობისას ფასის უფრო მაღალ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ზოგიერთი პლატფორმა ასევე გთავაზობთ მომენტალური კონვერტაციის ფუნქციებს, რომელთა მეშვეობით კურსის კოტირება შეკვეთების წიგნის გამოყენების გარეშე ხორციელდება. მაგალითად, Binance Convert მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთი კრიპტო აქტივი მეორეზე გადაცვალონ მითითებული კურსით, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მცირე სპრედს. ეს მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს მარტივი კონვერტაცია ლიმიტ-შეკვეთების ან საბაზრო შეკვეთების მართვის გარეშე.

საერთაშორისო გადახდებისას, კრიპტოს გაცვლითი კურსები ასევე ურთიერთქმედებს ტრადიციული სავალუტო ბაზრის კურსებთან. სტეიბლკოინის საზღვარგარეთ გაგზავნა და მისი ადგილობრივ ფიატ ვალუტაში გადაცვლა მოიცავს როგორც კრიპტოს გადარიცხვას, ასევე ფიატში კონვერტაციას, რაც ერთობლივად განსაზღვრავს ეფექტურ გაცვლით კურსს, რომელსაც მიმღები იღებს. ეს თემა უფრო დეტალურად განხილულია სტატიაში ბლოკჩეინის გამოყენების გზები ფულადი გადარიცხვებისთვის. აქტივების ბლოკჩეინებს შორის გადატანა დამატებით საკითხებთანაა დაკავშირებული, რაც განხილულია სტატიაში კროს-ჩეინ თავსებადობა.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის გაცვლითი კურსი?

გაცვლითი კურსი არის ერთი ვალუტის ფასი, გამოხატული სხვა ვალუტაში. მაგალითად, თუ EUR/USD გაცვლითი კურსი არის 1,08, მაშინ ერთი ევრო შეიძლება გადაიცვალოს 1,08 აშშ დოლარზე. გაცვლითი კურსები კოტირებულია წყვილებად და მერყეობს სავალუტო ბაზარზე არსებული მიწოდებისა და მოთხოვნის დონეების მიხედვით, ასევე საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის, სავაჭრო ბალანსებისა და ბაზრის განწყობის გავლენით.

რა განსხვავებაა მცურავ და ფიქსირებულ გაცვლით კურსს შორის?

მცურავი გაცვლითი კურსი განისაზღვრება საბაზრო ძალებით, მთავრობა ან ცენტრალური ბანკი არ იღებს კონკრეტული ფასის შენარჩუნების ვალდებულებას. ძირითადი ვალუტების უმეტესობა, მათ შორის აშშ დოლარი და ევრო მცურავია. ფიქსირებული გაცვლითი კურსის დადგენასა და ვალუტის ფასის განსაზღვრულ დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფს ცენტრალური ბანკი. ზოგიერთი ქვეყანა იყენებს მიბმის სისტემას, სადაც დაშვებულია ვალუტის ფასის მერყეობა განსაზღვრულ დიაპაზონში.

რა განსაზღვრავს ევროს გაცვლით კურსს?

ევროს გაცვლითი კურსის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი ევროპის ცენტრალური ბანკისა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული სხვაობაა. როდესაც აშშ-ის განაკვეთები ევროზონის განაკვეთებზე მაღალია, დოლარი ევროსთან მიმართებით გამყარებისკენ იხრება. ევროს კურსზე ასევე მოქმედებს სავაჭრო ბალანსი, ენერგორესურსების ფასები და გეოპოლიტიკური მოვლენები. ევროზონის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ევროს სტრუქტურულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

როგორ მუშაობს კრიპტოს გაცვლითი კურსები?

კრიპტოს გაცვლითი კურსები გამოხატავს ერთი კრიპტოვალუტის ფასს მეორესთან ან ფიატ ვალუტასთან მიმართებით. ცენტრალიზებულ ბირჟებზე კურსების განსაზღვრა ხდება შეკვეთების წიგნის თანმხვედრი შეკვეთების მეშვეობით. დეცენტრალიზებულ ბირჟებზე კურსების დადგენა ხდება ლიკვიდურობის პულებში არსებული ტოკენების თანაფარდობის საფუძველზე. სტეიბლკოინების მიბმა წარმოადგენს ფიქსირებული გაცვლითი კურსის ერთ-ერთ ტიპს, რომლის შენარჩუნება ხდება უზრუნველყოფისა და არბიტრაჟის მექანიზმებით.

რატომ ხდება სტეიბლკოინის გაცვლითი კურსის დაშორება 1 აშშ დოლარიდან?

სტეიბლკოინების დანიშნულებაა აშშ დოლართან გაცვლითი კურსის შენარჩუნება 1:1 თანაფარდობით, თუმცა საბაზრო სტრესმა, ლიკვიდურობის დისბალანსმა ან ემიტენტის მიმართ ნდობის დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს ფასის გადახრა. ამ მოვლენას მიბმის გაუქმება ეწოდება. მიბმის გაუქმების შემთხვევების უმეტესობა დროებითია. ეს ფაქტორი ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ სტეიბლკოინის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ ხდება მისი ფასის აშშ დოლართან მიბმის შენარჩუნება.

კრიპტოს გაცვლითი კურსები ყველა პლატფორმაზე ერთნაირია?

არა. კონკრეტული სავაჭრო წყვილის გაცვლითი კურსი შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს პლატფორმებს შორის ლიკვიდურობის, საკომისიო სტრუქტურებისა და ფასწარმოქმნის მექანიზმების განსხვავების გამო. ცენტრალიზებული ბირჟები იყენებენ ღრმა შეკვეთების წიგნს, რაც უზრუნველყოფს სპრედის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებას. დეცენტრალიზებულ ბირჟებზე მსხვილი ვაჭრობის აღსრულებისას სპრედი შესაძლოა უფრო დიდი იყოს ლიკვიდურობის პულებში ფასის ცურვის გამო. მსხვილი ტრანზაქციის განხორციელებამდე გირჩევთ ერთმანეთს შეადაროთ სხვადასხვა პლატფორმებზე არსებული გაცვლითი კურსები.

შეჯამება

გაცვლითი კურსები ფინანსების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ცნებაა და გავლენას ახდენს ყველაფერზე, დაწყებული იმპორტირებული საქონლის ფასით და დამთავრებული, კრიპტოვალუტით განხორციელებული ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლით. იმის მიუხედავად, ვალუტა თავისუფლად მცურავია თუ ცენტრალური ბანკის მიერ არის ფიქსირებული, მისი გაცვლითი კურსი ასახავს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის, სავაჭრო ნაკადებისა და ბაზრის განწყობების ბალანსს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.