მთავარი დეტალები
Proof of Work (PoW) გახლავთ კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც შეიქმნა ციფრული გადახდის სისტემების ფარგლებში ორმაგი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად.
PoW მაინინგის პროცესის მთავარი ნაწილია, რომელიც მოიცავს ტრანზაქციების ახალი ბლოკების დამატებას ბლოკჩეინზე და კრიპტოვალუტების ახალი ერთეულების შექმნას.
Bitcoin და ბევრი სხვა კრიპტოვალუტა PoW-ს იყენებს საკუთარი ბლოკჩეინის ქსელის და მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდის სახით.
შესავალი
მოკლედ რომ ვთქვათ, Proof of Work (PoW) არის მექანიზმი, რომელიც შეიქმნა ციფრული გადახდის სისტემების ფარგლებში ორმაგი ხარჯვის თავიდან ასარიდებლად. Bitcoin და ბევრი სხვა კრიპტოვალუტა PoW-ს იყენებს საკუთარი ბლოკჩეინის ქსელის და მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდის სახით. ასეთ მექანიზმებს ხშირად კონსენსუსის ალგორითმებს, ან კონსენსუსის მექანიზმებს უწოდებენ, რადგან ისინი მოიცავს რამდენიმე მხარეს, რომლებიც ცდილობენ კონსენსუსის მიღწევას ერთმანეთისთვის ნდობის გამოცხადების გარეშე.
Proof of Work გახლდათ პირველი კონსენსუსის ალგორითმი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას Proof of Stake (PoS) მექანიზმის ფარგლებში. PoW წარმოდგენილ იქნა სატოში ნაკამოტოს მიერ, 2008 წლის Bitcoin-ის whitepaper-ში, თუმცა თავად ტექნოლოგიის იდეა ამ ეტაპამდე დიდი ხნით ადრე იყო ჩაფიქრებული.
ადამ ბექის მიერ წარმოდგენილი HashCash გახლავთ Proof of Work ალგორითმის ადრეული მაგალითი, კრიპტოვალუტების განვითარების საწყის ეტაპზე. ელ. წერილის გაგზავნისთვის გამგზავნს ესაჭიროება გარკვეული კომპიუტერული რესურსების გამოყენება, რაც ამცირებს სპამების გაგზავნის ალბათობას. ლეგიტიმური გამგზავნის მიერ ამ კომპიუტერული რესურსების გამოყენება ფაქტობრივად არავითარ ხარჯთან არ არის დაკავშირებული, თუმცა ხდება ღირებულების გაზრდა იმ პირისთვის, რომელიც მასობრივად აგზავნის ელ. წერილებს.
რა არის ორმაგი ხარჯვა?
ორმაგ ხარჯვას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ხდება ერთიდაიმავე თანხის რამდენიმეჯერ გახარჯვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერმინი მხოლოდ ციფრული ფულის კონტექსტში გამოიყენება – ბოლოს და ბოლოს, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ერთიდაიმავე ნაღდი ფულის რამდენიმეჯერ დახარჯვა არც ისე მარტივი წარმოსადგენია.
თუ დღეს ყავას შეიძენთ და მის საფასურს მოლარეს ნაღდი ფულის სახით გაუწოდებთ, დიდი ალბათობით, ის ამ თანხას სალარო აპარატში შეინახავს. თქვენ ვერ შეძლებთ მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე ყავის მაღაზიაში გადახვიდეთ და იმავე კუპიურით კიდევ ერთი ჭიქა ყავა იყიდოთ. თუმცა, ციფრული ფულის სისტემებში, არსებობს ამ ქმედების განხორციელების არც თუ ისე მცირე ალბათობა.
დარწმუნებული ვართ, რომ დაკოპირება-ჩასმის კომბინაციის გამოყენებამდე, უბრალოდ შეგიქმნიათ სასურველი კომპიუტერული ფაილის ასლი. გარდა ამისა, მარტივად შეგიძლიათ ერთი და იგივე ფაილის გაგზავნა ათეულობით ადამიანისთვის, ელ. ფოსტის მეშვეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ციფრული ფული მხოლოდ მონაცემებია, აუცილებელია ორმაგი ხარჯვის თავიდან არიდებაზე ზრუნვა, ე.ი. საჭიროა მოვერიდოთ ერთიდაიმავე ერთეულების სხვადასხვა სივრცეში დაკოპირებასა და გახარჯვას. გარდაუვალია იმ ციფრული გადახდის სისტემის კრახი, რომელიც არ იღებს საჭირო ზომებს ორმაგი ხარჯვის თავიდან ასარიდებლად.
ორმაგი ხარჯვის ფენომენის უფრო საფუძვლიანად შესასწავლად, იხილეთ ორმაგი ხარჯვის განმარტება.
რისთვის არის საჭირო Proof of Work მექანიზმი?
თუ გაეცანით ჩვენს სტატიას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესახებ, გეცოდინებათ, რომ კრიპტოვალუტის მომხმარებლები მუდმივად ავრცელებენ ტრანზაქციებს ქსელზე. მიუხედავად ამისა, ეს ტრანზაქციები მაშინვე ვალიდურად არ მიიჩნევა. ეს ხდება მხოლოდ მათი დადასტურების და ბლოკჩეინზე დამატების შემდეგ.
მაგალითად, Bitcoin-ის ბლოკჩეინი ფუნქციონირებს, როგორც საჯარო ტრანზაქციების მონაცემთა ბაზა (ლეჯერი), რომლის ნახვაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ის შეგიძლიათ ასე წარმოიდგინოთ: თქვენ და თქვენს სამ მეგობარს გაქვთ ბლოკნოტი, სადაც აკონტროლებთ თქვენს Bitcoin-ის ტრანზაქციებს. ნებისმიერ დროს, როდესაც რომელიმე თქვენგანი გადაწყვეტს თანხის გადარიცხვას, ხდება ამ მოქმედების ჩაწერა:
ელისი უხდის ბობს 5 BTC-ს; ბობი უხდის ქეროლს 2 BTC-ს და ა.შ.
თუმცა თქვენ მიერ ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებისას, თქვენ მიუთითებთ ტრანზაქციას, საიდანაც მოხდა თანხის მიღება. შესაბამისად, თუ ბობი ქეროლს 2 BTC-ს გადაუხდის, მონაცემთა ჩაწერა მოხდება შემდეგნაირად:
ბობი ქეროლს უხდის 2 BTC-ს, რომლის მიღებაც მოხდა წინა ეტაპზე ელისთან მიმართებაში განხორციელებული ტრანზაქციის ფარგლებში.
ასე ხდება BTC-ის ერთეულების კონტროლის გზის შემუშავება. თუ ბობი ეცდება კიდევ ერთი ტრანზაქციის განხორციელებას იმავე 2 BTC-ის გამოყენებით, რომელიც მან ცოტა ხნის წინ ქეროლს გაუგზავნა, ამის შესახებ ყველა დაუყოვნებლივ შეიტყობს. ჯგუფი არ დაუშვებს ტრანზაქციის ბლოკნოტში ჩაწერას, რადგან ეს 2 BTC უკვე დახარჯული იქნება.
ეს მექანიზმი ეფექტურად მოქმედებს მცირერიცხოვან ჯგუფებში. აქ ყველა ყველას იცნობს, შესაბამისად, ისინი დიდი ალბათობით თანხმდებიან, რომელი მეგობრის მიერ უნდა მოხდეს ტრანზაქციების ჩაწერა ბლოკნოტში. თუმცა რა მოხდება 10,000 წევრისგან შემდგარი ჯგუფის შემთხვევაში? ბლოკნოტის იდეა ასეთ ფართო მასშტაბებთან მიმართებაში არც ისე ეფექტური აღმოჩნდება, რადგან არავინ მოისურვებს ამ პროცესების წარმართვა სრულიად უცხო პირს მიანდოს.
სწორედ ასეთ შემთხვევებში ხდება საჭირო Proof of Work მექანიზმი. მისი მეშვეობით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ მომხმარებლებმა არ დახარჯონ ის თანხა, რომლის დახარჯვის უფლებაც რეალურად არ აქვთ. თამაშების თეორიის და კრიპტოგრაფიის კომბინაციის გამოყენებით, PoW ალგორითმი ნებისმიერ პირს აძლევს ბლოკჩეინის განახლების საშუალებას, სისტემის ფარგლებში დაწესებული წესების გათვალისწინებით.
როგორ მუშაობს PoW?
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მიერ ზემოთ მოცემულ მაგალითში ნახსენები ბლოკნოტი არის ბლოკჩეინი. თუმცა ამ შემთხვევაში არ ხდება ტრანზაქციების სათითაოდ დამატება – ამის ნაცვლად, ხდება მათი გაერთიანება ბლოკებში. ხდება ტრანზაქციების გავრცელება ქსელში, რის შემდეგაც ის მომხმარებლები, რომლებმაც შექმნეს ბლოკი, დაამატებენ მათ კანდიდატ ბლოკში. ტრანზაქციები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მომცველი კანდიდატი ბლოკი გახდება დადასტურებული ბლოკი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდება მისი დამატება ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზაში.
ტრანზაქციების ვალიდაციის და ახალი ბლოკების დამატების პროცესს ეწოდება მაინინგი. ეს საკმაოდ რთული და დიდ ხარჯებთან დაკავშირებული პროცესია, თუმცა ასევე შესაძლებელია მისი მეშვეობით დიდი სარგებლის მიღება. ბლოკების ჯილდო შედგება პროტოკოლის მეშვეობით შექმნილი ახალი ბიტკოინების და მომხმარებლების მიერ გადახდილი ტრანზაქციების საკომისიოებისგან.
Proof of Work მექანიზმის ფარგლებში საჭიროა, რომ მაინერმა (მომხმარებელმა, რომელიც ქმნის ბლოკს) განახორციელოს ისეთი რესურსების ინვესტიცია, როგორიცაა ელექტროენერგია და კომპიუტერული სიმძლავრე, რათა მოხდეს მათი კანდიდატი ბლოკის ჰეშირება, ვიდრე არ მოხდება თავსატეხის ამოხსნის გზის პოვნა.
ბლოკის მონაცემთა ჰეშირება გულისხმობს მათთან მიმართებაში ჰეშირების ფუნქციის გამოყენებას, საბოლოოდ ბლოკის ჰეშის მისაღებად. ბლოკის ჰეში ითავსებს „თითის ანაბეჭდის“ ფუნქციას – ეს გახლავთ თქვენ მიერ შეტანილი მონაცემების იდენტურობის დამადასტურებელი და უნიკალურია თითოეული ბლოკისთვის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაინერმა უნდა შეაგროვოს და დაადასტუროს მომლოდინე ტრანზაქციები, მოახდინოს მათი ორგანიზება კანდიდატ ბლოკში და გამოიყენოს ჰეშირების ფუნქცია ბლოკის მონაცემებთან მიმართებაში, ვალიდური ჰეშის შესაქმნელად. მათი კანდიდატი ბლოკისთვის ვალიდური ჰეშის პოვნის შემთხვევაში, მოხდება მისი გავრცელება ქსელში, ბლოკი დაემატება ბლოკჩეინზე და შეგროვდება მაინინგის ჯილდოები.
მაინერის მიერ მათი კანდიდატი ბლოკის და ჰეშის ქსელზე გავრცელებისას, ქსელის სხვა მონაწილეები სრული სიზუსტით გაიმეორებენ ჰეშირების პროცესს იმის დასადასტურებლად, რომ მიღებული შედეგი ნამდვილად ვალიდურია.
მიუხედავად იმისა, რომ ვალიდური ჰეშის მოსაძებნად ჰეშირების უამრავი მცდელობაა საჭირო, ეს აუცილებელია ყველასთვის, გენერირებული ჰეშის სისწორის დასადასტურებლად. მათ უბრალოდ უნდა გააგზავნონ იგივე მონაცემები (ბლოკის მონაცემები) ჰეშირების ფუნქციის მეშვეობით და შეამოწმონ, მიიღებენ თუ არა იგივე შედეგს.
Proof of Work მექანიზმის ფარგლებში საჭიროა იმ მონაცემების წარდგენა, რომლის ჰეშიც აკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს. თუმცა ამ ეტაპამდე მისასვლელი გზა თქვენთვის უცნობია. თქვენთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი ვარიანტია, გამოიყენოთ თქვენი მონაცემების ჰეშირების ფუნქცია და შემდეგ შეამოწმოთ, აკმაყოფილებს თუ არა ის მოთხოვნებს. თუ მონაცემები მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, საჭირო გახდება თქვენს მონაცემებში მცირე ცვლილებების შეტანა განსხვავებული ჰეშის მისაღებად. თქვენს მონაცემებში ერთი სიმბოლოს შეცვლის შემთხვევაშიც კი, მოხდება სრულიად განსხვავებული შედეგის მიღება, შესაბამისად, გამომავალი მონაცემების განსაზღვრა შეუძლებელია.
შედეგად, ბლოკის შესაქმნელად ერთგვარი „გამოცნობანას“ თამაშია საჭირო. თქვენ, როგორც წესი, შეაგროვებთ ყველა იმ ტრანზაქციის ინფორმაციას, რომლის დამატებაც გსურთ და სხვა, დამატებით მნიშვნელოვან მონაცემებს და შემდეგ ერთიანად ახორციელებთ მათ ჰეშირებას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი მონაცემთა ბაზა არ იცვლება, საჭირო იქნება თქვენ მიერ ცვალებადი ინფორმაციის დამატებაც. სხვა შემთხვევაში, შედეგის სახით ყოველ ჯერზე ერთი და იმავე ჰეშს მიიღებთ. ამ ცვალებად მონაცემს ვუწოდებთ nonce-ს. ეს გახლავთ ციფრი, რომელსაც შეცვლით ყოველი მცდელობისას, რათა ყოველ ჯერზე სხვადასხვა ჰეში მიიღოთ.
საბოლოოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ მაინინგი გახლავთ საბოლოოდ კონკრეტული ჰეშის მიღების მიზნით განხორციელებული ბლოკჩეინის მონაცემების შეგროვების და მათი nonce-სთან ერთად ჰეშირების პროცესი. იმ ჰეშის პოვნის შემთხვევაში, რომელიც აკმაყოფილებს პროტოკოლით დაწესებულ მოთხოვნებს, თქვენ მოიპოვებთ ქსელში ახალი ბლოკის გავრცელების უფლებას. ამ ეტაპზე, ქსელზე მიმდინარე პროცესებში ჩართული სხვა მონაწილეები განაახლებენ საკუთარ ბლოკჩეინებს, ახალი ბლოკის დამატების მიზნით.
დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტების შემთხვევაში, პირობების დაკმაყოფილება საკმაოდ რთულია. რაც უფრო მაღალია ქსელის ჰეშრეიტი, მით უფრო ძნელია ვალიდური ჰეშის მოძებნა. ეს პროცესი ხორციელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მოხდეს ბლოკების მეტისმეტად სწრაფად პოვნა.
მარტივი მისახვედრია, რომ ჰეშების დიდი რაოდენობის გამოცნობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს იწვევს კომპიუტერული ციკლების და ელექტროენერგიის „გაფლანგვას“. თუმცა, ვალიდური ჰეშის პოვნის შემთხვევაში, პროტოკოლი კრიპტოვალუტით დაგაჯილდოვებთ.
მოდით, გადავხედოთ ჩვენ მიერ მიღებულ ინფორმაციას:
მაინინგი საკმაოდ დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, რთული პროცესია, თუმცა მისი მეშვეობით ხდება ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
იმ მაინერებს, რომლებიც ახერხებენ ვალიდური ბლოკის შექმნას, ჯილდოს სახით გადაეცემათ ახლად გამოშვებული კრიპტოვალუტები და ტრანზაქციის საკომისიოები.
ვალიდური ჰეშის გენერირებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა სხვა მომხმარებლებს მისი ვალიდურობის შემოწმება ჰეშირების პროცესის სრული სიზუსტით განმეორებით შეუძლიათ.
ჯერჯერობით, კარგად მივდივართ. თუმცა, რა ხდება თაღლითობის მცდელობის შემთხვევაში? რა გვიშლის ხელს ბლოკში თაღლითური ტრანზაქციების გარკვეული რაოდენობის დამატებაში და შედეგად ვალიდური ჰეშის შექმნაში?
სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია. ამ სტატიაში ზემოხსენებულ საკითხს არ ჩავუღრმავდებით, თუმცა შეგიძლიათ იხილოთ სტატია რა არის საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია? და საფუძვლიანად შეისწავლოთ ეს ფენომენი. მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს რამდენიმე ეფექტური კრიპტოგრაფიული ხრიკი, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შეამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტულ პირს იმ ფინანსების გადატანის უფლება, რომლის გახარჯვასაც ცდილობს.
ტრანზაქციის შექმნისას, თქვენ მასზე ხელს აწერთ. ქსელზე მიმდინარე პროცესებში ჩართულ ნებისმიერ პირს შეუძლია თქვენი ხელმოწერის თქვენს საჯარო გასაღებთან შედარება და იმის შემოწმება, ემთხვევა თუ არა ისინი ერთმანეთს. გარდა ამისა, მოხდება იმის შემოწმება, რეალურად გაქვთ თუ არა თქვენი თანხების გახარჯვის უფლება და აღემატება თუ არა თქვენ მიერ შემოტანილი ერთეულების ჯამი მიღებული ერთეულების ჯამს (ე.ი. რომ არ ხარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე ფლობთ).
ქსელი ავტომატურად უარყოფს არასწორი ტრანზაქციის შემცველ ნებისმიერ ბლოკს. თაღლითობის მცდელობაც კი უდიდეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. თქვენ გაფლანგავთ თქვენს რესურსებს ყოველგვარი სარგებლის მიღების გარეშე.
სწორედ ამაშია Proof of Work მექანიზმის ხიბლი: მისი მეშვეობით, თაღლითობა ხდება მეტად ძვირადღირებული, ხოლო კეთილსინდისიერი ქმედებები - უაღრესად მომგებიანი. ნებისმიერი რაციონალურად მოაზროვნე მაინერი ცდილობს მიიღოს მოგება განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ისინი მიჰყვებიან ქცევის იმ ეტიკეტს, რომელიც დიდი ალბათობით მოგებას მოუტანს მათ.
Proof of Work (PoW) და Proof of Stake (PoS)
PoW-ის გარდა საკმაოდ ბევრი კონსენსუსის ალგორითმი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც Proof of Stake (PoS) გამოირჩევა. ეს კონცეფცია სათავეს 2011 წლიდან იღებს, და ინტეგრირებულია Ethereum-სა და რამდენიმე სხვა პროტოკოლში.
Proof of Stake სისტემების შემთხვევაში, მაინერებს ანაცვლებს ვალიდატორები. აქ არ მიმდინარეობს არც მაინინგის და არც ჰეშების გამოცნობის პროცესები. ნაცვლად ამისა, ხდება მომხმარებლების შემთხვევითობის პრინციპით შერჩევა – არჩევის შემთხვევაში, მათ უნდა წარადგინონ (ან „გააყალბონ“) ბლოკი. ბლოკის ვალიდურად მიჩნევის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ბლოკზე განხორციელებული ტრანზაქციების საკომისიოებისგან შემდგარ ჯილდოს.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლოა მოხდეს ნებისმიერი მომხმარებლის არჩევა – პროტოკოლი მათ ირჩევს რიგი ფაქტორების საფუძველზე. შესაბამისი უფლების მოსაპოვებლად, მონაწილეებმა უნდა განათავსონ თანხა სტეიკინგზე, რაც წარმოადგენს ბლოკჩეინის ადგილობრივი ვალუტის წინასწარ განსაზღვრულ ოდენობას. სტეიკინგზე განთავსებული თანხა მუშაობს ზუსტად ისე, როგორც გირაო: მოპასუხეები განათავსებენ დიდი ოდენობის თანხას გარანტიის სახით, რომ ისინი არ გამოტოვებენ სასამართლო პროცესს, ხოლო ვალიდატორები განათავსებენ გარკვეულ თანხას გარანტიის სახით, რომ არ ექნება ადგილი მათი მხრიდან თაღლითობის მცდელობას. მათი მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, მოხდება მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული თანხის (ან მისი ნაწილის) ჩამორთმევა.
Proof of Stake გარკვეული უპირატესობებით ხასიათდება Proof of Work-თან შედარებით. ყველაზე მნიშვნელოვანია შედარებით მცირე „ნახშირბადის კვალი“ – რადგან არ არსებობს მაღალი სიმძლავრის საჭიროების მქონე მაინინგის ფერმების გამოყენების აუცილებლობა PoS-ის ფარგლებში, მოხმარებული ელექტროენერგია ბევრად უფრო ნაკლებია PoW-ის ფარგლებში მოხმარებულ ელექტროენერგიასთან შედარებით.
აქედან გამომდინარე, PoS-ს არ გააჩნია PoW-ის მსგავსი ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ მაინინგი არაეკონომიურ მეთოდად ითვლება, ის ერთადერთი კონსენსუსია, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უამრავ გამოწვევას გაუძლო. გაშვების დღიდან, Bitcoin-ის PoW-ის მეშვეობით მოხდა მილიარდობით დოლარის ღირებულების ტრანზაქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად შეუძლია PoS-ს მისი უსაფრთხოების დონისთვის კონკურენციის გაწევა, უნდა მოხდეს სტეიკინგის სათანადოდ გატესტვა გრძელვადიან პერსპექტივაში.
შეჯამება
Proof of Work გახლდათ ორმაგი ხარჯვის თავიდან არიდების თავდაპირველი გზა, რომელმაც დაამტკიცა საკუთარი სანდოობა და უსაფრთხოება. Bitcoin-მა დაამტკიცა, რომ არ არის საჭირო ცენტრალური სუბიექტების არსებობა ერთი და იმავე თანხის ორჯერ გახარჯვის თავიდან ასარიდებლად. კრიპტოგრაფიის, ჰეშირების ფუნქციების და თამაშის თეორიის სათანადოდ გამოყენებით, დეცენტრალიზებულ სივრცეში მიმდინარე პროცესებში მონაწილე პირები აღწევენ შეთანხმებას ფინანსური მონაცემთა ბაზის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.