მთავარი დეტალები
კრიპტოს თავისი ენა აქვს. ძირითადი ტერმინებისა და კონცეფციების შესწავლა, როგორიცაა ბლოკჩეინი, სმარტ კონტრაქტები და პირადი გასაღებები, დაგეხმარებათ კრიპტო სივრცეში უფრო უსაფრთხოდ და ნაკლები შეცდომებით ნავიგაციაში.
ყველა ბლოკჩეინის მუშაობა ერთი და იმავე პრინციპზე არ არის დაფუძნებული. კონცეფციების მეშვეობით, როგორიცაა Proof of Work და Proof of Stake, გაზის საკომისიოები, ტოკენომიკა, თქვენ გაიგებთ, თუ რატომ არის განსხვავებული სხვადასხვა ქსელების ფასები, სიჩქარეები და რისკები.
DeFi და სტეიბლკოინები ბაზრის გავრცელებულ ინსტრუმენტებს წარმოადგენს. მათი წყალობით კრიპტო უფრო მეტად სასარგებლო ხდება, თუმცა ისინი დაკავშირებულია კონკრეტულ რისკებთან და წესებთან.
თქვენი უსაფრთხოება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენი პირადი გასაღების და seed ფრაზის დაცვა უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი მეშვეობით შეგიძლიათ აკონტროლოთ წვდომა თქვენს თანხებზე.
შესავალი
კრიპტოვალუტის სამყაროში შესვლა ახალი ენის სწავლას ჰგავს. ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და ახალი ტერმინოლოგიით მდიდრდება. ამ სტატიაში განმარტებულია 10 მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელთა ცოდნა აუცილებელია ბლოკჩეინის და კრიპტო სივრცის ყველა ტიპის მომხმარებლისთვის.
1. ბლოკჩეინი
თავისი არსით, ბლოკჩეინი წარმოადგენს განაწილებულ ციფრულ ლეჯერს, რომელშიც იწერება კომპიუტერების ქსელში განხორციელებული ტრანზაქციები. ტრადიციული, ერთი ორგანიზაციის მიერ მართული საბანკო ლეჯერისგან განსხვავებით, ბლოკჩეინი დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას მრავალი მომხმარებელი აკონტროლებს და არაა დამოკიდებული ცენტრალურ რგოლზე.
მონაცემები ინახება „ბლოკებში“, რომლებიც გაერთიანებულია ქრონოლოგიურ „ჯაჭვში“. ინფორმაციის ბლოკჩეინზე ჩაწერის შემდეგ, მისი შეცვლა უაღრესად რთული ხდება, რაც უზრუნველყოფს სისტემის გამჭვირვალობას და თაღლითობისგან დაცვას.
2. დეცენტრალიზაცია
დეცენტრალიზაცია ნიშნავს კონტროლის და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსლების ცენტრალიზებული რგოლიდან (ფიზიკური პირი, ორგანიზაცია ან ჯგუფი) განაწილებულ ქსელზე გადატანა.
კრიპტოს კონტექსტში, დეცენტრალიზაციის მიზანია ნდობის საჭიროების შემცირება და უსაფრთხოების გაზრდა. მაგალითად, Bitcoin-ზე დაშვებულია peer-to-peer ტრანზაქციები შუამავლების, მაგალითად ბანკების გარეშე. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეცენტრალიზაცია გარკვეულ სპექტრში არსებობს; ერთი ქსელი შეიძლება მეორეზე უფრო დეცენტრალიზებული იყოს.
3. სმარტ კონტრაქტები
სმარტ კონტრაქტები თვითაღსრულებადი კონტრაქტებია, რომელთა პირობები პირდაპირ კოდშია გაწერილი. ყველაზე პოპულარული სმარტ კონტრაქტები გაშვებულია მაღალპროგრამირებად ბლოკჩეინებზე, როგორიცაა Ethereum, BNB Chain და Solana.
სმარტ კონტრაქტები შეგვიძლია სავაჭრო აპარატებს შევადაროთ: თუ თანხის სწორ ოდენობას შეიტანთ და აირჩევთ პროდუქტს (შემავალი მონაცემი), აპარატი ავტომატურად გასცემს მას (გამომავალი მონაცემი) მაღაზიის მფლობელის ჩარევის გარეშე. მსგავსი ავტომატიზაცია იძლევა სხვადასხვა ტიპის დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ები) შექმნის საშუალებას და ბევრ პროცესში შუამავლის საჭიროებას გამორიცხავს.
4. კონსენსუსის მექანიზმები
Proof of Work (PoW) და Proof of Stake (PoS)
ორი ყველაზე ცნობილი კონსენსუსის მექანიზმი, რომლებიც გამოიყენება ბლოკჩეინების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ტრანზაქციების ვერიფიკაციისთვის.
Proof of Work (PoW): გამოიყენება Bitcoin-ის მიერ და საჭიროებს მაინერების მიერ მძლავრი აპარატურის გამოყენებას რთული მათემატიკური ამოცანების ამოსახსნელად. ამ პროცესს დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება, თუმცა ის მაღალი დონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
Proof of Stake (PoS): PoS გამოიყენება Ethereum-ის მიერ (The Merge განახლების გაშვების შემდეგ) და მისი მუშაობა ვალიდატორებზეა დამოკიდებული, რომლებიც ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საკუთარ კრიპტოს განათავსებენ „სტეიკინგზე“ (ბლოკავენ). ჩვეულებრივ, ეს მექანიზმი PoW-ზე ნაკლებ ენერგიას მოითხოვს.
5. დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)
DeFi წარმოადგენს ბლოკჩეინის ქსელებზე გაშვებულ ფინანსური აპლიკაციების ეკოსისტემას. DeFi-ს მიზანია შექმნას ფინანსური სერვისების ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული, გამჭვირვალე ეკოსისტემა ნებართვების საჭიროების გარეშე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და იმუშავებს ცენტრალური რგოლის გარეშე.
DeFi-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა გასესხება, სესხება და სხვებთან პირისპირ ვაჭრობა სმარტ კონტრაქტების გამოყენებით, ტრადიციული შუამავლების და ორგანიზაციების ჩარევის გარეშე.
6. ტოკენომიკა
ტოკენომიკა („token“-ისა და „economics“-ის კომბინაცია) აღნიშნავს კრიპტოვალუტის ეკონომიკურ სტრუქტურას, NFT-ს ან ნებისმიერ სხვა ციფრულ აქტივს. ის დაკავშირებულია ტოკენის მიწოდების და მოთხოვნის მახასიათებლებზე. ტოკენომიკის ძირითადი ასპექტებია:
საერთო მარაგი: ამჟამად არსებული ტოკენების რაოდენობა, რომლებიც მიმოქცევაშია ან დაბლოკილია.
მიმოქცევაში არსებული მარაგი: ტოკენების რაოდენობა, რომლებიც ამჟამად ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
დანიშნულება: რისთვის გამოიყენება ეს ტოკენი (მაგ., საკომისიოების გადახდა, მმართველობის გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემა).
განაწილება: როგორ ნაწილდება ტოკენები გუნდის წევრებს, ინვესტორებს და საზოგადოებას შორის.
ტოკენომიკის გაგება ეხმარება ინვესტორებს შეაფასონ პროექტის მდგრადობა გრძელვადიან პერსპექტივაში.
7. გაზის საკომისიოები
გაზის საკომისიოები არის თანხები, რომელსაც მომხმარებლები იხდიან ბლოკჩეინზე ტრანზაქციების დამუშავებისთვის და ვალიდაციისთვის საჭირო გამომთვლელი სიმძლავრის გამოყენებისთვის. მაგალითად Ethereum-ის ქსელზე გაზის საკომისიოების გადახდა ether-ში (ETH) ხდება და ისინი დენომინირებულია gwei-ში. გაზის ფასები მოთხოვნის მიხედვით მერყეობს; როდესაც ქსელი გადატვირთულია, საკომისიოებიც იზრდება. გაზის საკომისიოების მუშაობის პრინციპის გაგება დაგეხმარებათ ტრანზაქციების დროის უკეთ განსაზღვრაში და ზედმეტი გადასახადების თავიდან აცილებაში.
8. პირადი გასაღებები და საჯარო გასაღებები
ეს გასაღებები კრიპტოგრაფიულ ინსტრუმენტებს წარმოადგენს, რომლებიც გამოიყენება კრიპტოვალუტის გასაგზავნად და მისაღებად.
საჯარო გასაღები: ის შეგვიძლია შევადაროთ თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერს ან ელ. ფოსტის მისამართს. თქვენ მას სხვებს უზიარებთ, რათა მათ შეძლონ თქვენთვის თანხების გადმორიცხვა.
პირადი გასაღები: ეს თქვენი პაროლი ან PIN კოდია. მისი დახმარებით ამტკიცებთ თქვენს საჯარო გასაღებთან დაკავშირებული თანხების ფლობას. არასოდეს არავის გაუზიაროთ თქვენი პირადი გასაღები. თუ ვინმე მოიპოვებს წვდომას პირად გასაღებზე, მას შეეძლება თქვენი აქტივების მითვისება.
9. Seed ფრაზა
Seed ფრაზა (ასევე ეწოდება აღდგენის ან მნემონიკური ფრაზა) არის 12-დან 24-მდე შემთხვევითი სიტყვისგან შემდგარი ფრაზა, რომელიც გეძლევათ კრიპტოვალუტის საფულის შექმნისას. ის ასრულებს მთავარი სარეზერვო გასაღების ფუნქციას მთელი თქვენი საფულისთვის.
მნიშვნელოვანია გესმოდეთ განსხვავება პირად გასაღებსა და seed ფრაზას შორის. პირადი გასაღები გაძლევთ წვდომას ერთ კონკრეტულ მისამართზე (მაგ. Bitcoin-ის ერთ ანგარიში), ხოლო seed ფრაზა მთავარი გასაღებია, რომელსაც შეუძლია მთლიანი საფულის და მისგან შექმნილი ყველა პირადი გასაღების აღდგენა (ამის მაგალითია MetaMask საფულე, რომელიც აკონტროლებს სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებულ რამდენიმე ანგარიშს).
თუ მოწყობილობას დაკარგავთ ან პაროლი დაგავიწყდებათ, seed ფრაზა თქვენს საფულეზე წვდომის აღდგენის ერთადერთი გზაა. თუმცა, თუ ვინმეს თქვენი seed ფრაზა ხელში ჩაუვარდება, ის მოიპოვებს სრულ წვდომას თქვენს საფულესთან დაკავშირებულ ყველა ანგარიშზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის ოფლაინ, დაცულ ადგილას შეინახოთ და არასოდეს გაუზიაროთ სხვებს.
შენიშვნა: ასევე შეგიძლიათ თქვენს კრიპტო საფულეში არსებული კონკრეტული ანგარიშის (მისამართის) აღდგენა სპეციალიზებული პირადი გასაღების მეშვეობით (მაგ., გარე პირადი გასაღების ჩამოტვირთვა თქვენს MetaMask-ის საფულეში).
10. სტეიბლკოინები
სტეიბლკოინები წარმოადგენს კრიპტოვალუტებს, რომლებიც შექმნილია შედარებით სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად, რაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ტრადიციული ვალუტის, მაგალითად აშშ დოლარის ფასზე მიბმით (ფასის 1 აშშ დოლარის დონეზე შენარჩუნებით). ბევრი ადამიანი იყენებს სტეიბლკოინებს თანხების სავაჭრო ბირჟებს შორის გადასატანად, ხანმოკლე ფასების მერყეობის თავიდან ასაცილებლად ან ვალუტის ბლოკჩეინზე შესანახად მათი ციფრული აქტივების უკან ფიატ-ვალუტაში კონვერტაციის გარეშე.
სტეიბლკოინების სტაბილურობის შენარჩუნების რამდენიმე გზა არსებობს:
ფიატ-ვალუტით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები: ჩვეულებრივ, ისინი მხარდაჭერილია რეზერვებით, როგორიცაა ნაღდი ფული და კომპანიის მფლობელობაში არსებული მოკლევადიანი სახელმწიფო სესხი. მომხმარებლების რეზერვების მართვას და მათი გატანის შესაძლებლობას უზრუნველყოფს ამ მონეტების გამომშვები.
კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები: ამ შემთხვევაში მონეტების უზრუნველყოფის სახით გამოიყენება კრიპტოვალუტა და ხშირ შემთხვევაში საჭიროა ჭარბი უზრუნველყოფის არსებობა (გაშვებულ სტეიბლკოინებზე მეტი ოდენობის კრიპტოვალუტის დაბლოკვა). რადგან კრიპტოვალუტა ბლოკჩეინზეა გაშვებული, ამ სახის რეზერვები უფრო გამჭვირვალეა, თუმცა მათ ფასებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს მაღალი მერყეობის პერიოდებმა.
ალგორითმული სტეიბლკოინები: ამ ტიპის სტეიბლკოინების მიბმის შესანარჩუნებლად სხვადასხვა მექანიზმები გამოიყენება (როგორიცაა მარაგის კორექტირებები), ამიტომ ისინი უფრო მერყევია და საბაზრო სტრესმა შეიძლება მათი გაუფასურება გამოიწვიოს.
მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელწოდება დაკავშირებულია „სტაბილურობასთან“ (stable), სტეიბლკოინებიც არაა სრულად რისკებისგან დაზღვეული. მათთვისაც დამახასიათებელია მიბმის გაუქმება (1 აშშ დოლარის ფასისგან გადაცდენა), ლიკვიდურობის პრობლემები ან რეგულაციებთან, საცავების მართვასთან და სმარტ კონტრაქტების სუსტ წერტილებთან დაკავშირებული სირთულეები.
შეჯამება
კრიპტოს უკეთ გასაგებად საჭიროა მასთან დაკავშირებული ძირითადი იდეების გაცნობა. კონცეფციების ცოდნა, როგორიცაა ბლოკჩეინი, დეცენტრალიზაცია, სმარტ კონტრაქტები და კონსენსუსის მექანიზმები, გეხმარებათ ქსელის მუშაობის პრინციპის გაგებაში, ხოლო ტოკენომიკის და გაზის საკომისიოების კონცეფციები გეხმარებათ უკეთ გაიგოთ, თუ როგორ ნაწილდება გადასახადები და მოგება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ამ მხრივ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პირადი გასაღებების და seed ფრაზების მართვა (მათი დაკარგვა ნიშნავს თქვენს თანხებზე წვდომის დაკარგვას).
სტეიბლკოინები და DeFi ასევე დიდ როლს ასრულებს კრიპტოს გამოყენების გზების ფორმირებაში, რაც მოიცავს ვაჭრობას, გადახდებს და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს. თუ გააგრძელებთ საბაზისო კონცეფციების შესწავლას და დაიცავთ უსაფრთხოების ნორმებს, თქვენ შეძლებთ კრიპტოს უფრო ეფექტურად და თავდაჯერებულად გამოყენებას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.