მთავარი დეტალები
ხელოვნური ინტელექტის აგენტები პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამებია, რომლებსაც შეუძლიათ დავალებების დამოუკიდებლად შესრულება (ტრანზაქციების განხორციელების, კრიპტო საფულეებთან ურთიერთქმედების და ვაჭრობის აღსრულების ჩათვლით), რაც განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს საჭიროებს.
ხელოვნური ინტელექტის სისტემებით მანიპულაცია შესაძლებელია ბრძანების შეცვლის თავდასხმების, კრიპტოვალუტის თაღლითობების და შეცდომაში შემყვანი მითითებების მეშვეობით. ყოველივე ეს აიძულებს ხელოვნური ინტელექტის აგენტებს იმოქმედონ მომხმარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შედეგები შესაძლოა იყოს არასწორი, მოძველებული ან შეცდომაში შემყვანი. შესაბამისად, უმჯობესია აღიქვათ ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები არა როგორც საბოლოო რჩევა, არამედ როგორც ბევრი დამხმარე ინფორმაციის მოსაძიებელი წყაროდან ერთ-ერთი.
ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის მინიჭებული ნებართვების (მათ შორის თანხებზე, საფულეებზე და სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომის) შეზღუდვა, რისკების შემცირების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს.
ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენების დაწყებამდე ნებისმიერ სფეროში, მათ შორის კრიპტოში, მნიშვნელოვანია ამ აგენტების შესაძლებლობების გაგება.
შესავალი
ხელოვნური ინტელექტი (AI) თანდათან უფრო ფართოდ გამოიყენება კრიპტო ინდუსტრიაში: სავაჭრო ბოტებიდან და პორტფოლიოს ტრეკერებიდან დაწყებული, on-chain ანალიტიკის ინსტრუმენტებით და საკომუნიკაციო ასისტენტებით დამთავრებული. ხელოვნური ინტელექტის აგენტების განვითარების შედეგად, მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ მოსთხოვონ აგენტებს დამოუკიდებლად შეასრულონ დავალებები უფრო ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში და ადამიანის მინიმალური ჩარევით.
ხელოვნური ინტელექტის აგენტს შეუძლია თვალი ადევნოს ბაზრებს 24/7 რეჟიმში, შეასრულოს დავალებები ბაზრის ცვალებადი მდგომარეობის გათვალისწინებით და აწარმოოს რთული მრავალსაფეხურიანი სამუშაო პროცესები, რომელთა ხელით შესრულებაც არაპრაქტიკულია და ბევრ დროს საჭიროებს.
თუმცა, სწორედ ის ფუნქციები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის აგენტებს უპირატესობას ანიჭებს, დაკავშირებულია ახალ რისკებთან. აგენტმა, რომელიც თქვენს ნაცვლად მოქმედებს, შეიძლება შეცდომები დაუშვას, გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი ან მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება. ეს ყოველივე განსაკუთრებით სარისკოა კრიპტო სივრცეში, რადგან ბლოკჩეინის ტრანზაქციების უმეტესობის გაუქმება შეუძლებელია.
ამ სტატიაში განვიხილავთ კრიპტოში ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს და შემოგთავაზებთ მათი პასუხისმგებლიანად გამოყენების საუკეთესო პრაქტიკებს.
რით გამოირჩევიან ხელოვნური ინტელექტის აგენტები
ტრადიციული პროგრამები მკაცრად გაწერილი წესების მიხედვით მუშაობს. თუ კონკრეტული პირობა დაკმაყოფილებულია, მოქმედება განხორციელდება. ხელოვნური ინტელექტის აგენტები განსხვავებულად მუშაობენ. კერძოდ, მათ შეუძლიათ სიტუაციის შეფასება, მოქმედებების თანმიმდევრულ საფეხურებად დაგეგმვა და ამ შეფასების საფუძველზე მოქმედება იმ შემთხვევებშიც კი, რომლებთან გამკლავებისთვის არ იყვნენ დაპროგრამებული).
კრიპტო სივრცეში ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აგენტი, რომელიც თვალს ადევნებს თქვენს პორტფოლიოს და ახორციელებს ჰოლდინგების რებალანსირებას კონკრეტული ბაზრის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ეს ასევე შესაძლოა იყოს აგენტი, რომელიც ეძებს სარგებლის მიღების შესაძლებლობას დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლებში და ტრანზაქციებსაც შესაბამისობის მიხედვით აღასრულებს. აგენტი არამხოლოდ გამოითხოვს ინფორმაციას, არამედ იღებს გადაწყვეტილებას მოქმედების განსახორციელებლად, რასაც რეალური შედეგები მოჰყვება.
სწორედ ეს ავტონომიურობა წარმოშობს ახალ რისკებს. რაც უფრო მეტის გაკეთების უფლებას მისცემთ ხელოვნური ინტელექტის აგენტს თქვენი ჩარევის გარეშე, მით უფრო მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა დამცავი მექანიზმებია გააქტიურებული, რაზე შეუძლია იქონიოს წვდომა აგენტმა და როგორ მოიქცევა ის იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა.
როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტის აგენტების ექსპლუატაცია
ხელოვნური ინტელექტის აგენტი შესაძლოა არაეფექტური აღმოჩნდეს ან მოხდეს მისი არასწორად გამოყენება აგენტების დიზაინისთვის და კრიპტო გარემოსთვის დამახასიათებელი კონკრეტული გზებით.
ჰალუცინაციები და ფაქტობრივი შეცდომები
ხელოვნური ინტელექტის ენობრივ მოდელებს შეუძლიათ დამაჯერებელი პასუხების გენერირება, რომლებიც ფაქტობრივად არასწორია. კრიპტოს კონტექსტში ეს შესაძლოა გულისხმობდეს კონტრაქტის არასწორი მისამართის მითითებას, ტოკენის მარაგის არასწორ ციტირებას ან პროტოკოლის წესების არასწორად წარმოდგენას. ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედებამ შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.
პირდაპირი და არაპირდაპირი ბრძანების შეცვლა
ბრძანების შეცვლა წარმოადგენს ტექნიკას, რომლის დროსაც მავნე ინსტრუქციების მითითება უბიძგებს ხელოვნური ინტელექტის აგენტებს შეასრულონ არასასურველი საზიანო მოქმედებები. არსებობს ბრძანების შეცვლის ორი ძირითადი ტიპი:
პირდაპირი ბრძანების შეცვლა ხდება მაშინ, როდესაც თავდამსხმელი განზრახ უგზავნის აგენტს მავნე ინსტრუქციებს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ბრძანების შეყვანის ადგილებიდან. მაგალითად, ისეთი ბრძანების ჩაწერა, რომელიც უბრძანებს აგენტს უგულებელყოს უსაფრთხოების წესები.
არაპირდაპირი ბრძანების შეცვლა ხშირ შემთხვევაში უფრო სახიფათო და რთულად ამოსაცნობია. ამასთან საქმე მაშინ გვაქვს, როდესაც მავნე ინსტრუქციები იმ გარე კონტენტშია ჩამატებული (მაგ., ვებსაიტი, დოკუმენტი ან შეტყობინება), რომელსაც აგენტი ამუშავებს ჩვეულებრივი ოპერაციის შესრულებისას. მომხმარებელმა შესაძლოა ვერც კი გაიგოს, რომ აგენტი ამ დამალულ ინსტრუქციებს გადააწყდა.
არაპირდაპირი ბრძანების შეცვლა განსაკუთრებით საყურადღებოა კრიპტოში. მაგალითად, აგენტი რომელიც ვებგვერდს ამოწმებს ბაზრის მონაცემების შეგროვების მიზნით, შესაძლოა წააწყდეს გვერდს ინსტრუქციის დაფარული ტექსტით, რომელიც ავალდებულებს მას თანხების გადაგზავნას თავდამსხმელის მიერ კონტროლირებულ მისამართზე. ეს ხელოვნური ინტელექტის აგენტური სისტემების დოკუმენტირებულ მოწყვლადობას წარმოადგენს და განსაკუთრებით რელევანტურია იმ შემთხვევებში, როდესაც აგენტებს მინიჭებული აქვთ ტრანზაქციების დამოუკიდებლად განხორციელების ნებართვა.
ფიშინგი და სოციალური ინჟინერია
ხელოვნური ინტელექტის აგენტების ექსპლუატაცია შესაძლებელია ფიშინგის შეტევებში. თაღლითებს შეუძლიათ შექმნან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული დამაჯერებელი მესიჯები, გამოვიდნენ სანდო სერვისების მომწოდებლების ნიღბის ქვეშ ან შექმნან თაღლითური ინტერფეისები, რომლებიც ერთი-ერთში ჰგავს სანდო პლატფორმებს.
სოციალური ინჟინერიის ტაქტიკები, რომლებიც თავდაპირველად ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით იყო შექმნილი ასევე ადაპტირდა ხელოვნური ინტელექტის სისტემების ექსპლუატაციის მიზნით. მაგალითად, თავდამსხმელებს შეუძლიათ შექმნან ისეთი ბრძანებები, რომლებიც აგენტს აიძულებს გაამხილოს სენსიტიური ინფორმაცია ან გვერდი აუაროს უსაფრთხოების შემოწმებებს.
მონაცემების გაჟონვა
შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის აგენტებისგან, რომლებიც ამუშავებენ სენსიტიურ მონაცემებს (როგორიცაა საფულის მისამართები, API გასაღებები ან ტრანზაქციების ისტორია), მოტყუებით ამ ინფორმაციის თავდამსხმელის მიერ მართულ სერვერზე გაგზავნის ინიცირება. ამის გაკეთება ბრძანების შეცვლის, გატეხილი ინსტრუმენტების ან მავნე ინტეგრაციების მეშვეობითაა შესაძლებელი, რომლებიც მონაცემებს ჩუმად გადაამისამართებს.
მონაცემების გაჟონვა ფიშინგისგან განსხვავდება. ეს პროცესი შეიძლება ჩუმად განხორციელდეს სხვა პროცესების პარალელურად ისე, რომ მომხმარებელი საეჭვოს ვერაფერს შენიშნავს.
მალვეარი და გატეხილი ინსტრუმენტები
ასევე შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის აგენტების ინსტრუმენტების (პლაგინების, ინტეგრაციების და API-ების) გატეხვა. არაოფიციალური ან არავერიფიცირებული ხელოვნური ინტელექტის პლაგინების ინსტალაციით შესაძლოა უზრუნველყოთ თქვენს საფულეზე წვდომისთვის საჭირო მონაცემების ექსპოზიცია მალვეართან.
ხელოვნური ინტელექტის აგენტები ხშირად დამოუკიდებლად ირჩევენ, თუ რომელი ინსტრუმენტები გამოიყენონ აღწერილობიდან და მეტამონაცემებიდან გამომდინარე. თავდამსხმელებმა შეიძლება დამალონ მავნე ინსტრუქციები ინსტრუმენტის აღწერილობაში, ხოლო აგენტის მიერ ამ აღწერილობის წაკითხვის შემდეგ, მან შესაძლოა მოულოდნელი ქმედებების შესრულება დაიწყოს. ამ მოვლენას ასევე ხანდახან ინსტრუმენტის მოწამვლას უწოდებენ. ინსტრუმენტის კოდი შეიძლება ჩვეულებრივად მუშაობდეს, მაგრამ მისი აღწერილობა მოტყუებით აიძულებდეს აგენტს საზიანო ქმედების განხორციელებას.
რისკის დონე იგივეა, რაც არავერიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვისას, თუმცა შესაძლოა უფრო რთულად შესამჩნევი იყოს, რადგან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ერთი შეხედვით ნორმალურად გამოიყურება და მუშაობს მაშინაც კი, თუ მავნე კოდი აქვთ.
სმარტ კონტრაქტის აღსრულების რისკი
როდესაც ხელოვნური ინტელექტის აგენტი ურთიერთქმედებს სმარტ კონტრაქტებთან, მან შესაძლოა ტრანზაქცია ავტომატურად აღასრულოს, დამოუკიდებელი მსჯელობის საფუძველზე. ხელოვნური ინტელექტის ლოგიკაში არსებული ბაგების გამო, ხდება სმარტ კონტრაქტების პირობების არასწორად წაკითხვა. ან მოულოდნელმა on-chain მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დაუგეგმავი ტრანზაქციების განხორციელება აგენტების მიერ. ტრადიციული ფინანსური სისტემებისგან განსხვავებით, ბლოკჩეინის ტრანზაქციების უმეტესობა საბოლოო და შეუქცევადია.
Rug pull-ები და თაღლითური პროტოკოლები
ხელოვნური ინტელექტის აგენტი, რომელსაც ევალება სარგებლის ან ინვესტირების შესაძლებლობის მოძიება, შეიძლება წააწყდეს მავნე პროტოკოლებს. rug pull თავს იჩენს მაშინ, როდესაც პროექტის შემქმნელებს გააქვთ მთლიანი ლიკვიდურობა ან თანხები და სხვა მონაწილეებს უსარგებლო ტოკენების ამარა ტოვებენ.
ხელოვნური ინტელექტის აგენტები დიდად არ სჯობიან ადამიანებს თაღლითური პროექტების გამოაშკარავებაში. ასევე მათ ბევრად სწრაფად შეუძლიათ რეაგირება, რაც ამცირებს ადამიანის მიერ შესამოწმებელ დროს თანხების გადაგზავნამდე.
ზედმეტი უფლებების მინიჭება
ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკულ რისკს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის აგენტისთვის იმაზე მეტი უფლებების მინიჭება, ვიდრე საჭიროა. თუ აგენტს აქვს შეუზღუდავი წვდომა საფულეზე, API ნებართვები ან თუ შეუძლია ტრანზაქციების ავტომატურად დადასტურება თქვენი ჩარევის გარეშე, მცირედი შეცდომაც კი დიდ ზიანს მოგაყენებთ. ნებართვების შეზღუდვა „მხოლოდ წაკითხვის“ ფუნქციის ან სხვა კონკრეტული მოქმედების მითითებით გეხმარებათ შეამციროთ უსაფრთხოების რისკები.
მეხსიერების მოწამვლა
ზოგი ხელოვნური ინტელექტის აგენტი ინახავს სეანსების ისტორიას დროთა განმავლობაში წარმადობის გასაუმჯობესებლად. თუმცა ეს მეხსიერება შეიძლება გახდეს თავდამსხმელების სამიზნე.
თუ მოხდა მავნე მონაცემების ინტეგრირება აგენტის მეხსიერებაში ერთი სეანსის დროს (მაგალითად, ბრძანების შეცვლის მეშვეობით), ამან შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევა მომავალი სეანსებისას იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდაპირველი საფრთხე აღარ არსებობს. სწორედ ამიტომ მეხსიერების „მოწამვლა“ მუდმივ რისკს წარმოადგენს.
ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოდ გამოყენების საუკეთესო პრაქტიკები
ქვემოთ მოცემული პრაქტიკები მნიშვნელოვნად ამცირებს ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს კრიპტოში.
გაარკვიეთ, თუ რაზე შეიძლება ჰქონდეს წვდომა აგენტს
ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის აგენტის გამოყენებამდე, შეამოწმეთ რა ნებართვები აქვს მას. შეუძლია თუ არა თქვენი საფულის ბალანსის წაკითხვა და ტრანზაქციების დადასტურება? აქვს თუ არა წვდომა API გასაღებებზე? რაც უფრო კარგად გეცოდინებათ რისი გაკეთების უფლება აქვს აგენტს, მით უფრო უკეთ შეძლებთ მართოთ მისი წვდომა და შეზღუდოთ ნებართვები მხოლოდ თქვენთვის საჭირო პარამეტრებამდე.
გამოიყენეთ მინიმალური პრივილეგიების პრინციპი
მიეცით ხელოვნური ინტელექტის აგენტებს მინიმალური ნებართვები, რომელიც აგენტს მხოლოდ კონკრეტული დავალების შესასრულებლად ესაჭიროება. მაგალითად, თუ აგენტს ავალებთ მხოლოდ ბაზრის მონაცემების წაკითხვას, არ მისცეთ მას ტრანზაქციებზე ხელის მოწერის ნებართვა. ეს ამცირებს ზიანს აგენტის მიერ შეცდომის დაშვების ან მისით მანიპულირების შემთხვევაში.
არასდროს გააზიაროთ თქვენი პირადი გასაღები ან seed ფრაზა
არც ერთი ლეგიტიმური ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, აგენტი თუ სერვისი არ მოგთხოვთ თქვენს პირად გასაღებს ან Seed ფრაზას. მათი ცოდნა ნიშნავს თქვენი მთლიანი აქტივების მართვას. შესაბამისად, ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის აგენტი ან სერვისი, რომელიც გთხოვთ მათ გაზიარებას საეჭვოდ უნდა ჩათვალოთ. შეინახეთ ზემოხსენებული მონაცემები ოფლაინ და არასოდეს შეიყვანოთ ისინი მესამე მხარის ინსტრუმენტში.
გადაამოწმეთ შედეგები სანამ მათ მიხედვით იმოქმედებთ
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული რეკომენდაციები (მათ შორის კონტრაქტის მისამართები, პროტოკოლის სახელები, ტოკენის დეტალები და ბაზრის მონაცემები) უნდა გადაამოწმოთ დამოუკიდებლად, სანამ მათზე დაყრდნობით იმოქმედებთ. შეადარეთ შედეგები ოფიციალურ წყაროების, ბლოკ-ექპლორერების და თავად პროტოკოლის დოკუმენტაციის ინფორმაციას. არ შეხედოთ ხელოვნურ ინტელექტს, როგორც თქვენი პირადი მოკვლევის ალტერნატივას.
გამოიყენეთ სპეციალური საფულეები ხელოვნური ინტელექტის აგენტებთან ურთიერთქმედებისთვის
განიხილეთ ცალკე საფულის შექმნა ლიმიტირებული თანხებით, რომელსაც მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის აგენტებთან ურთიერთქმედებისას გამოიყენებთ. თუ აგენტი შეცდომას დაუშვებს ან მას გატეხავენ, თქვენი პოტენციური ზარალი ლიმიტირებული იქნება. შეინახეთ თქვენი ჰოლდინგების დიდი ნაწილი ცივ საფულეში, რომელიც არ არის დაკავშირებული არც ერთ ავტომატიზებულ სისტემასთან.
რეგულარულად შეამოწმეთ და გააუქმეთ თანხმობები
დროდადრო შეამოწმეთ სმარტ კონტრაქტების თანხმობები და თქვენს საფულეებთან დაკავშირებული აპლიკაციები. ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა შეიძლება მოგთხოვონ თანხმობების დაფიქსირება ჩვეულებრივი ოპერაციების შესრულების დროს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მონიშნული რჩება საჭიროებისდა მიუხედავად. არასაჭირო თანხმობების გაუქმება ამცირებს მოძველებული ან არასანქცირებული წვდომის ექსპლუატაციის რისკებს. საფულეების და ბლოკ-ექსპლორერების უმეტესობა გთავაზობთ ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ და მართოთ მიმდინარე თანხმობები.
მუდმივად განაახლეთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სისუსტეები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებში მუდმივად ვლინდება. სწორედ ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ მხოლოდ კარგი წარმადობის მქონე ინსტრუმენტები ცნობილი წყაროებიდან და მუდმივად განაახლოთ ისინი. იყავით ყურადღებით მესამე მხარის პლაგინებთან და ინტეგრაციებთან მიმართებით, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვისაც აქვს წვდომა ბლოკჩეინის ფუნქციებზე.
თვალი ადევნეთ აგენტის აქტივობას
თუ ხელოვნური ინტელექტის აგენტი მოქმედებებს ასრულებს თქვენს ნაცვლად, რეგულარულ რეჟიმში აკონტროლეთ მისი აქტივობა. ეძებეთ მოულოდნელი ტრანზაქციები, უჩვეულო ნებართვების მოთხოვნა ან შედეგები, რომლებიც არ შეესაბამება მიზანს. ანომალიური ქცევის ნაადრევ ეტაპზე შემჩნევამ შესაძლოა მომავალში უფრო დიდი ზარალი აგარიდოთ თავიდან.
განიხილეთ sandbox ან იზოლირებული გარემოები
თუ საკმარისი ტექნიკური უნარები გაქვთ, სცადეთ ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენება sandbox-ში ან იზოლირებულ გარემოში. ეს ნიშნავს, რომ აგენტს შეზღუდული წვდომა აქვს თქვენს სისტემაზე, ფაილებზე და ქსელზე. ამ შემთხვევაში, მაშინაც კი თუ აგენტი მანიპულაციის მსხვერპლი გახდება sandbox-ის გარემო ხელს უწყობს ზემოქმედების შეზღუდვას.
იყავით ყურადღებით აგენტებთან, რომლებიც მეხსიერების შენახვის ფუნქციას იყენებენ
თუ თქვენი ხელოვნური ინტელექტის აგენტი ინახავს სეანსების ისტორიას, გახსოვდეთ, რომ ეს მეხსიერება შესაძლოა მანიპულატორების სამიზნე გახდეს. გადახედეთ და დროდადრო გაასუფთავეთ აგენტის მეხსიერება, განსაკუთრებით მაშინ, თუ უჩვეულო ქცევას შენიშნავთ. აგენტები, რომლებიც მეხსიერების ნახვის და მართვის უფლებას გაძლევენ, უკეთეს გამჭვირვალობას და კონტროლს გვთავაზობენ.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ადამიანურ განსჯას მიანდეთ
ხელოვნური ინტელექტის აგენტები ყველაზე ეფექტურად მაშინ მუშაობს, როდესაც ხდება მათი გამოყენება ადამიანური გადაწყვეტილების მიღების დამხმარე ინსტრუმენტად და არა ჩამნაცვლებლად. მაღალი რისკების შემცველი ან შეუბრუნებელი ქმედებების (როგორებიცაა დიდი ზომის ტრანზაქციები, სმარტ კონტრაქტების ნებართვების ავტორიზება ან უცნობ პროტოკოლთან ურთიერთქმედება) განხორციელება უნდა საჭიროებდეს ადამიანის მიერ დადასტურებას. ეს ერთგვარი „შეჩერება“ საჭირო მომენტში, დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს.
ხშირად დასმული კითხვები
უსაფრთხოა თუ არა ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენება კრიპტოსთან ერთად?
ხელოვნური ინტელექტის აგენტების უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ეს საჭიროებს ფრთხილ კონფიგურაციასა და გამუდმებულ მონიტორინგს. ძირითადი ფაქტორებია: აგენტისთვის მინიჭებული ნებართვები, ძირითადი ინსტრუმენტის უსაფრთხოება და ის, თუ როგორ იყენებთ მის მიერ გენერირებულ შედეგებს.
„მხოლოდ წაკითხვის“ რეჟიმის წვდომის მქონე აგენტი გაცილებით ნაკლებ რისკს ქმნის, ვიდრე ის, რომელსაც უფლება აქვს ავტონომიურად მოაწეროს ხელი ტრანზაქციებს. როგორც სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტის შემთხვევაში კრიპტოში, რისკის დონე დიდწილად დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ ინსტრუმენტის კონფიგურაციაზე და მონიტორინგზე.
რას წარმოადგენს ბრძანების შეცვლა და რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
ბრძანების შეცვლა ერთ-ერთი შეტევის ტექნიკაა, რა დროსაც მავნე ინსტრუქციები დამალულია იმ მონაცემებში, რომელსაც აგენტი კითხულობს და ამუშავებს. მაგალითად გატეხილი ვებგვერდი ან დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს დამალულ ტექსტს, რომელიც ავალებს აგენტს გაგზავნოს თანხები კონკრეტულ მისამართზე.
ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის აგენტები მათ მიერ დამუშავებული კონტენტის შესაბამისად მოქმედებენ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ქმედებების შესრულება. ამ მოწყვლადობის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვანია იმ აგენტების გამოყენებისას, რომლებიც ათვალიერებენ ვებსაიტებს, კითხულობენ მომხმარებლის მიერ მიწოდებულ კონტენტს ან ურთიერთქმედებენ გარე API-ებთან.
შეიძლება თუ არა ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენება კრიპტოვალუტის თაღლითობების განსახორციელებლად?
დიახ. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის, deepfake-ების და საკომუნიკაციოდ შექმნილი აგენტების გამოყენება შესაძლებელია DeFi თაღლითობებისთვის და კრიპტოვალუტის სივრცეში არსებული სხვა მსგავსი სქემებისთვის დამაჯერებლობის შეძენის მიზნით.
ის კრიტიკული აზროვნება და ვერიფიკაციის გატარების ჩვევები, რომლებიც სხვა ონლაინ ურთიერთქმედებებისთვის გამოგდგომიათ ასევე რელევანტურია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის ან რეკომენდაციების შემოწმებისას.
როგორ გავიგო, სანდოა თუ არა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი?
ეძებეთ ინსტრუმენტები, რომლებიც ღია კოდისაა ან აუდიტირებულია სანდო მესამე მხარეების მიერ. შეამოწმეთ დეველოპერების ცნობადობა და პასუხისმგებლიანობა. გადახედეთ რა მონაცემებს აგროვებს ინსტრუმენტი და როგორ გამოიყენება ეს მონაცემები.
უფრთხილდით ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც გთხოვენ ნებართვების დიდ სპექტრს, არ მიმდინარეობს მათი აქტიური განახლება ან თუ მათი მუშაობის შესახებ მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. თუ ინსტრუმენტს არ მოჰყვება მკაფიო ახსნა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს და რა ლიმიტები გააჩნია, მას დამატებითი სათანადო შესწავლა სჭირდება.
რა უნდა გავაკეთო, თუ ვთვლი რომ ხელოვნური ინტელექტის აგენტმა არაავტორიზებული ტრანზაქცია განახორციელა?
იმოქმედეთ სწრაფად. დაუყოვნებლივ გააუქმეთ აგენტის წვდომა თქვენს საფულეზე. ეს, როგორც წესი, შესაძლებელია თქვენი საფულის „დაკავშირებული აპლიკაციების“ პარამეტრებიდან ან სმარტ კონტრაქტის დამტკიცებების გაუქმებით, ამ მიზნისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტის გამოყენებით.
შეაფასეთ ზიანი და მოახდინეთ მომხდარის დოკუმენტირება. თუ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის მომწოდებელ პლატფორმას ჰყავს მხარდაჭერის გუნდი ან აქვს bug bounty პროგრამა, გაგზავნეთ შეატყობინება ინციდენტის შესახებ. მნიშვნელოვანი ზარალის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს იურისდიქციაში არსებულ ხელმისაწვდომ სამართლებრივ ან მარეგულირებელ მრჩეველს.
შეჯამება
ხელოვნური ინტელექტის აგენტები წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას ადამიანების ურთიერთქმედებაში კრიპტო ბაზრებთან და ბლოკჩეინის სისტემებთან. მათი ავტონომიურობის, დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავების და რეალურ დროში დავალებების შესრულების უნარის წყალობით, ეს აგენტები სასარგებლო ინსტრუმენტებია აპლიკაციების დიდი სპექტრისთვის.
მიუხედავად ამისა, ავტონომიის მინიჭება ზედამხედველობის გარეშე დიდ რისკებთანაა დაკავშირებული ნებისმიერ კონტექსტში. კრიპტო სივრცეში, სადაც ტრანზაქციები უმეტესწილად შეუქცევადი, ხოლო საფრთხე მაღალი დონისაა ნებისმიერი რისკი სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. მიზანი ის კი არაა სრულიად ვუგულებელყოთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, არამედ გამოვიყენოთ ისინი ისე, რომ კარგად გვესმოდეს მათი შესაძლებლობები, ვიცოდეთ თუ რაზე აქვთ წვდომა და რა შეცდომები შეიძლება დაუშვან.
მარტივი უსაფრთხოების პრინციპების გამოყენება (მინიმალური პრივილეგიები, დამოუკიდებელი ვერიფიკაცია, ადამიანის მიერ გადამოწმება მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებამდე და პირად ანგარიშზე შესასვლელი მონაცემების დაცული ფლობა) ხელს გვიწყობს აღვიქვათ ხელოვნური ინტელექტი როგორც გამოსადეგი ხელსაწყო, და არა როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.