მთავარი დეტალები
ჩაშენებული დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi-ს) წყალობით, სვოპის და ვაჭრობის ფუნქციები პირდაპირ აპლიკაციებშია ინტეგრირებული, რის გამოც მომხმარებელს აღარ სჭირდება ცალკე სავაჭრო ბირჟაზე შესვლა.
B2B ლიკვიდურობის ინფრასტრუქტურა დეველოპერებს სთავაზობს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა API-ები, SDK-ები და მარშრუტიზაციის სისტემები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია მრავალ სავაჭრო პლატფორმაზე საუკეთესო ფასების პოვნა.
მომხმარებლებისთვის ჩაშენებული DeFi ტრადიციული გადახდების დამუშავების სისტემის მსგავსად მუშაობს: ეს არის უხილავი ტექნოლოგია, რომელიც მთელ სამუშაოს ფონურ რეჟიმში ასრულებს.
შესავალი
ადამიანების უმეტესობა DeFi-ს ცალკეული, დამოუკიდებელი პლატფორმების მეშვეობით იყენებს. თუ ტოკენის სვოპი გსურთ, ხსნით დეცენტრალიზებულ ბირჟას (DEX), აკავშირებთ მასთან საფულეს და ახორციელებთ ვაჭრობას. სხვა პლატფორმის გამოყენებისას იმავე პროცესს იმეორებთ. ეს მეთოდი მუშაობს, თუმცა მას ერთი ნაკლი აქვს - პლატფორმის შეცვლისას თქვენ უნდა დახუროთ ერთი აპლიკაცია და სხვა ინტერფეისი უნდა გამოიყენოთ. ჩაშენებული DeFi სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზას გთავაზობთ.
ჩაშენებული DeFi და B2B ლიკვიდურობის ინფრასტრუქტურა
ჩაშენებული DeFi (Embedded DeFi) და B2B ლიკვიდურობის ინფრასტრუქტურა ერთად მუშაობს, თუმცა ისინი ერთი და იგივე არ არის.
ჩაშენებული DeFi არის საბოლოო შედეგი: ისეთი ძირითადი ფუნქციები, როგორებიცაა სვოპი და ვაჭრობა, უშუალოდ აპლიკაციებშია ინტეგრირებული, რათა მომხმარებლებს არ დასჭირდეთ ერთი ბირჟიდან მეორეზე გადასვლა. B2B ლიკვიდურობის ინფრასტრუქტურა კი წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ამას შესაძლებელს ხდის: ის დეველოპერებს აწვდის API-ებს, SDK-ებსა და მარშრუტიზაციის სისტემებს, რომლებიც ეძებენ საუკეთესო ფასებს მრავალ სავაჭრო პლატფორმაზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაშენებული არის ის, რასაც მომხმარებელი ხედავს და იყენებს. B2B ლიკვიდურობის ინფრასტრუქტურა კი წარმოადგენს დეველოპერებისთვის განკუთვნილ ფენას, რომელიც უზრუნველყოფს ამ სისტემის ფუნქციონირებას. სხვა აპლიკაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს ინფრასტრუქტურა მომხმარებლისთვის ტოკენების სვოპის ან ვაჭრობის შესათავაზებლად სავაჭრო ბირჟის ნულიდან შექმნის საჭიროების გარეშე. მომხმარებელი რჩება აპლიკაციაში, ხოლო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ფასების განსაზღვრას, მარშრუტიზაციასა და ანგარიშსწორებას.
როგორ მუშაობს ჩაშენებული DeFi
ბევრი დეცენტრალიზებული ბირჟა იყენებს ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელს, რა დროსაც მომხმარებლები ტოკენებს განათავსებენ ლიკვიდურობის პულებში, ხოლო ფასის განსაზღვრისთვის გამოიყენება სპეციალური ფორმულა. ეს მოდელი ეფექტურია, თუმცა ის იწვევს ფრაგმენტაციას: ერთი და იმავე ტოკენით ვაჭრობა შესაძლოა სხვადასხვა პულში განსხვავებული ფასებით ხორციელდებოდეს.
ჩაშენებული DeFi ამ პრობლემის გადაჭრისთვის მარშრუტიზაციას იყენებს. როდესაც ხსნით აპლიკაციას და ტოკენების სვოპს ახორციელებთ, ინფრასტრუქტურა ერთდროულად მრავალ ბირჟას ამოწმებს, პოულობს საუკეთესო ფასს. ვაჭრობის აღსრულებისთვის და ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება სმარტ კონტრაქტები. საუკეთესო ფასის საპოვნელად ის ახორციელებს თქვენი შეკვეთის მარშრუტიზაციას სხვადასხვა DeFi აგრეგატორებსა და ლიკვიდურობის პულებში.
ის შეიძლება შევადაროთ სამოგზაურო ვებსაიტს, რომელიც ასობით ავიარეისის ფასებს ადარებს ერთმანეთს, რათა აგირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფრენა. შედარების პროცესი ფონურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ზოგიერთი პროექტი უფრო შორს მიდის. ისინი ერთმანეთისგან აცალკევებენ ფასის განსაზღვრის და ანგარიშსწორების მექანიზმებს და იყენებენ თანმხვედრი შეკვეთების მოძიების საკუთარ სისტემებს. ეს მათ საშუალებას აძლევს შემოგვთავაზონ სავაჭრო ბირჟის მსგავსი შეკვეთების წიგნები ან კოტირების მოთხოვნის (RFQ) სისტემები On-chain რეჟიმში, რაც ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის უფრო კაპიტალ-ეფექტური პროცესია.
ჩაშენებული მარშრუტიზაციის პრაქტიკაში გამოყენება
როგორ გამოყურება ეს პრაქტიკაში? BNB Chain-ზე, აშშ-ის ტოკენიზებული აქციები on-chain აქტივების სახითაა წარმოდგენილი (bStocks). BNB Chain-ის Dune dashboard-ის თანახმად, 2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქსელში გაშვებულია 67-ზე მეტი აქტიური აქტივი, მართვის ქვეშ არსებული აქტივების (AUM) მოცულობა აჭარბებს 490 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო ბლოკჩეინზე არსებული აქტივების ჯამური მოცულობა 18,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საჯაროდ გამოქვეყნებული ინტეგრაციის რუკა გვაჩვენებს, თუ როგორ ხორციელდება კრიპტო საფულეების და სავაჭრო აპლიკაციების შეკვეთების მარშრუტიზაცია მრავალი სავაჭრო პლატფორმის, აგრეგატორისა და მარშრუტიზატორის გავლით. ლიკვიდურობა გადანაწილებულია RFQ პლატფორმებს (როგორებიცაა Bebop და Native Relay), კერძო AMM-ებს (როგორებიცაა Metric, Tessera, Elfomo და Kipseli) და საჯარო AMM-ებს (PancakeSwap და Uniswap) შორის.
ეს სამი მოდელი ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, თუ ვინ ადგენს ფასს და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
ვაჭრობის თითოეულ მოთხოვნაზე RFQ დესკი აბრუნებს პროფესიონალი მარკეტ-მეიკერის ხელმოწერილ კოტირებას.
კერძო AMM არის ავტომატიზებული პული, რომელსაც აკონტროლებს ფასის განსაზღვრის ერთიანი სისტემა, რომელიც აკორექტირებს ტარიფებს გარე ბაზრის მონაცემების, ვაჭრობის ზომის და აქტივის რისკის გათვალისწინებით.
საჯარო AMM არის ღია პული, სადაც ლიკვიდურობის განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ხოლო ფასის განსაზღვრა ხდება ფორმულის გამოყენებით.
ერთი მეტა-აგრეგატორი - Binance Web3 Trading API უზრუნველყოფს bStock-ის მარშრუტიზაციის მოცულობის უმეტეს ნაწილს. ის ფონურ რეჟიმში ახორციელებს შეკვეთების გადამისამართებას ისეთ სავაჭრო პლატფორმებზე, როგორებიცაა Bebop, PancakeSwap, Uniswap, Metric, Tessera და Native.
მომხმარებლები ამ ყველაფერს ვერასდროს ამჩნევენ. ისინი უბრალოდ ხედავენ ტოკენის გადაცვლას საკუთარ საფულეში.
აღსრულების ხარისხიც გაზომვადია. პროფესიონალური მარკეტ-მეიკინგის სავაჭრო პლატფორმები უფრო ხშირად აფიქსირებენ მცირე სპრედებს, ვიდრე ყველაზე დიდი ზომის AMM პულები, ხოლო აგრეგატორები შეკვეთების ნაკადის მეტ წილს იმ მხარეს უთმობენ, ვინც სთავაზობს საუკეთესო ფასს იმ მოცულობებზე, რომლებზეც ვაჭრობა რეალურად ხორციელდება.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ აგრეგატორები პრიორიტეტს ანიჭებენ იმ მარკეტ-მეიკერებს, რომლებიც კონკურენტუნარიან კოტირებას სთავაზობენ მომხმარებლების მიერ რეალურად მოთხოვნილ დიაპაზონში (ხშირად 500-დან 5000 აშშ დოლარამდე), პასუხებს აბრუნებენ მინიმალური დაყოვნებით და იშვიათად ამბობენ უარს კოტირებული ტრანზაქციის ანგარიშსწორებაზე. მარკეტ-მეიკერები, რომლებიც რომელიმე ამ კომპონენტს სათანადოდ ვერ უმკლავდებიან, კარგავენ მარშრუტიზაციის წილს მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგია მათ მიერ შეთავაზებული თეორიული ფასი.
შედეგი: DeFi-ს მარშრუტიზაციის ფენები კონკურენციას ეწევიან აღსრულების ხარისხით და არა ბრენდის ცნობადობით.
ჩაშენებული DeFi-ს უპირატესობები
დეველოპერებისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ სირთულეს. ერთი API ან SDK უზრუნველყოფს წვდომას ლიკვიდურობაზე მთელ ბაზარზე. არ არის საჭირო თითოეულ ბირჟასთან ცალ-ცალკე დაკავშირება.
მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს კომფორტს. ტოკენების სვოპი ხორციელდება იმავე აპლიკაციაში, რომელსაც უკვე იყენებენ, მოითხოვს ნაკლებ ძალისხმევას და ხშირად, მრავალი on-chain ტრანზაქციის განხორციელების ნაცვლად საჭიროა მხოლოდ ერთ ხელმოწერა.
ეკოსისტემისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ ფრაგმენტაციას. ტრანზაქციების ნაკადი მიემართება ყველაზე ღრმა ლიკვიდურობისკენ, რასაც შეუძლია გააუმჯობესოს ფასები და შეამციროს ფასის ცურვა.
გამოწვევები და შეზღუდვები
ჩაშენებული DeFi (Embedded DeFi) რისკებისგან დაცული არ არის. აპლიკაცია, რომელიც მესამე მხარის ინფრასტრუქტურას ეყრდნობა, სრულად არის დამოკიდებული ამ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სისტემაზე. ერთ მარშრუტიზატორში არსებულმა ხარვეზმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ყველა იმ აპლიკაციაზე, რომლებიც მასთანაა დაკავშირებული. ასევე არსებობს კომბინირებადობის რისკიც. პროტოკოლები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, რის გამოც ერთ კომპონენტში დაშვებული შეცდომა შეიძლება მთელ სისტემაზე გავრცელდეს. Flash სესხების ექსპლოიტები და oracle-ებზე მანიპულაციის ტიპის შეტევები იმის ნათელი მაგალითია, რომ ერთ ფენაში არსებული ხარვეზი შესაძლოა მთელს სტეკზე კასკადურად გავრცელდეს.
საბოლოო ჯამში, აღსრულების ხარისხი მუდმივად უნდა უმჯობესდებოდეს. ლიკვიდურობა მოძრაობს, იქმნება ახალი პულები და იცვლება გაზის საკომისიოების ღირებულება. პროვაიდერებს, რომლებიც შეწყვეტენ ოპტიმიზაციას, შესაძლოა მოუწიოთ ბაზარზე საკუთარი ადგილის ალტერნატიული ინტეგრატორებისთვის დათმობა.
პროექტების მაგალითები ამ სფეროში
B2B ლიკვიდურობის ინფრასტრუქტურას რამდენიმე პროექტი გვთავაზობს. თითოეული მათგანი ოდნავ განსხვავებულ მიდგომას იყენებს:
0x Protocol: ამ სფეროში ერთ-ერთი უძველესი პროტოკოლია. იგი გთავაზობთ სვოპის API-ს, რომელიც ლიკვიდურობას რამდენიმე სხვადასხვა ბლოკჩეინიდან იღებს. დეველოპერები მას იყენებენ საკუთარ აპლიკაციებში ტოკენების სვოპის ფუნქციონალის ჩასაშენებლად.
1inch: თავდაპირველად ის DEX-აგრეგატორის სახით შეიქმნა. მისი API და SDK ახორციელებს ტრანზაქციების მარშრუტიზაციას სხვადასხვა ბირჟასა და RFQ წყაროზე უკეთესი ფასების მოსაძებნად.
CoW Protocol: იყენებს სოლვერებს, რომლებიც კონკურენციას უწევენ შეკვეთების თითოეული ბაჩისთვის საუკეთესო აღსრულების მოსაძებნად და ხშირად ვაჭრობას Peer-to-Peer ფორმატში აწყობენ, სანამ On-chain ლიკვიდურობას მიმართავენ.
Velora (ყოფილი ParaSwap): DEX აგრეგატორი და intent-ზე დაფუძნებული სავაჭრო პროტოკოლი. BNB Chain-ზე ის ძირითადად Native RFQ ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს ტოკენიზებული აქტივებით ვაჭრობის მარშრუტიზაციას.
Native: იყენებს საკუთარ თანმხვედრი შეკვეთების მოძიების სისტემას, რომელიც აერთიანებს RFQ აღსრულებას, on-chain შეკვეთების წიგნსა და საერთო ლიკვიდურობის პულს. მარკეტ-მეიკერები იღებენ აქტივებს პულიდან და ახორციელებენ კოტირებას Native Relay-ს მეშვეობით. ის მუშაობს, როგორც უხილავი ფენა, რომელიც სხვა აპლიკაციებს ჩაშენებული სავაჭრო ბირჟების შექმნის საშუალებას აძლევს. ის მუშაობს რამდენიმე ბლოკჩეინზე, მათ შორის BNB Chain-ზე.
ხშირად დასმული შეკითხვები
რით განსხვავდება ჩაშენებული DeFi ჩვეულებრივი DEX-ისგან?
ჩვეულებრივი დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX) დამოუკიდებელი სისტემაა. თქვენ მასთან აკავშირებთ საფულეს და იწყებთ ვაჭრობას. ჩაშენებული DeFi კი ინფრასტრუქტურაა: მისი მეშვეობით აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ვაჭრობის ინტერფეისს. მისი წყალობით ვაჭრობა თავად ამ აპლიკაციაშია შესაძლებელი.
რომელი საფულეები და აპლიკაციები იყენებს ჩაშენებულ DeFi-ს?
ბევრი საფულე გაძლევთ ვაჭრობის საშუალებას აპლიკაციდან გასვლის გარეშე. ფინანსური ტექნოლოგიების აპლიკაციები და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აგენტები მომხმარებლებს სთავაზობენ კრიპტოვალუტის ოპერაციებს, როგორც დამატებით ფუნქციას. მარშრუტიზაციის პროვაიდერი, როგორც წესი, თქვენთვის უხილავი რჩება.
უსაფრთხოა თუ არა ჩაშენებული DeFi?
ის იყენებს იმ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სისტემას, რომელზეც არის დამოკიდებული. გამოიყენეთ მხოლოდ სანდო აპლიკაციები, დადასტურებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ნებართვისა და ხელმოწერის მოთხოვნები და დაიცავით უსაფრთხოების იგივე პრინციპები, რომლებსაც იცავთ DeFi-სთან ნებისმიერი სხვა ტიპის ურთიერთქმედებისას.
როგორ შეგიძლიათ შეამოწმოთ აღსრულების ხარისხი?
შეადარეთ მიღებული ფასი ვაჭრობის მომენტში არსებულ საბაზრო ფასს. ზოგიერთი ინსტრუმენტების პანელი აქვეყნებს სპრედის მონაცემებს სავაჭრო პლატფორმების მიხედვით. უფრო ვიწრო სპრედები, როგორც წესი, უკეთეს აღსრულებას ნიშნავს.
როგორია ჩაშენებული DeFi-ს მომავალი?
მეტი აბსტრაქცია. განზრახვაზე დაფუძნებული ვაჭრობა სტანდარტად ყალიბდება, რა დროსაც მომხმარებლები უბრალოდ მიუთითებენ სასურველ შედეგს, ხოლო Solver-ები პოულობენ მისი მიღწევის ოპტიმალურ გზას. საფულეები გარდაიქმნება განაწილებულ პლატფორმებად, ხოლო კროს-ჩეინ ანგარიშსწორება ფონურ რეჟიმში ხორციელდება.
შეჯამება
ჩაშენებული DeFi ამ სფეროს განვითარების ნიშანია. DeFi-ს პირველმა ტალღამ შექმნა დამოუკიდებელი ბირჟები და სესხების გაცემის პროტოკოლები. მომდევნო ტალღა კი ამ ფუნქციონალს მომხმარებლისთვის უხილავს ხდის და უზრუნველყოფს მის ინტეგრაციას აპლიკაციებში.
BNB Chain-ზე ტოკენიზებული აქციების რეალური დროის მონაცემები აჩვენებს, რომ ეს მოდელი ეფექტურად მუშაობს: სავაჭრო მოცულობის უდიდესი ნაწილი სწორედ მარშრუტიზაციის ფენებით იმართება, აღსრულების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სავაჭრო პლატფორმებზე, ხოლო აგრეგატორები ერთმანეთს ეჯიბრებიან საუკეთესო ფასის მოძიებაში. რაც უფრო მეტ აპლიკაციაში მოხდება ჩაშენებული ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია, მით უფრო უფრო სწრაფად გარდაიქმნება DeFi ფონურ რეჟიმში მომუშავე დამხმარე ინსტრუმენტად, როგორც ეს მოხდა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში გადახდების დამუშავების სისტემის შემთხვევაში.